in

იატაკის ელექტრო გათბობა — მახასიათებლები, მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე

იატაკის ელექტრო გათბობას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თანამედროვე გათბობის სისტემებში და დღეს ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ამგვარი სისტემა რამდენიმე უპირატესობით ხასიათდება:

სითბოს თანაბარი გადანაწილება — პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ იატაკის გათბობა სითბოს თანაბარ გადანაწილებას უზრუნველყოფს მთელ სივრცეში და რადიატორებისგან განსხვავებით, საცხოვრებელში  ცხელ და ცივ წერტილებს არ ქმნის, ამიტომ თანაბარი ტემპერატურის მისაღწევად ბევრად ეფექტურია.

სივრცის სრულად ათვისება — იატაკის ელექტრო გათბობა სივრცის სრულად გამოყენებაში გვეხმარება და რადიატორების მსგავსად, არ იკავებს ზედმეტ ადგილს, რადგან გათბობის ელემენტები იატაკის ქვეშაა ჩამონტაჟებული და სივრცის მთლიანობას არ არღვევს.

ტემპერატურის კონტროლი და კომფორტის მაქსიმალური უზრუნველყოფა — იატაკის ელექტრო გათბობა იძლევა ტემპერატურის კონტროლის შესაძლებლობას, რის გამოც სასურველ სითბოს უზრუნველყოფს და მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს მაცხოვრებლებს.

უსაფრთხო გარემო — იატაკის ელექტრო გათბობა სრულიად უსაფრთხოა, რადგან დამიწების საშუალებით, დაცულ გარემოს ქმნის, ხოლო სპეციალურად დამუშავებული ზედაპირი არ იწვევს ავეჯისა თუ ტექნიკის დაზიანებას.

დარგის სპეციალისტი გვიხსნის, რომ იატაკის ელექტრო გათბობის მონტაჟის ორი გზა არსებობს. პირველ შემთხვევაში, იატაკის მოჭიმვამდე ხდება ელექტროსადენების ზედაპირზე მოთავსება, მეორე შემთხვევაში კი გათბობის სისტემა მოჭიმვის შემდეგ იგება. ამავდროულად, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირველ ვარიანტს მთავარ სისტემად, ძირითადი გათბობის საშუალებად იყენებენ, რადგან დიდი სიმძლავრე აქვს და 1 მ2-ზე 200 ვატს ქმნის. ხოლო მეორე ტიპი დამატებითი გათბობისთვის გამოიყენება (ნაკლები სიმძლავრისაა, 1მ2-ზე 160 ვატს ქმნის) ისეთ ზონებში, სადაც ცენტრალური გათბობა არასაკმარისია — დერეფანი, სველი წერტილები, სამზარეულო…

როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიხსნის, ძირითად სისტემად გამოყენების შემთხვევაში, პროექტირებისას, თავდაპირველად, ტერიტორია თბილ და ცივ ზონებად იყოფა. თბილ ზონებში გათბობის ელექტრო სადენები მონტაჟდება, ხოლო ცივი ადგილები, სადაც სხვადასხვა ტექნიკა, სამზარეულოს ავეჯი თუ ჩაშენებული კარადებია განთავსებული, ღიად რჩება, რათა უშუალო შემხებლობა არ ჰქონდეს გათბობის წერტილთან და არ დაზიანდეს. ასევე აუცილებელია, რომ მთლიანი სივრცის დაახლოებით 70% იყოს ათვისებული (დამონტაჟდეს ელექტრო გაყვანილობა), რათა სისტემამ ეფექტურად იმუშაოს.

რაც შეეხება თავად მონტაჟის სპეციფიკას, უპირველესად, იატაკის ზედაპირზე თბოსაიზოლაციო მასალა –  xps იგება, რომელიც ექსპერტის თქმით, სასურველია, რომ 4 სმ. სისქის იყოს, რათა სითბო არ გაატაროს. შემდეგ xps სპეციალური ფოლგით იფარება, იმისათვის, რომ სადენსა და თბოსაიზოლაციო მასალას ერთმანეთთან პირდაპირი შეხება არ ჰქონდეს და გადახურების რისკები მინიმუმამდე შემცირდეს.

მომდევნო ეტაპზე სპეციალურ რულონზე (რომელიც ერთმანეთისგან ზომებით განსხვავდება – 100 მ.-იანი, 150, 200 მეტრიანი სიგრძის) 10 სმ-იანი დაშორებით ელექტრო სადენები ხელით იქსოვება. საბოლოოდ, იატაკი იჭიმება და მისი სიმაღლე მინიმუმ 3 სმ. უნდა შეადგენდეს. ასევე აუცილებლად გასათვალისწინებელია 2 სმ.-მდე სიმაღლე დამამთავრებელი ზედაპირის დასაგებად — გრანიტის, ფილის, ლამინატისა თუ პარკეტისთვის.

