in

კერძო სახლი თხინვალაში — მარიამ სიჭინავას განახლებული საცხოვრებელი

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ფოტოგრაფ მარიამ სიჭინავას სახლის განახლებულ დიზაინს, რომელიც  თხინვალაში მდებარეობს და ჩვენი ერთგული მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობი პროექტია. მარიამი დიდი ხანია, რაც გატაცებულია ინტერიერის დიზაინით და ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საცხოვრებელი გარემოს იერსახეს. შესაბამისად, სახლის თავდაპირველ დიზაინშიც აქტიურად იყო ჩართული და მის  რედიზაინზეც თავად იმუშავა. შედეგად კი სახლს ახალი სიცოცხლე და სიხალისე შემატა. კერძოდ, განახლდა მისაღები ოთახი, დაემატა მცირე ზომის ფოტო სტუდია, უკანა ვერანდა მოაპირკეთა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეზოს, სადაც ხილ-ბოსტნის ბაღი გაშენდა და ეს ზონა გამორჩეულ ადგილად იქცა. დღევანდელ სტატიაში მარიამი განახლებული დიზაინისა და ახალი ელემენტების შესახებ თავად გვიამბობს.

მარიამ, პირველ რიგში, გვიამბეთ, რატომ გადაწყვიტეთ დიზაინის განახლება და რა დეტალები შემატეთ სახლს?

ამ სახლში ნაჩქარევად გადმოვედით, ამიტომ ბოლომდე დასრულებული არ გვქონდა რემონტი. დასამთავრებელი იყო კონკრეტული დეტალები. როდესაც სახლში იწყებ ცხოვრებას, დროთა განმავლობაში უკეთ ხვდები, რა გჭირდება და რისი შეცვლა ან დამატებაა აუცილებელი. შესაბამისად, ჩვენმა სახლმაც გარკვეული ცვლილებები განიცადა, რათა ბევრად საინტერესო დიზაინი და  კომფორტული გარემო მიგვეღო. ამ პროცესში სახე იცვალა მისაღებმა ოთახმა და ის ბევრად უფრო მყუდრო, სახასიათო და ფუნქციური გახდა.

მისაღები ზონა განახლებამდე
მისაღები ზონა განახლების შემდეგ

აგურით მოვაპირკეთეთ სახლის ფასადიც, რის შედეგადაც ექსტერიერმა ბევრად საინტერესო იერი შეიძინა.

ამავდროულად გადავხურეთ ვერანდა და თავშეყრისთვის მნიშვნელოვანი სივრცე შევქმენით.

გამორჩეული ყურადღება დავუთმე ბაღსაც, რომელიც ჩემი ახალ გატაცებაა. არასდროს მეგონა, ოდესმე რამეს თუ მოვიყვანდი, მაგრამ დღეს ჩვენთან არაერთი ხილისა და ბოსტნეულის სახეობას შეხვდებით. ასევე ბაღს ხშირად სტუმრობენ ჩიტები და პეპლები, რაც საოცარ ატმოსფეროს ქმნის და მეტად გვაახლოებს ბუნებასთან.

როგორც ახსენეთ, ინტერიერში მისაღებისა და საგარდერობო ოთახის დიზაინი შეცვალეთ,  ვისაუბროთ ამ ზონებზე უფრო ვრცლად, რა სიახლე შეიტანეთ სივრცეებში?

მისაღებში, მოსასვენებელ ზონაში ღია კრემისფერი ტილოს ტახტი და სავარძლები დავამატეთ, რამაც დიდად შეცვალა ოთახის განწყობა და ბევრად უფრო კომფორტული, მიმზიდველი და მყუდრო გახადა სივრცე. ტახტის შემოტანამ ხელი შეუწყო მისაღებისა და სამზარეულოს უკეთ ზონირებას და სივრცე ფუნქციურ ნაწილებად დაყო. ასევე, ოთახში, ბუხრის გვერდზე დავამატეთ დესაუ, რომელიც ატმისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი და ჰარმონიულად ეხამება კედლის ფერს, ხოლო ჭილოფის დეტალები ინტერიერს თბილ და სასიამოვნო იერს სძენს.

