დღეს გაგაცნობთ „Wohnung architects“-ის მორიგ ნამუშევარს, რომელიც ვერაზე, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, 30-იან წლებში აშენებულ ძველ თბილისურ აგურის სახლში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 90 მ2-ია. ბინა დამკვეთის ოჯახს ეკუთვნოდა წლების განმავლობაში, შესაბამისად, ამ სივრცეში რამდენიმე თაობამ იცხოვრა და ინტერიერიც რამდენჯერმე შეიცვალა. პროექტზე მუშაობისას მთავარი დავალება იყო ინტერიერის განახლება და ახლანდელ მობინადრეებზე მორგება. სირთულეს კი პანდემიის პერიოდი ქმნიდა, რადგან მუშაობის დიდი ნაწილი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
რადგან სახლი ძველია, თავდაპირველი გეგმარება არ შეცვლილა და მხოლოდ მცირე ცვლილებები განხორციელდა — აბაზანის სივრცე გაიზარდა, სამზარეულო და სასადილო ოთახები გაერთიანდა და მცირე ტერასა მოეწყო. ინტერიერის მთავარი აქცენტი ძველ მოხატულ ჭერზე გაკეთდა, რომელიც რემონტის პროცესში, თაბაშირ-მუყაოს რამდენიმე ფენის ჩამოხსნის შემდეგ შემთხვევით აღმოაჩინეს და დიზაინერების გადაწყვეტილებით, რესტავრაცია-კონსერვაცია ჩაუტარეს, რის შედეგადაც ჭერმა პირვანდელი სილამაზე დაიბრუნა.
„ბინაში გავაცოცხლეთ ბუხარიც, რომელიც გადმოცემით ვიცოდით, რომ ოდესღაც არსებობდა. ამაზე კედელში დამალული ძველი საჰაერო სისტემაც მიგვანიშნებდა, რომელიც კარგად იყო შენარჩუნებული. რადგან ვერ დავადგინეთ ძველი ბუხრის დიზაინი, ჩვენი ვერსია შევქმენით, რაც დამკვეთის დიდი სურვილიც იყო, ამან კი კიდევ უფრო მყუდრო გახადა სახლი“, — აღნიშნავენ პროექტის ავტორები.
ინტერიერში მაქსიმალურადაა გამოხატული დამკვეთის ხასიათი, ენერგეტიკა და ინტერესები. სახლი ერთგვარად აქ მაცხოვრებელი ადამიანების ისტორიებს აცოცხლებს და ამავდროულად, განახლებულ ესთეტიკას ქმნის. პროექტში გამოყენებულია მუხის პარკეტი, შეღებილი MDF, მუხის შპონი და ფანერის მასალები, რბილი ავეჯის უმეტესობა კი დამკვეთის პირად კოლექციას წარმოადგენს.
მისაღები სივრცე, მცირე ზომის მიუხედავად, სრულად არის ათვისებული და მყუდრო, კომფორტულ ოთახს ქმნის. კედლები თეთრ ტონალობაშია გადაწყვეტილი, შესაბამისად, მთავარი აქცენტი მოხატულ ჭერზე კეთდება, ფერები კი ავეჯისა და დეკორაციის სახით შემოდის. განსაკუთრებით თბილი ატმოსფერო ბუხრის დახმარებით იქმნება. სასიამოვნო გარემო ასევე ხის ავეჯით, მასიური ხალიჩით და დეკორატიული განათებით მიიღება. ინტერიერი ვინტაჟური და თანამედროვე სტილის ავეჯით არის გაფორმებული. ოთახში გვხვდება ძველი ტყავის ტახტი, მინის მცირე ზომის მაგიდა და ნაცრისფერი დივანი, რომელიც დეკორატიულ რადიატორს ეხამება. მისაღებშია მოწყობილი მცირე ბიბლიოთეკაც, რაც უფრო მშვიდ და სასიამოვნო განწყობას ქმნის.
მისაღები სამზარეულო და სასადილო ზონასთან ერთიანდება, თუმცა ზონირებისთვის ამ ნაწილში იატაკზე ღია ფერის ფილებია დაგებული.
სასადილო კუთხეში მთავარი აქცენტი ლამაზად მოხატულ ჭერზე კეთდება, ავეჯი კი ვინტაჟური დიზაინის, ტყავისა და ჭილოფის ფაქტურებით არის გაფორმებული.
სამზარეულო ფისტას ფერ, მონაცრისფრო ტონალობაშია გადაწყვეტილი და თეთრი მცირე ზომის ფილებით არის მოპირკეთებული, ხოლო კონტრასტის სახით, შავი შემრევები და ტექნიკაა გამოყენებული. დახურული თაროები და კარადები მთელ კედელზეა დამონტაჟებული და საკმაოდ ტევად სათავსოს ქმნის. შესაბამისად, სამზარეულო ფუნქციური და მოსახერხებელია.
მთავარი საძინებელი ნათელი, ღია ინტერიერით ხასიათდება. აქაც წამყვანი დიზაინ ელემენტი მოხატული ჭერია, რომელიც ოთახს გამორჩეულ იერსახეს სძენს. სივრცე ღია ვარდისფერი რბილი საწოლით, კლასიკური დიზაინის ოქროსფერი სარკით და ტევადი ხის კარადებით არის გაფორმებული, რაც ამ ზონას სიმყუდროვეს მატებს.
საბავშვო ოთახი უფრო მეტად ფერადია, რის გამოც აქ სასიამოვნო განწყობა იგრძნობა. მოხატულ ჭერს ეხამება ხალიჩები და რბილი ავეჯი. კარადები და მცირე ზომის მაგიდა კი ცისფრად არის შეღებილი. საძილე ზონასთან ერთად, ოთახში ასევე მოწყობილია სამეცადინო, სათამაშო და დასასვენებელი კუთხეები, შესაბამისად, საძინებელი მრავალფუნქციური და პრაქტიკულია.
სააბაზანო თეთრი, ვარდისფერი და ნაცრისფერი მცირე ზომის ფილებით არის მოპირკეთებული, რაც სასიამოვნო გარემოს ქმნის. ჰიგიენური ზონები კი ისეა გადანაწილებული, რომ ერგონომიული სივრცე მიიღება.
„Wohnung architects“-ის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი ძველი მოგონებების მატარებელია სახლია, რომელშიც საინტერესოდ ცოცხლდება ისტორიული ელემენტები. განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ძველი მოხატული ჭერი, რომელიც თითქმის ყველა ზონაში გვხვდება. ბუხარი, ძველებური ავეჯი და თანამედროვე დეკორაცია კი სახლს ავთენტურ იერსახეს ანიჭებს.
„ეს ინტერიერი ძალიან ჰგავს მფლობელს და მის ხასიათს გამოხატავს. ალბათ იმიტომ, რომ მან დიდი მონაწილეობა მიიღო ინტერიერის შექმნაში. ეს არის ძალიან მყუდრო, საყვარელი, „სახლური“ ბინა. მიუხედავად ინტერიერის ცვლილებისა, ის სავსეა ისტორიებით და მოგონებებით, ამიტომ სახლი ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია, ჩვენთვის კი გამორჩეულად საყვარელი პროექტია“, — სალომე სიხარულიძე და ეკატერინე ჩხეიძე.
პროექტის ავტორი: სალომე სიხარულიძე, ეკატერინე ჩხეიძე
არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია: „Wohnung architects“