in

დეკორატიული მინა-ბლოკი — უპირატესობები, მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე

დეკორატიული მინა ბლოკი შუშის გარსის ორი ნახევრის ერთმანეთთან შერწყმის შედეგად მზადდება, შემდეგ კი მასალა სპეციალურად მუშავდება, რათა სიმტკიცე, სიმყარე და მედეგობა შეინარჩუნოს. არსებობს სხვადასხვა ზომის, დიზაინისა და ფერის მინა-ბლოკი, რის გამოც მას ხშირად იყენებენ როგორც შიდა ინტერიერში ტიხრების, კედლებისა თუ დეკორის შესაქმნელად, ასევე ექსტერიერში. დღევანდელ სტატიაში მინა-ბლოკის უპირატესობებს განვიხილავთ და მისი მონტაჟის სპეციფიკასა და ღირებულებას გაგაცნობთ.

ნათელი და ღია სივრცე — გამჭვირვალე მინა-ბლოკები სინათლის კარგი გამტარია, ამიტომ შიდა სივრცეში ბუნებრივად ნათელ და ღია სივრცეს ქმნის, რომელიც ამავდროულად, კონფიდენციალურობასაც უზრუნველყოფს და ეფექტურად ყოფს შიდა ზონებს ერთმანეთისგან. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ხშირად გამოიყენება სააბაზანოებში, საშხაპეებში, სამზარეულოში თუ მისაღებ ოთახში კუთხეების ერთმანეთისგან გასამიჯნად.

ხმისა და სითბოს იზოლაცია — დეკორატიული მინა-ბლოკის კედელი კარგი საშუალებაა ხმის იზოლაციისთვისაც, რადგან ამცირებს ხმაურს და ოთახის აკუსტიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს. ასევე, კარგი თბოსაიზოლაციო თვისებები აქვს, რის გამოც ენერგოეფექტური გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

ეკოლოგიური სისუფთავე და მოვლის სიმარტივე — მინა გადამუშავებადი მასალაა და ეკოლოგიური სისუფთავით ხასიათდება, რის გამოც ჯანსაღ გარემოს განაპირობებს. ტენიანობის, ობისა თუ ბაქტერიების მიმართ მდგრადობის გამო კი იდეალური საშუალებაა სააბაზანო ოთახებსა და სველ წერტილებში გამოსაყენებლად. ამავდროულად, არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და მარტივად იწმინდება.

მრავალფეროვანი მიმზიდველი დიზაინი ­— დეკორატიული მინა-ბლოკი მრავალფეროვანი დიზაინით გამოირჩევა. ის არსებობს როგორც გამჭვირვალე, ასევე გაუმჭვირვალე, ფერადი, სხვადასხვა ფორმისა თუ დიზაინის. მისი მეშვეობით შესაძლებელია განსხვავებული კომბინაციების შექმნა და აქცენტირებული დიზაინ ელემენტების გაკეთება, რაც ხელს შეუწყოს სივრცის ვიზუალურ ზრდას და მას ბევრად ეფექტურსა და მიმზიდველს გახდის.

მასალის მონტაჟისას გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველ რიგში, აუცილებელია სივრცე ზუსტად გაიზომოს და ბლოკების განლაგება სწორად დაიგეგმოს.  მუშაობის დაწყებამდე წინასწარ უნდა იყოს გათვალისწინებული წყობის ტიპიც — ჰორიზონტალური, ვერტიკალური ან კომბინირებული, რადგან ბლოკები ერთმანეთს ეტაპობრივად ეწყობა და არასწორმა თანმიმდევრობამ შესაძლოა, მინა-ბლოკის ტიხარი/კედელი დააზიანოს. ამის შემდეგ პირველად ფენად ჯვარედინად არმატურა ეწყობა, რომელზეც მინა- ბლოკები თავსდება და სპეციალური ცემენტით ერთმანეთს ებჯინება. აუცილებელია, რომ 5-6 ბლოკის დაწყობის შემდეგ სამუშაო პროცესი 24-48 საათით გაჩერდეს, რათა ცემენტი სრულად გაშრეს და კედელი არ დაზიანდეს. გაშრობის მერე კი კვლავ იგივე სამუშაოები მიმდინარეობს — კონსტრუქციის სიმყარისთვის არმატურა თავსდება და მინა-ბლოკები ცემენტით მუშავდება. საბოლოოდ, კიდეებზე სილიკონის ჰერმეტიკი გამოიყენება წყალგაუმტარობის მისაღწევად.

ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მინა-ბლოკი განსხვავებული ზომის არსებობს, თუმცა ქართულ ბაზარზე, მისი სტანდარტული ზომა 19 სმ-ია (სიგრძე-სიგანე), ხოლო სისქე  6-7 სმ. რაც შეეხება მასალის ფასს, ხარისხის, ზომისა და დიზაინის მიხედვით განსხვავებულია და საშუალოდ, 7-20 ლარის ფარგლებში მერყეობს. ასევე, მონტაჟის საფასური 1მ2-ის გათვალისწინებით, 100 ლარიდან იწყება, ღირებულება კი მონტაჟის სირთულესა და სამონტაჟო დროზეა დამოკიდებული, რადგან დიდი კონსტრუქციის შემთხვევაში პროცესი ხანგრძლივდება ცემენტის გასაშრობად საჭირო დროის გამო, რის შედეგადაც საინსტალაციო პერიოდი იზრდება.

ავტორი: მეკო მეტრეველი

თანამედროვე ინტერიერი ისტორიულ შენობაში

5 საინტერესო გზა მშვიდი და მყუდრო სამზარეულოს შესაქმნელად