in

პრაქტიკული რჩევები აბაზანის ინტერიერის გასაახლებლად — სტუდია „Allora Design“-ის გზამკვლევი

თანამედროვე დიზაინში სახლის სხვა ფუნქციურ ზონებთან ერთად, დიდი ყურადღება ექცევა აბაზანის მოწყობას და მიმზიდველი, კომფორტული გარემოს უზრუნველყოფას. ამის მისაღწევად კი აუცილებელია პროფესიონალთა ჩართულობა და მათი რჩევების გათვალისწინება. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში ინტერიერის დიზაინის სტუდია „Allora Design“-ის დამფუძნებლები — კესა კვარაცხელია და სანდრო სანდროშვილი გვიამბობენ აბაზანის სწორი დიზაინის შექმნის შესახებ. დარგის პროფესიონალების ეს რჩევები დააკმაყოფილებს არა მხოლოდ თქვენს ყოველდღიურ მოთხოვნილებებს, არამედ თქვენს საცხოვრებელს უნიკალურ ელემენტებს შესძენს.

მცირე ფართის მაქსიმიზაცია და სივრცის ათვისება

დიზაინერები გვირჩევენ, თავდაპირველად სწორად შევაფასოთ ფართობი და სივრცეები პრიორიტეტების მიხედვით გადავანაწილოთ. უპირატესობა კი მივანიჭოთ ნიჟარის, საშხაპის ან აბაზანის განლაგებას და მათ საფუძველზე მოვაწყოთ დანარჩენი ზონები.

ასევე, ჩვენი რესპონდენტების თქმით, უმჯობესია, კომპაქტური ფურნიტურის შერჩევა, რაც სივრცის დაზოგვას უზრუნველყოფს, მაგალითად, კედელში ჩასამონტაჟებელი უნიტაზები და ნიჟარები, რომლებიც ოთახში ღია სივრცის შეგრძნებას იწვევს.

„მოაწყვეთ საშხაპე უჩარჩო მინის გარსით, რათა ვიზუალურად გააფართოოთ სივრცე და შექმნათ უწყვეტი იერსახე.  განიხილეთ დასადგამი აბაზანის კომბინაციაც და გამოიყენეთ მოცულობითი სარკეები, რათა სინათლის ასახვას შეუწყოთ ხელი და მეტი სივრცის ილუზია შექმნათ,“ — აღნიშნავენ კესა კვარაცხელია და სანდრო სანდროშვილი.

დიზაინერები ყურადღებას ამახვილებენ ფერისა და ტექსტურის სწორად შერჩევაზეც და მიიჩნევენ, რომ პატარა სივრცეში ღია ფერების გამოყენება არ არის აუცილებელი და ეს მიდგომა ერთგვარი მითია. მათი თქმით, მთავარია,  ერთმანეთს ოსტატურად შევუხამოთ სხვადასხვა ფერი თუ ტექსტურა. სწორი განლაგების დახმარებით კი სივრცის გარდაქმნა და პატარა ოთახის ვიზუალურად გაზრდა შესაძლებელი იქნება. ამ შემთხვევაში პროფესიონალები გვირჩევენ, უპირატესობა მივანიჭოთ პრიალა ფილებს და ამრეკლავ ზედაპირებს, რათა ინტერიერი მეტად ეფექტური გავხადოთ.

მყუდრო დასასვენებელი გარემოს მოწყობა

ჩვენი რესპონდენტების აზრით, მნიშვნელოვანია სააბაზანოში მოსასვენებელი გარემოს მოწყობა, რაც დამამშვიდებელი ფერებით, ბუნებრივი მასალებით და პერსონალური შტრიხების შეტანით მიიღწევა. ასევე, დიზაინერები გვირჩევენ, რომ სააბაზანო ოთახში ორი ტიპის განათება გამოვიყენოთ. ერთი ძირითადი, სამუშაო ზონების გასანათებლად, მეორე კი აქცენტირებული, გარკვეული დეტალების ხაზგასასმელად. ასევე, განათების მოწყობისას მნიშვნელოვანია ენერგოეფექტური მოწყობილობებისა და ნათურების გამოყენება, რომელიც სივრცის ფუნქციონალურობასაც ზრდის და ბევრად მდგრადი, ჯანსაღი გარემოს განვითარებას უწყობს ხელს.

„ჰარმონიული გარემოს შექმნისთვის, შეგვიძლია ჩავრთოთ ბიოფილური დიზაინის პრინციპები, რისთვისაც საჭიროა ბუნებრივი ელემენტების ინტეგრირება, შიდა მცენარეებისა და ორგანული ტექსტურებს გამოყენება, რათა განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნათ ოთახში“, — „Allora Design“.

მაღალტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენება 

თანამედროვე ინტერიერის მისაღებად დიზაინერები გვირჩევენ, უახლესი, ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენებას, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას გაამარტივებს და მოსახერხებელ გარემოს შეგვიქმნის.

„მოიძიეთ უახლესი ჭკვიანი აბაზანის ტექნოლოგიები, როგორებიცაა სენსორული ონკანები,  ტემპერატურის კონტროლირებადი საშხაპეები და ჭკვიანი სარკეები, რათა მაქსიმალურად გაიმარტივოთ ცხოვრება და თანამედროვე ტენდენციები თქვენს ინტერიერშიც დანერგოთ”. 

პროფესიონალთა ჩართულობა 

სასურველი შედეგის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია პროფესიონალის ჩართულობაც, რომელიც სარემონტო პროცესის წარმატებით დასრულებაში გვეხმარება. დიზაინერების გარეშე ხშირია შეცდომები, რომელთა გამოსწორება ზოგჯერ ორმაგი ჯდება და მაცხოვრებლის დროსა და ფინანსებზე უარყოფითად აისახება.

თუ გსურთ  ყველა ზემოთჩამოთვლილი თეორიული რჩევა პრაქტიკაში განახორციელოთ, გირჩევთ, მიმართოთ პროფესიონალთა ჯგუფს, რათა თითოეული პროცესი სწორად წარიმართოს და დიზაინთან და რემონტთან დაკავშირებული შეცდომები თავიდან აირიდოთ“, — აღნიშნავს „Allora Design“-ის გუნდი.

ავტორი: მეკო მეტრეველი

იატაკის ელექტრო გათბობა — მახასიათებლები, მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე

Atmosphera – ბრენდი, რომელიც ტრენდულ და ხელმისაწვდომ ნივთებს ქმნის შენი სახლისთვის