მისაღებშივე მოვაწყვე პატარა ფოტო სტუდია. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე,  პატარა სამუშაო სივრცე სახლშიც მჭირდებოდა. ეს კუთხე შესაბამისი აპარატურითა და განათებით არის აღჭურვილი, რომელიც სახლში ხალხმრავლობის შემთხვევაში მარტივად გადასაადგილებელია და სტუმრებს ხელს არ უშლის. ვფიქრობ, გარდა ფუნქციური დატვირთვისა, მას სახლში დამატებითი დეკორატიული დანიშნულებაც აქვს და ინდივიდუალურ შტრიხებს ანიჭებს სივრცეს.

ინტერიერის თვალსაზრისით, საინტერესოა ჩემი საძინებლის გარდერობიც, რომელიც მცირე ფართობის მიუხედავად, სრულად ათვისებულია. ინტერიერში გამოყენებულია მუქი მწვანე ფერის MDF-ის ჩაშენებული კარადები, რომლებიც საგარდერობო სივრცესა და თავის მოვლისთვის განკუთვნილ კუთხეს აერთიანებს. საბოლოოდ, საკმაოდ ტევადი და ფუნქციურ ოთახი მივიღეთ, რომელიც ამავდროულად მომხიბვლელიცაა.

საცხოვრებელში ერთ-ერთ საინტერესო ზონაა ვერანდა, რომელსაც მნიშვნელოვანი პრაქტიკული დანიშნულება აქვს, გვიამბეთ, როგორ მოაწყვეთ ეს სივრცე?  

ვერანდის ფართობი დაახლოებით 40-50 მ2-ია და მას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან დღის ბოლოს სწორედ ამ სივრცეში ვიყრით თავს ოჯახის წევრები და მეგობრები. საღამოობით საკმაოდ გრილა, ამიტომ გარეთ ვვახშმობთ და სასიამოვნო დროს ვატარებთ.  ვერანდა გახსნილია და ეზოს უერთდება, რასაც ისიც უწყობს ხელს, რომ ორივე ზონა ერთ დონეზეა. მინდოდა, ვერანდა ნათელი ყოფილიყო და მზის შუქი არ დამეკარგა, ამიტომ  შუშით გადავხურეთ, შედეგად კი ბუნებრივი სინათლის წყაროც თავისუფლად აღწევს სივრცეში და სპეციალურად დამუშავებული მინის წყალობით, სიგრილეც ნარჩუნდება, რადგან შუშა ვერანდას სიცხისგან იცავს. აქვეა მოწყობილი სასადილო კუთხე.

ასევე, საინტერესოა ისიც, რომ დიდი ვიტრაჟებიანი კარი მოძრავია და სრულად გაღების შემთხვევაში, შიდა და გარე ზონების, ვერანდისა და მისაღების გაერთიანების საშუალებას იძლევა. მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს სამზარეულოს ფანჯარას და კარს შორის არსებულ თეთრ კედელს, სადაც პროექციას ვუშვებთ და სხვადასხვა ჩვენებას ვაწყობთ. ამიტომ ვცდილობთ, ეს ზონა დიდად არ დავტვირთოთ ზედმეტი ავეჯითა თუ დეკორაციით.

როგორც აღნიშნეთ, თქვენი ახალი გატაცება მეურნეობა და მებაღეობა. გვიამბეთ, რატომ დაინტერესდით ამ სფეროთი და რითაა გამორჩეული თქვენი ეზო?

