in

როგორ შევარჩიოთ მასალები სწორად? — ანანო მეგრელიშვილის რჩევები მათთვის, ვინც სახლს დამოუკიდებლად არემონტებს

რემონტის მიმდინარეობისას ყველაზე რთული და შრომატევადი პროცესი მასალების სწორად შერჩევაა, რადგან ამ შემთხვევაში ერთდროულად რამდენიმე მოთხოვნა უნდა იყოს დაკმაყოფილებული. გარდა იმისა, რომ მასალები ინტერიერის იერსახეს განსაზღვრავს, ისინი კონკრეტული ზონის გამართულ ფუნქციონირებასაც უზრუნველყოფს. შესაბამისად, ხარისხიანი და მიმზიდველი პროდუქტის შერჩევა მარტივი ნამდვილად არ არის. მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ მაცხოვრებელი დამოუკიდებლად არემონტებს სახლს. ამიტომ დღევანდელ სტატიაში დიზაინერ ანანო მეგრელიშვილის საინტერესო და პრაქტიკულ რჩევებს გაგიზიარებთ მასალებთან დაკავშირებით, რათა მათი შერჩევის პროცესი გაგიმარტივდეთ.

მასალების შერჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია რემონტის მსვლელობისას. გარდა ესთეტიკური და ვიზუალური ნაწილისა, აუცილებელია, პროდუქტები მათი ტექნიკური მახასიათებლებითაც შეირჩეს. თუ ინტერიერის დიზაინერი ჩართულია პროცესში, ეს, რა თქმა უნდა, საქმეს ამარტივებს. თუმცა, რას ვაკეთებთ მაშინ, როდესაც დამოუკიდებლად გვიწევს რემონტთან გამკლავება და თან, ეს პირველად ხდება? პირველ რიგში, არასოდეს იფიქროთ ცალკე აღებული მასალის შერჩევაზე. ყოველთვის შეხედეთ სურათს ფართო ჭრილში და კონკრეტული დეტალის ვიზუალური და პრაქტიკული მხარე სხვა მასალების მიხედვით შეარჩიეთ. მაგალითად, თუ არჩევთ იატაკის ფილას, ყოველთვის გაითვალისწინეთ, რას გააკეთებთ კედელზე. ხოლო კედლის ფერის შერჩევისას იფიქრეთ კარის და პლინტუსის ტონალობაზე”, — აღნიშნავს ანანო მეგრელიშვილი.

ჩვენი რესპონდენტის თქმით, თავდაპირველად სწორედ იატაკის, კედლისა და კარის შერჩევაზე უნდა ვიზრუნოთ, რადგან სწორედ ეს სამი დეტალი განსაზღვრავს ბინის ძირითად ფონს და ქმნის ერთგვარ „ბაზას”.

იატაკის საფარი

ანანო თანამედროვე დიზაინში იატაკის საფარის ორ მოდელს — პარკეტსა და ლამინატს გამოყოფს და გვირჩევს, ზედაპირის შერჩევამდე, სარემონტო ფართში არსებული მოჭიმული იატაკის დონე გავითვალისწინოთ, რათა თავისუფლად დავაგოთ სასურველი პროდუქტი.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც დამკვეთს პარკეტის დაგება სურდა ბინაში, თუმცა მოჭიმული იატაკის დონემ არ მოგვცა ამის საშუალება. პარკეტის სისქე შედარებით მაღალია, ვიდრე ლამინატის და ვიტრაჟებთან მიმართებით ხშირად არასაკმარისი ადგილი რჩება მის დასაგებად. ამიტომ თუ პარკეტის გამოყენებას გადაწყვეტთ, აუცილებელია, მოჭიმული იატაკის დონე თავიდანვე განისაზღვროს”. 

ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია პარკეტის მწარმოებლის სანდოობა, გამოცდილება და ევროპული სერტიფიკატი, რადგან დიზაინერის თქმით, სათანადო მიდგომა და ბუნებრივი ხის დამუშავების ეტაპები გადამწყვეტია სამომავლო გამძლეობისთვის. დეფორმირებულ პარკეტს და ადგილ-ადგილ ამოწეულ ნაწილებს სწორედ არასათანადო მონტაჟი და დამუშავება განაპირობებს. ამას გარდა, ჩვენი რესპონდენტი ხაზს უსვამს დაფარვის ტექნოლოგიასაც, რადგან სხვადასხვა დაფარვას განსხვავებული მოვლა ესაჭიროება, რომელიც პროფესიონალთან უნდა შეათანხმოთ.

