in

პოლიურეთანის ქაფი — უპირატესობები, მონტაჟის სფეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე

პოლიურეთანის ქაფი ხმისა და სითბოს საიზოლაციო მასალაა, რომელიც აქტიურად გამოიყენება სამშენებლო სექტორში. პოლიურეთანი არის პოლიმერის სტრუქტურის მქონე მასალა, რომელიც ელასტიკურობით, სუნთქვის უნარით ხასიათდება და დაბალი თბოგამტარობითა და მაღალი წყალგაუმტარობით გამოირჩევა. ის ეფექტურად გამოიყენება როგორც სითბოს იზოლაციისთვის, ასევე ხმის დასახშობად და ტენის საწინააღმდეგოდ. ქაფი მრავალმხრივი გამოყენებისაა, მონტაჟი უმეტესად შიდა კედლებზე, სახურავსა და გამყოფ ტიხრებზე სრულდება, გარე გამოყენების დროს კი დამატებით ფენას საჭიროებს, რადგან პოლიურეთანის ქაფით დამუშავებული ფასადი არ ილესება და საბოლოო სახის მისაცემად, ფასადის ქვით ან ხით მოპირკეთება ხდება.

პოლიურეთანის ქაფი გვთავაზობს რამდენიმე უპირატესობას ტრადიციულ საიზოლაციო მასალებთან (ქვაბამბა, მინერალური ბამბა) შედარებით:

მაღალი ეფექტურობა — პოლიურეთანის ქაფი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მასალაა, რომელიც გამძლე თერმოიზოლაციას უზრუნველყოფს თხელ ფენებშიც კი. მისი თვისებებიდან გამომდინარე, ქაფი ფართოვდება და კარგად ავსებს ნაპრალებსა და ხვრელებს, რაც ქმნის ძლიერ ბარიერს და ამცირებს ჰაერის გამავლობას. დაბალი თბოგამტარიანობის წყალობით კი შიდა სივრცეში სასურველი ტემპერატურის შენარჩუნებას უწყობს ხელს და მაღალი ენერგოეფექტურობით ხასიათდება.

წყლისა და ნესტის მიმართ მდგრადობა — პოლიურეთანის ქაფი უზრუნველყოფს ეფექტურ დამცავ ბარიერს, რომელიც ზედაპირს ტენის შეღწევისგან და ობის წარმოქმნისგან იცავს. ასევე ქაფი ხელს უშლის კონდენსატის გაჩენას და ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებას განაპირობებს.

ცეცხლგაუმტარობა — ამ მასალის კიდევ ერთი უპირატესობა ცეცხლის მიმართ მედეგობაა, რაც შენობის უსაფრთხოების სტანდარტებს ზრდის და დაცული გარემოს ჩამოყალიბებას განაპირობებს.

ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა — განსხვავებით სხვა საიზოლაციო მასალებისგან, რომლებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ კონდენსატს მაინც იკეთებს, პოლიურეთანის ქაფი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს სიმტკიცეს. ექსპერტის მიხედვით, მისი სასიცოცხლო ვადა, საშუალოდ, 50-70 წელია.

რაც შეეხება მონტაჟის სპეციფიკას, დარგის წარმომადგენელი გვიხსნის, რომ პოლიურეთანის ქაფი სუფთა ზედაპირზე, პირდაპირ ბლოკის კედელზე ნაწილდება, სანამ თაბაშირ-მუყაოს პროფილები დამონტაჟდება. საიზოლაციო ფენის სისქე კი სტანდარტულად, 5 სმ-ია. ხოლო მაღალმთიან რეგიონებში და ცივ კლიმატურ პირობებში, ეფექტურობის გასაზრდელად, პოლიურეთანის ქაფის სისქე 10 სმ-მდე იზრდება. ქაფის დატანის შემდეგ, რომლისთვისაც სპეციალური აპარატი გამოიყენება, წინასწარ გამზადებული პროფილების სახით კედელზე თუ ჭერზე შესაბამისი მასალა — თაბაშირ-მუყაოს ფილები, ხე ან პლასტიკატი იკვრება.

სპეციალისტი აღნიშნავს იმასაც, რომ გამყოფი კედლის შემთხვევაში, თუ ის თაბაშირ-მუყაოთი არის დამუშავებული, თაბაშირ-მუყაოს ფენებს შორის პოლიურეთანის ქაფი ნაწილდება, რათა ხმისა და სითბოს იზოლაცია ოთახებს შორის ეფექტურად შენარჩუნდეს.

რაც შეეხება მასალის ღირებულებას, ქართულ ბაზარზე მასალისა და მონტაჟის ფასი, 1 მ²-ის გათვალისწინებით, საშუალოდ, 40 ლარია. საბოლოო ღირებულება კი სივრცის ფართობზეა დამოკიდებული.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ლოფტი ამსტერდამის ყოფილი ეკლესიის შენობაში

მშენებლობის დროს გასათვალისწინებელი სამართლებრივი საკითხები — სოფიო ზარანდიას გზამკვლევი