in

ადამიანი, როგორც ცენტრალური ფიგურა დიზაინში — ინტერვიუ მარი ზურაბიშვილთან

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ Wii Design Studio-ს თანადამფუძნებელ მარი ზურაბიშვილს, რომელიც სტუდიის დაარსების, პირველი ნაბიჯებისა და შემოქმედების შესახებ გვიყვება. მარი ასევე იხსენებს საკუთარ ბავშვობას და გვიზიარებს პირველ გამოცდილებას არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში, რომელიც შემდგომში მის მთავარ პროფესიულ არჩევანში გადაიზარდა. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, მუშაობის დროს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი დამკვეთის სურვილებისა და პიროვნების გაცნობა, შემდეგ კი კვლევა და ობიექტის შესწავლა, რათა სივრცე ადამიანზე მორგებული იყოს და მის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. შემოქმედებით პროცესსა და სხვა საინტერესო თემებზე დღეს მარი ზურაბიშვილი Homeis.ge-თან საუბრობს.

მარი, გვიამბეთ როგორ გარემოში გაიზარდეთ და როდის დაინტერესდით არქიტექტურით?

საკმაოდ ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. ვიზრდებოდი ისეთ გარემოში, რომელსაც პირდაპირი შეხება არ ჰქონია ჩემს მომავალ პროფესიასთან. თუმცა, ბავშვობიდან ყოველთვის მიყვარდა ხატვა, ციფრები და განსაკუთრებით გეომეტრია. ვსწავლობდი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში. მახსოვს, ინფორმატიკის ერთ-ერთ გაკვეთილზე, როდესაც ავტოკადის (AutoCAD) შესწავლა დავიწყეთ, პირველად მომიწია ფიგურების სიბრტყიდან მოცულობაში გადატანა და ეს პროცესი ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა. ამას დაემატა მეგობარ არქიტექტორებთან გასაუბრება, მათ სამუშაო სივრცეში მოხვედრა და ნამუშევრების გაცნობა, რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ინტერესი გამიღრმავა ამ სფეროს მიმართ. მომავალი პროფესიის არჩევა აღარ გამჭირვებია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე.

როგორ მოხვედით ამ ეტაპამდე? როგორი იყო თქვენი კარიერული გზა?

ჩემი ძირითადი მიმართულება და ინტერესის სფერო მოცულობითი არქიტექტურა იყო, თუმცა ინტერიერის დიზაინის მიმართულებითაც მომეცა პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. ეს მოხდა „studiocube”- ში. სწორედ აქ გატარებულმა რამდენიმე თვემ დამანახა ამ ორი მიმდინარეობის მჭიდრო ურთიერთკავშირი და მუშაობის პრინციპის მსგავსება. შემდეგ, „DODO Designs“- ში მუშაობის დროის, უკეთ დავინახე, რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს სამუშაო პროცესი და როგორ შეიძლება თამამად გამოყენებული ფორმები თუ მასალები, ესთეტიკურ მიმზიდველობასთან ერთად, ძალიან ფუნქციურიც იყოს.

გავრცელებული სტერეოტიპების მიუხედავად, ინტერიერის დიზაინის შექმნა არანაკლებ საინტერესო და საპასუხისმგებლო აღმოჩნდა. პირველ რიგში, ეს უკავშირდებოდა სწორ დაგეგმარებას და დეტალების ზუსტ გათვლას. ამასთანავე, დამკვეთისთვის ისეთი გარემოს მოწყობას, რომლის მიმართაც მჭიდრო ემოციური კავშირი გარანტირებული იქნებოდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არქიტექტურასთან ერთად, ინტერიერის დიზაინმაც გამიტაცა.

ვისაუბროთ, Wii Design Studio-ს დაარსებაზე, საიდან გაჩნდა სტუდიის შექმნის იდეა?

მე და ჩემი პარტნიორი, ქეთი ბიბილეიშვილი, დიდი ხნის მეგობრობის შემდეგ, კომუნიკაციისა და რჩევების გაცვლის პროცესში მივხვდით, რომ მსგავსი არქიტექტურული თუ დიზაინერული ხედვა, მუშაობის პრინციპი, ღირებულები და რაც ყველაზე მთავარია, საქმისადმი უდიდესი სიყვარული და პასუხისმგებლობა გვქონდა. გამოცდილებების დაგროვების გრძელ გზაზე, ოფისში მუშაობის პარალელურად, გარკვეული ჩარჩოებიდან გამოსვლა და ჩვენი შემოქმედებითი უნარების საკუთარ პროექტებში გამოვლენა გვინდოდა. სწორედ აქედან გამომდინარე, გაჩნდა Wii Design Studio-ს დაარსების იდეა.

საინტერესოა, როგორი იყო კომპანიის პირველი ნაბიჯები?  

ინდივიდუალურ პროექტებზე მუშაობა საოფისე საქმიანობის და სწავლის პარალელურად, საკმაოდ რთული აღმოჩნდა მრავალი ფაქტორის, განსაკუთრებით კი შეზღუდული დროის გამო. ამიტომ გადავწყვიტეთ საქმიანობის გაერთიანება და ვალდებულებების განაწილება, რაც საკმაოდ კარგად გამოგვივიდა. როდესაც მივხვდით, რომ უკვე შეგვეძლო დამოუკიდებლად მხოლოდ საკუთარ პროექტებზე გვემუშავა, ეტაპობრივად ჩამოვაყალიბეთ სტუდიის მუშაობის ფილოსოფია და 2022 წლიდან უკვე აქტიურად დავიწყეთ Wii Design Studio-ს პროექტების გაზიარება.

