in

ინდივიდუალიზმის ძიება დიზაინში — ინტერვიუ ნინი ელისაშვილთან

ინტერიერის დიზაინერი ნინი ელისაშვილის შემოქმედება ინდივიდუალური დიზაინით და სადა, დახვეწილი ესთეტიკით ხასიათდება. როგორც თავად ამბობს, მუშაობის პროცესში მისთვის ამოსავალი წერტილი არის დამკვეთი, მაცხოვრებლის ინტერესები და სურვილები, რომელთა საფუძველზეც ცდილობს მისთვის მაქსიმალურად კომფორტული და მისაღები გარემოს შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ ნინიმ საყვარელი საქმე ოდნავ მოგვიანებით იპოვა და თავდაპირველად სრულიად განსხვავებულ სფეროში მოუწია მუშაობა, ახალ პროფესიას მარტივად აუღო ალღო, შესაბამისი განათლება მიიღო და დღეს უკვე შემდგარი პროფესიონალია. თავისი განვლილი კარიერული გზის, შემოქმედებისა თუ შეხედულებების შესახებ ნინი ელისაშვილი დღევანდელ ინტერვიუში  თავად გვესაუბრება.

ნინი, როდის დაინტერესდით  ინტერიერის დიზაინით და რა გზა გაიარეთ ამჟამინდელ მდგომარეობამდე?

ბავშვობაში არასდროს მიფიქრია ინტერიერის დიზაინზე, როგორც ჩემს მომავალ პროფესიაზე. ოჯახის წევრებსაც არანაირი გავლენა არ ჰქონიათ ამ მხრივ, რადგან არ მოღვაწეობდნენ ხელოვნების არცერთ სფეროში. თუმცა მახსოვს, ბავშვობაში თიხით ვძერწავდი, სხვადასხვა ფიგურებს ვაკეთებდი და ეს პროცესი ძალიან მსიამოვნებდა.

ინტერიერის დიზაინით მოგვიანებით დავინტერესდი. ის ფაკულტეტი, რომელიც სკოლის დამთავრების შემდეგ ავირჩიე, არ უკავშირდებოდა დიზაინს. სამწუხაროდ, იმ პერიოდში არ მქონდა ფუფუნება, დავფიქრებულიყავი იმაზე, თუ რისი კეთება მინდოდა სინამდვილეში. ჯერ კიდევ სტუდენტობისას ბანკში დავიწყე მუშაობა, სადაც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი გავატარე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიცოდი, რომ სხვა რამის კეთება მინდოდა. დღევანდელი გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროფესიისადმი ინტერესი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც აქტიურად დავიწყე მოგზაურობა. არ მახსოვს ზუსტი თარიღი, მაგრამ ერთ დღესაც მივხვდი, რომ აუცილებლად ის საქმე უნდა მეკეთებინა, რაც ჩემთვის საინტერესო იყო. დავტოვე ბანკი და დავიწყე ინტერიერის დიზაინის სწავლა. შემდეგ სტაჟირება გავიარე დეველოპერულ კომპანია m2-ში, სადაც უმცროსი ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სწორედ ამ კომპანიაში მოხვედრამ შემძინა უდიდესი პრაქტიკა და ითამაშა გადამწყვეტი როლი ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ თანამშრომელსა და მეგობარს. კომპანიაში 3 წლიანი მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემს კარიერაში ახალი ეტაპის დაწყების დრო იყო, ამიტომ სამსახურიდან წამოვედი, რათა ინდივიდუალურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება მიმეღო.

ვისაუბროთ შემოქმედებით პროცესზე. საინტერესოა, როგორ ხდება თქვენ შემთხვევაში კონცეფციის შემუშავება?