იატაკის ელექტრო გათბობის დამატებით სისტემად  გამოყენების შემთხვევაში, მონტაჟამდე აუცილებელია, რომ მოჭიმული ზედაპირი იყოს სუფთა და იდეალურად სწორი, რათა მასზე ბადე განთავსდეს. შემდგომ ხელით იქსოვება ელექტრო სადენები 10 სმ.-იანი დაშორებით.  მომდევნო ეტაპზე კი გრანიტის ქვა ან შესაბამისი ფილა იგება. ფილის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ხელოსანმა იატაკის საფარის დაგებისას, არ დააზიანოს გაყვანილობა და სადენები სრულად დაიფაროს წებო-ცემენტის მასაში, რათა სისტემას არ ჰქონდეს ჰაერთან შემხებლობა და ყველა ზონაში თანაბარი ეფექტურობით იმუშაოს. ასევე, ჩვენი რესპონდენტი გვირჩევს, რომ ლამინატის, MDF-სა და პარკეტის შემთხვევაში, მასალის დაგებამდე, მოჭიმული იატაკი  სასურველია გაილესოს ან დაიფაროს თვითსწორებადი საფარით, რათა პარკეტი თუ ლამინატი ძლიერმა ტემპერატურამ არ დააზიანოს და დეფორმაცია არ განიცადოს.

როგორც სპეციალისტი განმართავს, თუ პროექტში თავიდანვე არ არის გათვალისწინებული  იატაკის ელექტრო გათბობის ძირითადი სისტემა, მისი შემდგომში ინსტალაცია რეკომენდებული არაა. მაგრამ თუ მაცხოვრებელს მაინც სურს ამ ტიპის გათბობის სისტემის მონტაჟი, გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაში იჭრება მოჭიმული იატაკი და კეთდება 3-4 სმ.-ის სიღრმის ნახვრეტები (ყოველ 10 სმ-ში, თბილ ზონებში), რომლებშიც თავსდება სადენები და შემდეგ ღიობები წებო-ცემენტი ივსება.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტირების მნიშვნელოვანი ეტაპია სიმძლავრის გამოთვლაც, რა დროსაც საჭირო სადენების რაოდენობა იანგარიშება. იმის გათვალისწინებით, რომ საცხოვრებელ ბინებში მაქსიმუმ 10 კილოვატი  სიმძლავრის ელექტროენერგია მოიხმარება, იატაკის ელექტრო გათბობის სიმძლავრეც ამ მაჩვენებელს არ უნდა ასცდეს. შესაბამისად, ექსპერტის შეფასებით, საცხოვრებელში თბილი ზონის ფართობი 30 მ2-ს არ უნდა აღემატებოდეს, რადგან 30 მ2-ს დაახლოებით 7 კილოვატი სიმძლავრის ელექტრო გათბობა სჭირდება, დარჩენილი 3 კილოვატი კი სახლის სხვადასხვა ტექნიკისა და განათებისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული.

საბოლოო ჯამში, ელექტრო გათბობის სისტემა თერმოსტატით იმართება, რომელიც შიდა ტემპერატურას არეგულირებს. თერმოსტატი ორი პრინციპით მუშაობს. პირველ შემთხვევაში, თერმოსტატს მოჰყვება გადამწოდი (ე.წ. დაჩიკი), რომელიც იატაკში, ელექტრო გაყვანილობასთან მონტაჟდება და სპეციალური სადენის დახმარებით, კედლის გავლით უკავშირდება თერმოსტატს.  ტემპერატურაც სწორედ იატაკქვეშა სივრციდან იმართება.  როდესაც ტემპერატურის მაჩვენებელი სასურველ ნიშნულს მიაღწევს, სისტემა ითიშება.

მეორე შემთხვევაში თერმოსტატი ჰაერის ტემპერატურით იმართება, რაც შედარებით არაეკონომიურია, რადგან სისტემა არ ითიშება, სანამ მაქსიმალური ტემპერატურა თერმოსტატის ზონამდე არ მიაღწევს (რომელიც კედელზეა მოთავსებული). ამიტომ გათბობა შედარებით გვიან ირთვება და დანახარჯი მეტია.

რაც შეეხება თერმოსტატის ტემპერატურას, მაქსიმალური ზღვარი 35 გრადუსია, თუმცა საცხოვრებელში ოპტიმალური ტემპერატურა 22- 28 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს, რადგან გადაჭარბება სიცხეს წარმოქმნის, რაც არაკომფორტულია.  ხოლო ღირებულება ინდივიდუალურად გამოითვლება, რადგან ფასი დამოკიდებულია სადენების ზომაზე (თითოეულ ზომას განსხვავებული ფასი აქვს), მონტაჟის სპეციფიკასა და თერმოსტატის ღირებულებაზე. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ საშუალოდ, 12-ის ფასი 60 ლარიდან იწყება (მონტაჟი და მასალა). თერმოსტატის ეკრანიანი მოდელის ფასი 330 ლარიდან იანგარიშება, ხოლო მექანიკურის, რომელიც ხელით იმართება – 90 ლარამდე აღწევს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა მცირე ზომის მისაღები ოთახის მოწყობის პროცესში

პრაქტიკული რჩევები აბაზანის ინტერიერის გასაახლებლად — სტუდია „Allora Design“-ის გზამკვლევი