როგორია თქვენი მუშაობის პრინციპი და შემოქმედებითი მიდგომა?

მუშაობის პროცესი, პირველ რიგში, მოიცავს კვლევას, დაკვირვებას, არსებული მოცემულობის გაანალიზებას, შემდგომში კი შეგროვებული ინფორმაციის პროექტში გადატანას — ესთეტიკისა და სტილის კომბინაციას, რაც საბოლოოდ, პროექტს დასრულებულ სახეს სძენს. შეიძლება ითქვას, ჩვენი მთავარი „ფილოსოფია“ გამომდინარეობს ადამიანის თუ ადამიანებისგან, რომლებიც შემდგომში ისარგებლებენ ჩვენ მიერ შექმნილი სივრცით. იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორი წარმოდგენა აქვთ დამკვეთებს მომავალ პროექტზე ან დავეხმაროთ გადაწყვეტილების ჩამოყალიბებაში, პირველივე შეხვედრისას უამრავ ძირითად თუ დამხმარე კითხვას ვუსვამთ, რაც მათი პიროვნების და ცხოვრების სტილის გაცნობაში გვეხმარება, ეს კი შემდგომში ძირეულ გავლენას ახდენს უშუალოდ პროექტზე.

რისი გამოხატვა გსურთ თქვენი პროექტებით, როგორ დაახასიათებდით თქვენს ნამუშევრებს? 

ჩვენი მიზანია, შევქმნათ სივრცე, რომელშიც თითოეული დეტალი გათვლილია. რადგან ეს დეტალები მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ქმნის ისეთ ემოციურ ფონს, რომელიც როგორც დამკვეთის, ასევე სტუმრების მეხსიერებაში ღრმად ილექება. იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული პროექტი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია, როგორც მოცემულობით, ასევე „შესასრულებელი დავალებით“ და სტილით, ჩვენ ვცდილობთ, დავიჭიროთ ის ხასიათი, რაც დამკვეთს სურს და ამასთანავე, შევიტანოთ ის პროპორციები, ფერები თუ ფორმები, რაც საბოლოო ესთეტიკას განაპირობებს და სივრცეს გვაყვარებს როგორც ჩვენ, ასევე  მის მომავალ მომხმარებელს.

რას იტყოდით ქართულ არქიტექტურულ და დიზაინ სივრცეზე, რა გამოწვევების წინაშე დგას და განვითარების რა ეტაპზეა ის დღეს?

მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურა ერის თვითგამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა, ვთვლი, რომ რიგი ფაქტორების გათვალისწინებით და მათ შორის, ყველაზე მეტად ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ჩვენ ქვეყანას ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი. ამასთან, ბევრად მარტივია უკვე არსებული, ძველი ისტორიული ძეგლების დაცვა და შენარჩუნება, რესტავრაციაზე ზრუნვა ისე, რომ მათი ღირებულებები შევინარჩუნოთ. რაც შეეხება დიზაინ სივრცეს, მგონია, რომ საზოგადოება ნელ-ნელა მიდის დასკვნამდე, რომ ყველა დარგს ჰყავს სპეციალისტი და მათი ჩართულობით საქმე ბევრად უფრო სწრაფად და ხარისხიანად სრულდება. რა თქმა უნდა, საჭიროა ბაზრის კვლევა და არჩევანის სწორად გაკეთება, მაგრამ ინტერესის ზრდა უკვე პროგრესის მაუწყებელია.

რამდენად შეესაბამება ადგილობრივი პროექტები მსოფლიო სტანდარტებს, მიდგომებსა და ტენდენციებს? რამდენად ხარისხიან მომსახურებას სთავაზობენ დღეს დიზაინერები მომხმარებლებს?

როგორც აღვნიშნე, ქვეყნის განვითარების დონე პირდაპირ აისახება ხელოვნების ამა თუ იმ სფეროზე, მათ შორის არქიტექტურაზეც. ამიტომ ცხადია, რთულია, შემოქმედებითი კუთხით იყო იმ საფეხურზე, სადაც მაღალი ეკონომიკური, სოციალური თუ ტექნოლოგიური განვითარების მქონე ქვეყნები არიან. ამის მიუხედავად, ვთვლი, რომ ჩვენი არქიტექტორები თუ დიზაინერები არსებულ სიტუაციაშიც ახერხებენ ისეთი ხარისხის ჩვენებას, რაც უდავოდ დასაფასებელია. მსოფლიო სტანდარტებისა და მიდგომების გათვალისწინებასთან ერთად, არ კარგავენ ინდივიდუალიზმს და ქმნიან ნამდვილად საინტერესო პროექტებს.

რაც შეეხება დიზაინერის მომსახურების ხარისხს, აქაც პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სწორი არჩევანის გაკეთება, რაც უპირველესად, გულისხმობს ნამუშევრების გაცნობას, დამკვეთის სურვილებთან და გემოვნებასთან მსგავსების პოვნას და შემდეგ უკვე მოთხოვნის სწორად მიწოდებას. თუ ეს ეტაპები ზედმიწევნით შესრულდება, ვფიქრობ, სამუშაო პროცესის ხარისხი გარანტირებული იქნება.

დაბოლოს, გვიამბეთ მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე

ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა ფუნქციის პროექტზე, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სამომავლოდ კონკრეტული გეგმები ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ გვაქვს მიზანი, რომ ჩვენი მიმდინარე პროექტებიდან მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, რაც თავისთავად, ჩვენ ზრდას გულისხმობს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

მცენარეები ინტერიერში – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

ორსართულიანი მოდულური სახლი ინგლისში