ჩემთვის ყველაზე საინტერესო კონცეფციის შემუშავების ეტაპია. როდესაც სივრცეს ვნახულობ ავტომატურად წარმოვიდგენ, რა უნდა გავაკეთო. ამ დროს მნიშვნელოვანია, კარგად შევისწავლო დამკვეთის სურვილები, ხასიათი თუ ინტერესები. დიზაინზე ფიქრს სწორედ ამ ინფორმაციის მიხედვით ვიწყებ, რათა კლიენტზე ორიენტირებული და მისთვის კომფორტული გარემო შევქმნა. იდეისა და კონცეფციის ჩამოყალიბების მერე კი ნამუშევრის განხორციელების პროცესი იწყება.

როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი მუშაობის ფილოსოფია და თქვენი ნამუშევრების მთავარი სათქმელი?

ყოველთვის ვცდილობ, არ შევქმნა ისეთი დიზაინი, რომელიც მხოლოდ დროის კონკრეტულ მონაკვეთში არის აქტუალური, რადგან მხოლოდ ტრენდებზე დაფუძნებული კონცეფცია, როგორც წესი, ძალიან მალე კარგავს აქტუალობას და აღარ არის საინტერესო. ვფიქრობ, ტრენდები რაღაც დოზით კლავს ინდივიდუალიზმს, ამიტომ სჯობს მუშაობის პროცესში დიზაინერმა ინდივიდუალური მიდგომა შეინარჩუნოს. რა თქმა უნდა, არის მომენტები, როდესაც მიწევს გამოვიყენო ის სტილიც, რაც იმ მომენტშია მოთხოვნადი, თუმცა  ყოველთვის ვცდილობ სახასიათო, ინდივიდუალური შტრიხების შეტანას.

როგორ შეაფასებდით ქართულ არქიტექტურულ და დიზაინ სივრცეს? როგორ ფიქრობთ, რამდენად შეესაბამება ქართული დიზაინი და არქიტექტურული პროექტები მსოფლიო სტანდარტებს და მიდგომებს?

დღეს საქართველოში ბევრი ნიჭიერი არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერია, რაზეც ის ახალი და საინტერესო პროექტები მეტყველებს, რომლებიც საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ ხორციელდება. ვფიქრობ, არქიტექტურის ნაწილში ბევრად წინ ვართ და რამდენიმე ქართული არქიტექტურული სტუდიის ნამუშევრები სრულად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. ასევე გამოვარჩევდი რამდენიმე ინტერიერის დიზაინერსაც. ვისურვებდი, მეტი ქართველი დიზაინერის ნამუშევარი გავიდეს უცხოურ ბაზარზე  და საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს. კარგი იქნება, საქართველოში უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო მასალები არსებობდეს, რაც ძალიან დაეხმარება ორივე სფეროს განვითარებასა და წინსვლაში.

თქვენი აზრით, რა შეუწყობს ხელს ამ სფეროს მეტად განვითარებას?

ვფიქრობ, ეს სფერო მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე,  ყოველდღიურად იხვეწება. თუმცა, როგორც ნებისმიერი დარგი, დიზაინის განვითარებაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან. ასევე, აუცილებელია ითქვას, რამდენად დიდ როლს თამაშობს განათლების დონე. საჭიროა საქართველოში ჩატარდეს საერთაშორისო გამოფენები და მასტერკლასები, რათა კვალიფიკაციის დონის ამაღლებას შეეწყოს ხელი. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ვიწრო სპეციალიზაციების, როგორიცაა განათება, ფერი და ა.შ განათლების ხელმისაწვდომობა, რათა დიზაინის თითოეული მიმართულება მეტად წინ წავიდეს ჩვენს ქვეყანაში.

დაბოლოს, გვიამბეთ თქვენ ამჟამინდელ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე

ამ მომენტში რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ, მათ შორის სოციალურ სივრცეებზე, რაც საშუალებას მაძლევს, გამოვიყენო მრავალფეროვანი ინდუსტრიული მასალები. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ცოდნის გაღრმავებას ვაპირებ ამ სფეროში ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

მოაწყვე ვერანდა და ეზო 600 ლარად – შექმენი შენი სივრცე ველიზე

&Tradition – დანიური ბრენდი კლასიკური სტილისა თანამედროვე ინოვაციების სინთეზით