ანანო ასევე გვაცნობს ლამინატის არჩევის წესს:

რაც შეეხება ლამინატს, აქ ძირითადი ყურადღება ექცევა კლასებს. არსებობს — 31, 32, 33 კლასის ლამინატი. რაც უფრო მაღალია კლასი, ლამინატის დამუშავება და მისი ხარისხი უმჯობესია. შერჩევისას ასევე გასათვალისწინებელია გადაბმების მდგომარეობა. ზოგ მოდელს გადაბმის ხაზები ხილვადი აქვს, ზოგს კი პირიქით, პირი პირზეა ისე გადაბმული, რომ ხაზები თითქმის შეუმჩნეველია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ლამინატის ქვეშ დასაგები სპეციალური ფენა, რომელსაც ასევე გააჩნია სიმაღლეები. ამიტომ შერჩევისას აუცილებლად დაიანგარიშეთ ქვეშსაგები ფენისა და ლამინატის სიმაღლე, შემდეგ კი ის შეადარეთ მოჭიმული იატაკის დონეს და ფილასთან გადაბმის ადგილს, რათა თავიდან აირიდოთ დონეების ცვლილება”.

პლინტუსი და კარი

დიზაინერი გვირჩევს, პლინტუსები და კარი ერთმანეთს მივუსადაგოთ და ერთ ფერში გადავწყვიტოთ, რათა გადაბმის ადგილზე ფერების სხვაობა ავირიდოთ თავიდან. ასევე, აუცილებელია, პლინტუსი მყარი და ხარისხიანი იყოს, რადგან ბაზარზე არსებული მოდელების უმეტესობა მალე ფუჭდება, იმტვრევა და ორმაგი ჯდება. ამას გარდა, საყურადღებოა პლინტუსის სიმაღლე, რომელიც სტანდარტულად 7-8 სმ-ია. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მაღალი პლინტუსის გაკეთებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ მათი სიმაღლე ჩამრთველებთან და რადიატორებთან მიმართებაში. ხოლო ისეთი პლინტუსების შემთხვევაში, როგორებიცაა დამალული მოედლი, განათებით თუ ჩრდილოვანი პროფილი, მათ შეძენამდე წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია ხელოსანთან, რადგან თითოეული მათგანის მონტაჟის სპეციფიკა განსხვავებულია.

რაც შეეხება კარს, მთავარი და უმნიშვნელოვანესია ხმის იზოლაცია. მერქანბურბუშელოვანი კარი და სხვადასხვა დაბალბიუჯეტური პროდუქტი, ფაქტობრივად, ვერ უზრუნველყოფს ხმის იზოლაციას. შესაბამისად, კარს მთლიანად ეკარგება თავისი ფუნქცია და მხოლოდ დეკორატიული დანიშნულება აქვს. ასევე ყურადღება მიაქციეთ კარის ზომებს — სიმაღლესა და სიგანეს, რათა ყველა კარს ერთნაირი ზომა ჰქონდეს და არ ჩანდეს ვიზუალური განსხვავება”

კედელი

ანანო აღნიშნავს, რომ დღესდღეობით კედლის დამუშავების მრავალგვარი მეთოდი არსებობს, როგორიცაა დეკორატიული ლესვა, შეღებვა, კედლის ქაღალდი თუ შპალერით მოპირკეთება. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია მიკრობზარების სრულყოფილი დაფარვა, რაც კედელზე დროთა განმავლობაში ჩნდება. მაგალითად, კედლის ქაღალდის შემთხვევაში, უმჯობესია ისეთი მოდელის გამოყენება, რომლის ელასტიურობა ინტერიერში მიკრობზარების გაჩენისგან დაგიცავთ. ღებვის დროს სასურველია, ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი კლასის წმენდად საღებავს მიანიჭოთ უპირატესობა, ხოლო შპალერის არჩევისას მნიშვნელოვანია, რომ გადაბმის წერტილები ე.წ. “სტიკები”  შესამჩნევი არ იყოს, რადგან ძალიან არაესთეტიკურად გამოჩნდება.

