in

ინტერიერის დიზაინი, როგორც სულიერი მდგომარეობისა და შინაგანი სამყაროს გამოვლენის გზა — ინტერვიუ ქეთა დონაძესთან

დღევანდელ სტატიაში ინტერიერის დიზაინერ ქეთა დონაძის შემოქმედებაზე გიამბობთ, რომლის სტილი ბუნებრივი მასალების სიუხვით, ნათელი ფერებით, გამწვანებითა და დეკორატიული განათების საინტერესო სინთეზით ხასიათდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ქეთას ცხოვრებაში დიზაინის მიმართ ინტერესი ოდნავ მოგვიანებით გაჩნდა, თუმცა საქმისადმი სიყვარულით ეს გამოწვევა მარტივად გადალახა და დღეს უკვე შემდგარი პროფესიონალია. როგორც თავად გვიამბობს, განსაკუთრებით მძაფრად ახსოვს ბავშვობის დროინდელი სახლი, რომლის დიზაინის სხვადასხვა გამოხატულება დღეს უკვე მის პროექტებში იჩენს თავს და საინტერესოდ ვლინდება. სწორედ სამუშაო პროცესზე, მუშაობის ფილოსოფიასა და პროფესიის სიყვარულზე გვესაუბრება დიზაინერი ქეთა დონაძე და თავის ისტორიას გვიზიარებს.

ქეთა, როგორ გარემოში გაიზარდეთ? უკავშირდება თუ არა ეს გარემო თქვენს პროფესიას?   

სიმართლე გითხრათ, ჩემს პროფესიასა და ბავშვობას ერთმანეთს ნამდვილად ვერ ვუკავშირებ, რადგან ჩემი ოჯახის არცერთ წევრს არ ჰქონდა შეხება არქიტექტურასთან ან ინტერიერის დიზაინთან და მეც არაფერი მაკავშირებდა ამ სფეროებთან. თუმცა, კარგად მახსოვს  ბავშვობის დროინდელი სახლი, სადაც გავიზარდე — მასიური ხის შუშაბანდით, დარაბებით და ბევრი გამწვანებით. შესაძლოა, ამ ელემენტებს დიზაინში ხშირად ამიტომ ვიყენებ. დღემდე მიყვარს და მახსოვს სახლის თითოეული დეტალი. ბევრი წლის მერეც ძველი თბილისის სახლები ჩემი სისუსტეა. განსაკუთრებით მიზიდავს ასეთი ადგილები და ალბათ ეს ინტერესი სწორედ ბავშვობის გამოძახილია.

საინტერესოა, როდის დაინტერესდით ინტერიერის დიზაინით?  

ამ სფეროთი სრულიად შემთხვევით დავინტერესდი, როდესაც საკუთარი ბინის გარემონტება დავიწყე. პროცესმა ისე მომხიბლა, რომ რემონტის დასრულების შემდეგ მივხვდი, კიდევ მინდოდა ამ საქმის გაგრძელება. შემდეგ ინტერიერის დიზაინის შესწავლა და ინფორმაციის მოძიება დავიწყე. ერთი შეხედვით, ჩემი სახლისთვის გაუაზრებლად შექმნილმა ინტერიერმა დიდი ყურადღება მიიქცია და გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც სურდათ, მათი სახლის დიზაინზე მემუშავა. პანდემიის პერიოდში ინტერიერის დიზაინის ონლაინ კურსი გავიარე „ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში“. პირველივე ლექციაზე მივხვდი, რომ ის პროფესია ვიპოვე, რომელიც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. შემდეგ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მეტად გავიღრმავე და ასე გადაიქცა ერთი შეხედვით უბრალო გატაცება ჩემს პროფესიად.

ვისაუბროთ შემოქმედებით პროცესზე, როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი მუშაობის ფილოსოფია? რა ხდის თქვენს ნამუშევრებს გამორჩეულს?

