სხვა იტალიური ბრენდების მსგავსად, Astep-ის ისტორიაც ოჯახს უკავშირდება. 1939 წელს ჯინო სარფატიმ დააარსა კომპანია Arteluce, რომელიც მიზნად ისახავდა განათებაში დიზაინის დამატებას იმისთვის, რომ სანათებს, ფუნქციური დანიშნულების გარდა, დახვეწილი გარეგნობა და გამორჩეული ესთეტიკაც ჰქონოდათ.
1978 წელს ბრენდს სათავეში ჯინოს შვილი – რიკარდო ჩაუდგა, რომელმაც დედასთან, სანდრა სევერისთან და არქიტექტორ პაოლო რიზატოსთან ერთად შექმნა Luceplan-ი, რომელმაც ერთმანეთთან დააკავშირა განათება და ტექნოლოგია. ბრენდმა დაიწყო თანამშრომლობა ნიჭიერ და გულდასმით შერჩეულ ხელოსნებთან, რის ხარჯზეც პროდუქცია მალევე გახდა იტალიური ხარისხისა და ინოვაციის სიმბოლო.
დღეს ოჯახის მიერ წამოწყებული ბიზნესი Astep-ის ცნობილი იტალიური ავეჯის სახლის ქვეშ არის გაერთიანებული და მის სათავეში უკვე ჯინო სარფატის შვილიშვილი – ალესანდრო სარფატი დგას. მისი ხელმძღვანელობით Astep-ი ქმნის ახალ პროდუქტებს სახლისთვის – დიზაინ ობიექტებს, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და წარმოადგენენ მარადიულ ნამუშევრებს.
Astep არის ბრენდი, რომელიც აერთიანებს გამოცდილებას, ცოდნას, მომავალზე ორიენტირებულ მსოფლმხედველობასა და ოჯახის ტრადიციებს და ყოველივე ამას შესანიშნავად აკავშირებს მუდმივად განვითარებად ციფრულ ტექნოლოგიებთან.
„ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და მუდმივად ვეძებთ ინოვაციას – ასე ამბობდა მამაჩემი და ის მართალიც იყო. მე მინდა ვიფიქრო ამაზე და ჩემი შემოქმედებით აღვბეჭდო ყველაფერი, რაც შეიძლება მომავალში გახდეს ინოვაციის სიმბოლო“, – ამბობს ალესანდრო სარფატი.
მიუხედავად იმისა, რომ Astep, როგორც ცალკეული კომპანია, ახლახანს შეიქმნა, სარფატი იხედება მომავლისკენ და აგრძელებს გზას, რომელიც წარსულში მისმა ორმა წინაპარმა დასახა. შედეგად, სამყაროში, სადაც ციფრული გადაწყვეტილებები სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ბრენდი მიისწრაფვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ, ადამიანებს კი სთავაზობს გარემოს პატივისცემითა და ხარისხით შექმნილ გამორჩეულ პროდუქტს.