in

“Stay Mirror House” ცხვარიჭამიის ტყეში — ანი ხუციშვილის ინტერიერი

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ანი ხუციშვილის კოტეჯს, რომელიც ცხვარიჭამიაში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი სულ რაღაც 24 მ2-ია. ანი ამჟამად შემოქმედბით სფეროში საქმიანობს და უკვე 5 წელია დიზაინის მიმართულებით მუშაობს. როგორც თავად გვიამბობს, მანამდე, 6 წლის მანძილზე, სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მოღვაწეობდა და შესაბამისად, კოტეჯის მშენებლობისას, ორივე სფეროში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ძალიან დაეხმარა.

საცხოვრებლისთვის ადგილმდებარეობის შერჩევისას დიდი მნიშვნელობა მიენიჭა გარემოს და ბუნებას, ამიტომ ტყე კოტეჯის ასაშენებლად საუკეთესო ადგილი აღმოჩნდა. ობიექტის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და 2023 წლის ოქტომბერში დასრულდა. ხოლო არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინზე, მეპატრონეების სურვილის გათვალისწინებით, სტუდია Dadiani Architects-მა იმუშავა.

მშენებლობისა და სარემონტო პროცესი რიგ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რაც ადგილმდებარეობამ და ლანდშაფტმა განაპირობა. გარკვეულ გამოწვევებს ქმნიდა ისიც, რომ კოტეჯი ეროვნულ პარკთან ახლოს მდებარეობს, თუმცა ამის მიუხედავად, პროექტის ავტორებმა და დამკვეთმა შეძლეს დასახული მიზნის მიღწევა და სასურველი შედეგის მიღება.

პროექტის ექსტერიერსა და ინტერიერში აქტიურადაა გამოყენებულ ხე და მინა, რაც ბუნებასთან სიახლოვეს მეტად გამოკვეთს და ბუნებრივი სინათლის წყაროს ქმნის, რაც თავის მხრივ, მყუდრო და სასიამოვნო გარემოს განსაზღვრავს.

ბუნების წიაღში ჩაფლული კოტეჯი თავიდანვე იქცევს ყურადღებას, რადგან საინტერესო ფასადით ხასიათდება. მისი სამი მხარე მინით არის დაფარული და სპეციალური ზედაპირის წყალობით, ირგვლივ არსებულ მიდამოს ირეკლავს, ხოლო უკანა მხარე ხის ფაქტურითაა დაფარული. აღსანიშნავია ისიც, რომ ექსტერიერში მოწყობილია მოსასვენებელი კუთხეც, რაც მაცხოვრებლებისთვის ბუნებასთან კავშირის განცდას აძლიერებს და ღია ცის ქვეშ, სუფთა ჰაერზე დასვენების არაჩვეულებრივ შესაძლებლობას სთავაზობს.

ინტერიერი ღია, ნეიტრალურ ფერებშია გადაწყვეტილი. პატარა ფართის მიუხედავად, სივრცე სრულად ათვისებულია და ფუნქციური, ერგონომიული და მოსახერხებელი საცხოვრებელი გარემო იქმნება. ფასადების სახით უმეტესად მინა გვხვდება, რაც ბუნებრივი სინათლის წყაროს იძლევა. ვიტრაჟები ასევე ხელს უწყობს ექსტერიერის ინტერიერში ჰარმონიულად ინტეგრირებას. ერთ-ერთი კედელი  და ჭერი კი ხით არის მოპირკეთებული, ხოლო იატაკი ქვის ფაქტურით არის დამუშავებული.

მთავარი ოთახი სამ ძირითად ზონად ყოფა — საძინებელი, მოსასვენებელი და სამზარეულო კუთხე.

საძილე ზონაში მასიური რბილი ნაცრისფერი საწოლი გვხვდება, რომელიც ღია ფერის ტექსტილითაა გაფორმებული და იდეალურად ეხამება ამავე ტონალობის ტილოს ფარდებს. ამავე ნაწილში გვხვდება ხის მასალის თაროები და მცირე ზომის ტუმბოები, რომლებიც სათავსოს ქმნის და ინტერიერს ალამაზებს.

მოსასვენებელ კუთხეში ხის ტახტი, მცირე ზომის ხის მაგიდა და ბუხარია განთავსებული, რაც საცხოვრებელს მყუდროებასა და თბილ ატმოსფეროს მატებს. მოპირდაპირე მხარეს კი პატარა სამზარეულოა დაპროექტებული, რომელიც ხის ავეჯით, ღია მცირე ზომის თაროთი და საჭირო ტექნიკით არის აღჭურვილი. საერთო ჯამში, ფართის სიმცირის მიუხედავად, ყველა საჭირო პირობაა შექმნილი კომფორტისა და დასვენებისთვის.

ცალკეა გამოყოფილი სააბაზანო ოთახი, რომელიც თეთრი ფილებით და ქვით არის მოპირკეთებული, ხოლო კედლები ამ ზონაშიც მინით არის დამუშავებული, რის გამოც სივრცე გამჭოლი და განათებულია. შესაბამისი სანტექნიკით აღჭურვილი სველი წერტილი კი სრულფასოვან სააბაზანო ოთახს ქმნის.

ანი ხუციშვილის კოტეჯი  რამდენიმე მახასიათებლით გამოირჩევა და მაცხოვრებლებისა თუ სტუმრებისთვის იდეალურ ადგილს ქმნის დასასვენებლად. პირველ რიგში, კოტეჯი ტყეშია განთავსებული, რის გამოც ბუნებაში განტვირთვის საუკეთესო შესაძლებლობას ქმნის. ამავდროულად, მიმზიდველია შენობის ფასადი და ინტერიერი, რომელშიც ბუნებრივი მასალებია გამოყენებული, რაც ჯანსაღ გარემოს განსაზღვრავს. “შუშის კედლების” წყალობით, ინტერიერსა და ექსტერირს შორის, ფაქტობრივად, ზღვარი წაშლილია.  შიდა სივრცეში კი მაცხოვრებლებისთვის ერგონომიული, სასიამოვნო და მოსახერხებელი პირობებია უზრუნველყოფილი.

პროექტის ავტორი: Dadiani Architects

სარემონტო ჯგუფი: Kohi.ge    

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

მოაწყვე ოფისი სახლში 800 ლარად – შექმენი შენი სივრცე ველიზე

10 ნივთი შენი ვერანდისა და ეზოსთვის, რომლებიც სამი დღის განმავლობაში 50%-იანი ფასდაკლებით შეგიძლია შეიძინო