როდესაც ჩემმა შვილმა ბოსტნეულით კვება დაიწყო, თავიდანვე გადავწყვიტე, რომ მისთვის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტები მომეძიებინა. სწორედ ასე აღმოვაჩინე ჩვენს სახლთან ახლოს მდებარე სათბური, სადაც ძალიან ხშირად დავდიოდი. სათბურის მეპატრონეს საკმაოდ დავუახლოვდი. ის მებაღეობაზე საინტერესო რჩევებს მიზიარებდა. ამგვარად, მეც გამიტაცა ამ საქმემ და  ეზოში ბოსტნის გაშენება გადავწყვიტე, თან მინდოდა, ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად საერთო საქმე მქონოდა. სწორედ ასე დაიწყო ეს ყველაფერი.

ეტაპობრივად უკეთ გავერკვიე ამ სფეროში, ბევრი რამე წავიკითხე და დღეს უკვე ჩემს ბაღში სრულიად განსხვავებული ბოსტნეული, ხეხილი თუ ყვავილი ხარობს. მათი უმეტესობა უცხოეთიდან მაქვს ჩამოტანილი ან შეკვეთილი, რადგან ძირითადად ისეთი პროდუქტები მაინტერესებს, რომლებიც აქ არაა ხელმისაწვდომი. ასე მოვიყვანე სხვადასხვა  ჯიშის შავი, ყვითელი, იტალიური პომიდორი, რომლებსაც განსხვავებული გემოც აქვს.

ასევე ძალიან გამახარა ჩემს ბაღში ისლანდიური ყაყაჩოს ყვავილობამ, რომელიც აქამდე თვალით არასდროს მენახა.

შევიძინე სპეციალური, ეკოლოგიურად სუფთა მეტალის ყუთებიც, რომლებსაც მოსავლის მოსაყვანად ვიყენებ.

მებაღეობაში არსებობს ხრიკები, თუ როგორ მოვიყვანოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რასაც ხელს უწყობს სასარგებლო მწერების მომრავლება. ყვავილების დარგვა სასარგებლო მწერების მოსაზიდად ხშირად მოიხსენიება როგორც — ”თანმხლები დარგვა” (companion planting). ეს პრაქტიკა მოიცავს გარკვეული მცენარეების შერჩევასა და გაშენებას, რომლებიც იზიდავს სასარგებლო მწერებს, როგორიცაა — ფუტკარი, ჭიამაია, პეპელა, ჩოქელა. ეს მწერები ხელს უწყობს დამტვერვასა და მავნებლებთან ბრძოლას. ზუსტად ამიტომ, მეც ვცდილობ მათ მოზიდვას. ამისთვის ხშირად გამოიყენება ისეთი ყვავილები, როგორიცაა — ყვითელი ყვავილი, ბაზილიკა, როზმარინი, თაიმი და ლავანდა. აღნიშნულ მცენარეებს მძაფრი სუნი აქვს, რაც როგორც წესი, მავნე მწერებს არ უყვართ და ერიდებიან. ასევე, ვცდილობ, ხელი შევუწყო ჩიტების მომრავლებას, რაც საოცარ მიკრო კლიმატს ქმნის ეზოში. ჩემს შვილსაც ახარებს ბაღში საქმიანობა და ყოველი ახალი ნაყოფისა თუ ყვავილის გაჩენისას გახარებული მამცნობს ხოლმე ამ ამბავს, რაც ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი პროცესია.

მომავალში თუ აპირებთ  გარკვეული ცვლილებების შეტანას თქვენს ინტერიერსა თუ ექსტერიერში?

სამომავლოდ ვგეგმავთ მისაღებში ბიბლიოთეკის გაკეთებას. ასევე, გვინდა, წინა ეზო მოვაპირკეთოთ და ბალახი დავაგოთ. ვფიქრობთ, უკანა ვერანდის ნაწილი შევმინოთ და გავამწვანოთ, რათა ექსტერიერისა და ინტერიერის გაერთიანება და ბუნებასთან დაახლოება უკეთესად მოხერხდეს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: მარიამ სიჭინავა

საოჯახო სახლი ინდოეთის ტროპიკულ სოფელში

ყავისფერი ინტერიერში – 8 კომბინაცია, რომელიც ამ ტონს განსაკუთრებით უხდება