in

მინიმალისტური ბინა ჯავახიშვილის ქუჩაზე — ქეთა დონაძის ნამუშევარი

დღეს ქეთა დონაძის მორიგ პროექტს გაგაცნობთ, რომელიც ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 62 მ2-ია. საპროექტო დავალება გულისხმობდა დღიურ გაქირავებაზე მორგებული სივრცის შექმნას, რომელიც სრულად დააკმაყოფილებდა მაცხოვრებლის მოთხოვნებს და სტუმრებს კომფორტულ გარემოს შესთავაზებდა.

ქეთა დონაძის სხვა ნამუშევრების მსგავსად, ინტერიერში მთავარი აქცენტი ბუნებრივ მასალებზე და ღია ფერებზე კეთდება. დომინანტურ როლს ასრულებს ხის მასალა, რომელიც იატაკზე, ავეჯსა და კარებზე გვხვდება. ასევე დიზაინერის ხელწერისთვის დამახასიათებელია მაღალი თაღოვანი ოთახშორისი გასასვლელები და  მოცულობითი, მიმზიდველი დეკორატიული განათება, რომელიც ოთახს უფრო ეფექტურს ხდის.

მისაღების კედლები თეთრ და ნაცრისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი და მათ ხის ფაქტურა სითბოსა და სიმყუდროვეს ანიჭებს. მოსასვენებელ ზონაში შავი ხის ჟურნალის მაგიდის ირგვლივ თეთრი კომფორტული ტახტი, სავარძლები და ტელევიზორი დგას. ოთახი მინიმალისტური დიზაინისაა, რაც სივრცეს სისადავეს სძენს. აღსანიშნავია კედლებში დამონტაჟებული ღია თაროები, რომლებზეც წიგნები და სხვადასხვა აქსესუარია განთავსებული. მათ ხაზგასასმელად კი დეკორატიული განათებაა გამოყენებული. ტახტის უკანაც მოწყობილია პატარა სათავსო, რომელიც  ფუნქციურ დანიშნულებასთან ერთად, დეკორატიული ელემენტის როლსაც ასრულებს და ბინას ალამაზებს.

ღია თაღოვანი გასასვლელით სამზარეულოში გავდივართ, რომელსაც საკმაოდ მცირე ადგილი უჭირავს სახლში. მიუხედავად პატარა ფართისა, სწორად დაგეგმარებული სამზარეულო მოსახერხებელ და ერგონომიულ სივრცეს ქმნის, რომელშიც სასადილო ზონაც გამოიყოფა. სამზარეულოს ავეჯი ნაცრისფერი ტონალობისაა, რომელსაც კონტრასტის სახით, იდეალურად ეხამება ოქროსფერი სამზარეულოს წინსაფარი. კარადები და ღია თარო კი ხის მასალაშია შესრულებული.  მინიმალისტურად გაფორმებულ ინტერიერში იატაკზე ტერაცოს ფილებს ერთგვარი სიხალისე და სიფერადე შემოაქვს, რაც უფრო მრავალფეროვანს ხდის გარემოს.

ბინის გამორჩეული ზონაა საძინებელი, რომელსაც მთავარ ხიბლს ხის ფაქტურით მოპირკეთებული დიდი ვიტრაჟები და დარაბები ანიჭებს. ოთახს მიმზიდველობას მატებს თეთრსა და ღია ჭაობისფერ ტონალობაში გადაწყვეტილი კედლებიც, რომლებიც ხის პარკეტს ჰარმონიულად ერწყმის. აღსანიშნავია ისიც, რომ რადიატორები ხის მასალით არის დაფარული, რაც სივრცეს ერთიან განწყობას უნარჩუნებს.

საძინებელს სიმსუბუქეს სძენს მასიური დაბალი საწოლი, რომელიც ფაქტურისა და ფერის დამსახურებით, კედელს ორგანულად ეხამება. საწოლის მოპირდაპირე მხარეს კი მცირე სამუშაო ზონაა მოწყობილი მიმზიდველი ოვალური მაგიდითა და თეთრი სკამით, რომლებსაც მაგიდის სანათი ამშვენებს.

ოთახებში მცირე რაოდენობით გვხვდება ბუნებრივი გამწვანებაც, რაც სივრცეს აცოცხლებს და ინტერიერს ფერებს მატებს. ნათელი და ამავდროულად მყუდრო გარემოს მისაღებად კი ყველა ზონაში რამდენიმე სანათია გამოყენებული.

ქეთა დონაძის პროექტის გამორჩეულობას დიდი რაოდენობით ხის მასალის გამოყენება და სადა, მინიმალისტური სტილი განსაზღვრავს. სწორი გეგმარებითა და ფუნქციური გადანაწილებით ფართი სრულად არის ათვისებული და მაცხოვრებლებისთვის კომფორტულ, სასიამოვნო და მოსახერხებელ გარემოს ქმნის, რომელშიც ყველა პირობაა იმისათვის, რომ მობინადრემ თავი კარგად იგრძნოს.

პროექტის ავტორი: ქეთა დონაძე

ინტერიერის დიზაინის სტუდია: ELEMENT STUDIO

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: გიორგი ებანოიძე

კონდიციონერის 5 მნიშვნელოვანი აქსესუარი, რომლებიც მის კომფორტულ გამოყენებას უზრუნველყოფს

სკანდინავიური ბინა წითელი საძინებლით