in

ბინა ჩრდილოურ სტილში — სოფო სილაგაძის ნამუშევარი ლისის ტბის მიმდებარედ

დღევანდელ სტატიაში სოფო სილაგაძის პროექტს გაგაცნობთ, რომელიც თბილისში, ლისის ტბასთან ახლოს მდებარეობს და მისი ფართობი 56 მ2-ია. საპროექტო დავალება გულისხმობდა დამკვეთის ინტერესებსა და სურვილებზე მორგებული საცხოვრებელი სივრცის მოწყობას, რომელიც დახვეწილი ესთეტიკით, ხასიათითა და სტილისტიკით იქნებოდა გამორჩეული.

თითოეული პროექტი, რომელზეც ვმუშაობ, ორიენტირებულია დამკვეთზე, მის გემოვნებაზე, ინდივიდუალურობაზე და ცხოვრების სტილზე. ყოველი ნამუშევრის მიზანია ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც დამკვეთისთვის არა მხოლოდ ესთეტიკურად მიმზიდველი, არამედ პრაქტიკული და ფუნქციურიც იქნება. სწორედ ამიტომ, პროექტზე მუშაობის საწყის ეტაპზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ დამკვეთთან კონსულტაციას, მისი მოთხოვნების, საჭიროებების და ინტერესების შესწავლას. შესაბამისად, თავდაპირველად მომზადდა შესაბამისი სივრცის „mood-board“-ი, სადაც იკითხება როგორც ტექსტურების კომბინაცია, ასევე ავეჯის და ფერების თანხვედრა, რაც ეხმარება როგორც დიზაინერს, ასევე დამკვეთს შეექმნას წარმოდგენა ზოგად კონცეფციაზე და შემდგომი პროექტის განვითარებაზე”, — აღნიშნავს სოფო სილაგაძე.

დამკვეთისა და არქიტექტორ-დიზაინერის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სივრცემ ღია გეგმარების მქონე, სტუდიოს ტიპის სახე მიიღო, რომელიც მაქსიმალურად იქნა ათვისებული და განსაკუთრებული ფუნქციური დატვირთვა შეიძინა.

გეგმარების დროს მნიშვნელოვანი იყო სივრცეების სწორი ზონირება და ბინის მაღალფუნქციურობის მიღწევა მისი გადატვირთვის გარეშე. მუშაობის პროცესში სირთულეს კედლების არასტანდარტული კუთხეები წარმოადგენდა, რამაც აღნიშნული ამოცანა გარკვეულწილად გაართულა. თუმცა პროექტის ავტორის გადაწყვეტილებით, არსებული სირთულე ვიტრაჟული ტიხრების გამოყენებით აღმოიფხვრა, რომელთა დახმარებითაც გამოიყო როგორც დერეფნის, ისე სამზარეულოს ნაწილი. მაგრამ ამავდროულად, ისინი ვიზუალურად და სტრუქტურულად ერთმანეთს დაუკავშირდა, რის შედეგადაც შენარჩუნდა კონცეფციით გათვალისწინებული ერთიანი, ღია სივრცე.

ინტერიერი ჩრდილოურ (Nordic style – სკანდინავიური სტილი, რომელიც მინიმალიზმით, ფუნქციონალურობით და ბუნებრივი მასალების გამოყენებით ხასიათდება)  სტილშია გადაწყვეტილი. დამკვეთის მოთხოვნით, პროექტში დომინირებს თეთრი ფერი, ხოლო აქცენტები ხის ფაქტურაზე და სხვადასხვა ტიპის განათებაზე კეთდება. დიზაინ-კონცეფცია ორიენტირებულია ფუნქციურობასა და სიმსუბუქეზე, ამის მისაღწევად კი გამოყენებულია ღია და დახურული სათავსოები, რომლებიც ინტერიერთან თანხვედრაშია და არ ტვირთავს მას. ასევე, დამკვეთის სურვილით მოეწყო მოძრავი საგარდერობო სივრცე ე.წ. „walk-in closet“, რომელმაც საინტერესო დეკორატიული ჩანართი შექმნა. მრავლად გამოყენებულმა სარკეებმა კი არა მხოლოდ ვიზუალურად გაზარდა ბინა, არამედ უფრო ნათელი და მიმზიდველი გახადა გარემო. აღსანიშნავია ისიც, რომ საცხოვრებელში არსებული ყოველი დეტალი სრულად მორგებულია ორ შინაურ ცხოველზე (კატაზე), რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო დამკვეთისთვის.