ვფიქრობ, ყველა ნამუშევარი დიზაინერს ჰგავს. პირადად ჩემთვის, ინტერიერის დიზაინი ხელოვნება, სულიერი მდგომარეობა და შინაგანი სამყაროა, რომელიც მატერიალურად გამოიხატება.  სწორედ ესაა ჩემი მუშაობის ფილოსოფია. ნივთებით, მასალებითა თუ ფერებით ჩვენს ისტორიას ვყვებით, ამიტომ ვთვლი, რომ თითოეულ ჩემს ნამუშევარს ინდივიდუალური ხასიათი და არასტანდარტული იერსახე აქვს, რაც მათ სხვებისგან გამოარჩევს.

ვისაუბროთ უფრო დეტალურად სამუშაო პროცესზე… როგორ ხდება კონცეფციის შემუშავება და შემდეგ მისი განხორციელება?  

იდეა იწყება შთაგონებით, რომელსაც ყველაფრისგან ვიღებ. ხშირად ხდება, რომ გაუაზრებლად მომეწონება რაიმე ნივთი, ფორმა, მასალა, ფერი თუ ინტერიერი, რაც გონებაში ილექება. შემდეგ ამ შთაბეჭდილებებზე ბევრს ვფიქრობ და სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავ, თუ სად, როგორ შემიძლია მსგავსი ხედვა გამოვიყენო. ზოგჯერ თავად სივრცე მკარნახობს თავის საჭიროებებსა და ხასიათს – როდესაც ვხედავ, ზუსტად ვიგებ რისი გაკეთება მინდა.  მქონია ისეთი შემთხვევაც, როდესაც ინტერიერი წინასწარ მაქვს მოფიქრებული და შესაბამის სივრცეს ვეძებ მისთვის. მიდგომა ყველა პროექტისას ინდივიდუალურია. ერთადერთი, რასაც ყოველთვის ვითვალისწინებ, არის კომფორტი, დიზაინი და სასიამოვნო აურა თუ ემოცია. ხშირად მეუბნებიან, რომ  ჩემი ნამუშევრები ყოველთვის კარგი განწყობით, აურით და კომფორტული გარემოთი გამოირჩევა. ამის მისაღწევად ბევრი განათების წერტილს ვიყენებ, ძალიან მიყვარს ბუნებრივი მასალებიც, რომლებიც სახლის მთავარ ხასიათსა და დიზაინს ქმნის. ასევე ვცდილობ, მუშაობისას ბევრი დადებითი ემოცია ჩავაქსოვო საქმეში. ჩემზე დიდ გავლენას ახდენს მუსიკაც, რომელსაც იმ მომენტში ვუსმენ და ეს შემდეგ პროექტზეც აისახება.

დაბოლოს, თქვენთვის რომელია ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი თქვენი შემოქმედებიდან?

თითქმის ყველა ნამუშევარი შვილივით მიყვარს, რადგან მათ ჩემ ნაწილად მივიჩნევ. თუმცა, გამოვარჩევდი ჩემს ბინას, რომლის ინტერიერიც ორი წლის წინ დავასრულე. პროექტზე მუშაობისას მქონდა თავისუფლების სრული ფუფუნება და არანაირი შეზღუდვა არ გამაჩნდა. შემეძლო სხვადასხვა ექსპერიმენტი ჩამეტარებინა, რამაც სიამოვნებაც მომანიჭა და საბოლოოდ, სასურველი შედეგი მივიღე. ზოგადად, მგონია, რომ ნამუშევრის წარმატებას დამკვეთსა და დიზაინერს შორის ჰარმონიული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა განსაზღვრავს, ეს ამარტივებს მუშაობის პროცესს, რაც მიღებულ შედეგსაც ეტყობა ყოველთვის.

ავტორი: მეკო მეტრეველი

მარმარილო სამზარეულოს ინტერიერში – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

101 Copenhagen – თანამედროვე ბრენდი კლასიკური სკანდინავიური ესთეტიკით