in

თანამედროვე სტილის მყუდრო ბინა ლისის მიმდებარედ — რუსუდან ლაშხის ნამუშევარი

რუსუდან ლაშხის ახალი პროექტი ლისთან ახლოს მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 170 მ2-ია. საპროექტო დავალება თანამედროვე სტილის ბინის კეთილმოწყობასა და მყუდრო, სასიამოვნო გარემოს მიღებას გულისხმობდა.

სივრცეში ვხვდებით გრძელ დერეფნებს, სადაც საძინებელი ოთახებია განაწილებული. რემონტის მიმდინარეობისას გეგმარებითი ცვლილება არ მომხდარა, თუმცა შეიცვალა კარის სიმაღლეები —  სტანდარტული კარის ნაცვლად, მათი ზომა ჭერამდე გაიზარდა, რის გამოც დერეფანში მიმზიდველი ჩამწკრივებული კარების ერთგვარი წყობა წარმოიქმნა.

სიმყუდროვის შესაქმნელად ინტერიერში ინტენსიური ფერის ნატურალური ხის იატაკი მოეწყო, კარი კი რამდენიმე ტონით განსხვავებული ხის ანათალით დამუშავდა. სწორედ ამ ორი ელემენტის საფუძველზე შეიქმნა ბინის დიზაინ კონცეფცია და სტილისტიკა.

ბინის მთელ პერიმეტრზე დიდი რაოდენობით ვიტრაჟებია დამონტაჟებული, საიდანაც ლამაზი ხედები იშლება, მთელი დღის მანძილზე კი სივრცე მზით განათებულია. ეს ძალიან კარგია ინსოლაციისთვის, თუმცა ზაფხულის სეზონზე სიცხის თავიდან ასარიდებლად, ფანჯრები ღია ფერის ნაჭრის ფარდებით არის დაფარული, რამაც ინტერიერს სიმსუბუქე შესძინა.

პროექტში დიდი დოზითაა გამოყენებული ხის ფაქტურები, კედელი კი დამუშავებულია ღია ფერის, ტილოს ფაქტურის კედლის ქაღალდით, რომელიც სიმყუდროვეს მატებს ბინას.

მთავარ ოთახში მისაღები და სასადილო ზონაა მოწყობილი. მოსასვენებელ კუთხეში ვხვდებით ნაცრისფერ მასიურ ტახტს, რომელიც მნიშვნელოვან დეკორატიულ აქცენტს წარმოადგენს. ყურადღება მახვილდება შავი ფერის ავეჯზეც, რომელიც ორგანულად ეხამება მუქ ხის იატაკსა და ღია ფერის ტექსტილს.

სასადილო ზონაში მოთავსებულია თანამედროვე სტილის სასადილო მაგიდა და ტყავის ფაქტურის დახვეწილი სკამები, რომლებიც ერთგვარ კონტრასტს ქნის და სივრცეს ახალისებს. ფუნქციურ და დეკორატიულ როლს ასრულებს წერტილოვანი განათებაც, რომელიც მზით განათებულ სივრცეს მეტად ნათელსა და სასიამოვნოს ხდის.

სამზარეულო იზოლირებულია და მასში კედლები და იატაკი მარმარილოს ფაქტურის ღია ფერის ფილებით არის მოპირკეთებული. თავად სამზარეულოს ავეჯიც თეთრ ტონალობაშია გადაწყვეტილი, თუმცა კონტრასტის სახით ზედა თარო, ტექნიკა და სასადილო ზონა შავ ფერშია შესრულებული. ამ ოთახშიც თავს იჩენს ხის ელემენტები, რაც თანამედროვე სტილის ინტერიერს სიმსუბუქესა და სიმყუდროვეს ანიჭებს.

ბინაში გვხვდება ოთხი საძინებელი ოთახი, რომლებშიც ერთნაირი ესთეტიკა, სიმსუბუქე და დახვეწილობა იგრძნობა. თითოეული მათგანი მინიმალისტური და ფუნქციურია, ოთახებში მოწყობილია როგორც საძილე, ისე სამუშაო ზონა და სათავსოები.

მნიშვნელოვანი ყურადღება მახვილდება ერთ-ერთ საძინებელში ზოლებიან კედლის ქაღალდზე, რომელიც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს სივრცეს და გარემოს დეკორატიულად აფორმებს. ხოლო მეორე საძინებელში მსგავსი ეფექტი ლურჯი ფერის აქცენტირებით მიიღება. საძინებელ ოთახებშიც ხის ფაქტურა გვხვდება, რომელიც ავეჯსა და სათავსოებზე მეორდება.

ბინაში მოწყობილია სამი სველი წერტილი. სამივე ზონაში კედლის ნახევარზე ერთნაირი ფორმატის სხვადასხვა ფერის დეკორატიული კერამიკული ფილაა გამოყენებული. დანარჩენი კედლები კი სადა ფილებით არის მოპირკეთებული. ასევე აქცენტირებულია შავი ფერის შემრევები და აქსესუარები, რომლებიც ინტერიერის დანარჩენ ოთახებს ეხმიანება.

რუსუდან ლაშხის პროექტი დამკვეთის მოთხოვნებსა და სურვილებს სრულად აკმაყოფილებს და სასიამოვნო გარემოს ქმნის. სივრცე მაქსიმალურად ფუნქციური, კომფორტული და მოსახერხებელია, რაც იდეალურ პირობებს ქმნის საცხოვრებლად, დასასვენებლად თუ სამუშაოდ.

პროექტის ავტორი: რუსუდან ლაშხი  

გამოყენებული მასალები: 

იატაკის საფარი: BELLE MAISON

აბაზანის ფილები: BELLE MAISON

შემრევები: PALAZZANI

კედლის მოპირკეთება: NEW DESIGN

განათება: NEW LIGHT

ავეჯი: MONTE SALOTI

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

გაეცანით IPS-ის სერვისებს და ბრენდებს ფასადის და ინტერიერის მიმართულებით

6 ნათელი და საინტერესო ფერი საძინებლის დიზაინისთვის