სამზარეულოს მოპირკეთება

ჩვენი რესპონდენტი გვესაუბრება სამზარეულოს ფილების შერჩევის სპეციფიკაზეც და ამბობს, რომ დიდი და პატარა ფილები ვიზუალურ განსხვავებასთან ერთად, გადაბმების რაოდენობითაც განსხვავდება, რაც პატარა ფილების დროს მეტია და ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემას ქმნის, რადგან  დროთა განმავლობაში ფერს იცვლის და ზიანდება. ხოლო კარადების მონტაჟისას ზედა და ქვედა სათავსოს შორის მანძილი სტანდარტულად 60 სმ უნდა ვივარაუდოთ. შემდეგ კი სწორედ ამ ზომის მიხედვით შევარჩიოთ კედლის ფილა, რაც ესთეტიკურადაც მიმზიდველი იქნება და პრაქტიკული მოსავლელიც.

კედლის ფილის შერჩევისას ერიდეთ ძალიან რელიეფურ ფილებს, ვინაიდან მათი მოვლა საკმაოდ რთულია. იდეალური ვარიანტია, როდესაც კედელზე და სამზარეულოს ზედაპირზე ერთი და იგივე მასალა კეთდება, ამით კუთხის გადაბმასაც ავირიდებთ თავიდან და ესთეტიკურადაც სასიამოვნო აღსაქმელია. სტუდიოს ტიპის ოთახში, თუ იატაკზეც გადაწყვეტთ ფილის გამოყენებას, აუცილებლად გაითვალისწინეთ თავად სამზარეულოს კარადების განლაგება და ფილების წყობა მას შეუსაბამეთ, რათა ასიმეტრიული ხაზები არ მიიღოთ. საბოლოოდ კი იატაკის, კედლის ფილა და კარადები ერთმანეთთან ერთიანობაში უნდა იყოს”, — ამბობს დიზაინერი.

აბაზანის მოპირკეთება

დარგის სპეციალისტი გვიხსნის, რომ აბაზანა ერთ-ერთი კომპლექსური ზონაა, რადგან პატარა ფართში ყველა დეტალის ზუსტად განსაზღვრა მარტივი არ არის. ანანო გვირჩევს, უპირველესად, ფილები ზომების მიხედვით შევარჩიოთ. მცირე ფართის პირობებში კი სტანდარტულ ფილას მივანიჭოთ უპირატესობა. ასევე, აუცილებელია, ფილა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებდეს და შესაბამისი წყლის შეწოვის კოეფიციენტი ჰქონდეს. ამ მხრივ, ანანო გვირჩევს კერამოგრანიტის მასალის გამოყენებას. ამასთანავე, ხაზს უსვამს იმასაც, რომ სააბაზანოს კედლის მოპირკეთება მიკროცემენტით, ნესტგამძლე საღებავითა თუ ვინილის შპალერითაც შეიძლება, რადგან დახვეწილი ტექნოლოგიების წყალობით, ეს მასალები წყლისა და ნესტის მიმართ მედეგია. ასევე, იატაკის შემთხვევაში, უკეთესია, თუ ისეთ ფილას შევარჩევთ, რომელიც არ არის პრიალა, რათა ფეხის მოცურების საფრთხე არ არსებობდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ფილების ქვეშ ჰიდროსაიზოლაციო ფენის მოწყობა და სილიკონის ბაზაზე დამზადებული ე.წ. “ფუგის” გამოყენება, რათა წყალმა არ გაჟონოს.

სანტექნიკური მასალები

სანტექნიკური მასალების შერჩევისას გასათვალისწინებელია კერამიკის ხარისხი და მწარმოებლის სანდოობა, რათა დროთა განმავლობაში პროდუქტი არ დაზიანდეს. უნიტაზის შეძენამდე ყურადღება მიაქციეთ ჩარეცხვის სისტემასაც, რადგან უახლესი მოდელები ამ მხრივ ანტიბაქტერიულ მეთოდებს გვთავაზობს და უკეთესია. შემრევების შერჩევისას მთავარი აქცენტი მასალის დამუშავებაზე კეთდება, რომელიც პროდუქტს ნადებისგან იცავს. აგრეთვე, ანანო მეგრელიშვილი გვირჩევს, შემომავალ წყლის მილზე სპეციალური ფილტრი განვათავსოთ, რაც წყლის სიხისტეს შეამცირებს და შემრევების მუშაობას არ შეაფერხებს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფასადის თერმოიზოლაცია — ტიპები, მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე

სახლი ოკეანის ხედებით – Studio Saxe-ს პროექტი