ერთიანი სივრცე, რომელშიც სხვადასხვა ფუნქციური ზონაა თავმოყრილი, სკანდინავიური ესთეტიკით ხასიათდება. იატაკის ზედაპირზე მაღალი ხარისხის, ღია ხისფერი ლამინატია გამოყენებული, რომელიც იდეალურად ეხამება ხის თაროებსა და ყვითელ ტექსტილს. მოსასვენებელი კუთხე ღია კრემისფერი რბილი ავეჯით არის დაკომპლექტებული, რომელიც ტელევიზორის კედლის ირგვლივ ერთიანდება. ხაზგასასმელია, რომ ბინაში გამოყენებული ავეჯის უმეტესობა ინდივიდუალური შეკვეთით, ადგილობრივ ბაზარზეა დამზადებული, რაც დიზაინერის თქმით, გარდა იმისა, რომ ადგილობრივი საწარმოების განვითარებას უწყობს ხელს, ასევე ბევრად მოქნილს ხდის დიზაინ-გადაწყვეტილებებს. ტელევიზორის კედელი საკმაოდ დატვირთული ნაწილია ბინაში, რომელიც უამრავ ტევად სათავსოს ქმნის და წიგნებითა და დეკორატიული ელემენტებით სახასიათო ესთეტიკას სძენს სივრცეს.

თანამედროვე სტილის, ოვალური ფორმის მცირე ზომის მაგიდები თეთრ, გრძელბეწვიან ხალიჩაზეა მოთავსებული, რაც სითბოსა და მყუდროებას მატებს გარემოს. ხოლო მრავლად გამოყენებული წერტილოვანი და დეკორატიული განათება ნათელ სივრცეს უზრუნველყოფს და სასიამოვნო ატმოსფეროს განაპირობებს.

სამზარეულოს სივრცეში ცენტრალური და პრაქტიკული აქცენტი კუნძულზეა გაკეთებული, რომელიც ძირითადი დანიშნულების გარდა, სასადილო მაგიდის ფუნქციასაც ასრულებს. აღსანიშნავია, რომ კუნძულის გეომეტრიული ფორმის დახრა თანხვედრაშია სამზარეულოს კედელთან, რაც ვიზუალურად შეუმჩნეველს ხდის აღნიშნული კედლის არასტანდარტულობას და სივრცით სიმეტრიას უზრუნველყოფს. სამზარეულოს ავეჯი თეთრ ფერშია გადაწყვეტილი, ხოლო კედელი მარმარილოს ფაქტურის კერამოგრანიტის ფილით არის მოპირკეთებული, რაც ორგანულად ესადაგება სამზარეულოს კუნძულს.

საძინებელში ასევე შენარჩუნებულია ჩრდილოური სტილი, თუმცა დამატებით საინტერესოდაა შემოტანილი კლასიკური შტრიხები მოლდინგებისა და ელეგანტური ავეჯის სახით. ამ ოთახშიც ხე დომინანტურ როლს თამაშობს და ღია თაროებისა თუ ავეჯის სახით გვხვდება. ბუნებრივ გამწვანებასა და დეკორატიულ განათებას დიდი როლი ენიჭება, რაც სახასიათო განწყობას განაპირობებს. ყურადღებას იქცევს საგარდერობო ზონაც, რომელიც მსუბუქი მილკვადრატის კონსტრუქციით, მინისა და სარკის კომბინაციით ბუნებრივად ერწყმის საერთო სივრცეს.

სააბაზანო ოთახს საკმაოდ დიდი ფართი უჭირავს. მასში მკვეთრად იგრძნობა სკანდინავიური ესთეტიკა და განწყობა, რაც მასიურად გამოყენებული ხის ავეჯით, ღია თაროებით, აქსესუარებით, გამწვანებითა და მარმარილოს ფაქტურის ღია ფერის კერამოგრანიტის ფილებით მიიღწევა.

საბოლოოდ, სოფო სილაგაძის ნამუშევარი კომფორტის, ფუნქციურობისა და მიმზიდველობის საინტერესო სინთეზს ქმნის, რომელშიც წამყვან როლს სკანდინავიური სტილი, ღია ფერები, გამწვანება, განათება და დახვეწილი ავეჯი ასრულებს. შედეგად კი სივრცე სრულად პასუხობს დამკვეთის საჭიროებებს, გემოვნებას და სრულფასოვან საცხოვრისს უზრუნველყოფს.

პროექტის ავტორი: სოფო სილაგაძე

ინტერიერის დიზაინის სტუდია: silagadze.design

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: სოფო სილაგაძე

რას გულისხმობს მდგრადი მშენებლობა და რა უპირატესობა აქვს მას?

საუცხოო ხის კოტეჯი კუნძულზე