in

ინდუსტრიული დიზაინის სახასიათო სასტუმრო ქუთაისში — სტუდია „SAMI_“-ის ნამუშევარი

სასტუმროს პროექტი ქალაქ ქუთაისში სტუდია „SAMI_“-ის ახალი ნამუშევარია, რომელიც წერეთლის ქუჩაზე მდებარეობს და მისი ფართობი 329,62 მ2-ია. საპროექტო დავალება გულისხმობდა ინდუსტრიული, თანამედროვე, ახალგაზრდული დიზაინის მოწყობას, რომელიც ქუთაისის ტიპური სასტუმროებისგან განსხვავებული იქნებოდა. დამკვეთს სურდა სტუმრებისათვის განკუთვნილ ლობიში/მისაღებში შექმნილიყო საერთო სარგებლობის სხვადასხვა ფუნქციური სივრცე, როგორებიცაა — მოსასვენებელი, სამუშაო და გასართობი ზონები.

მუშაობის პროცესში გარკვეულ სირთულეს ქმნიდა ადგილმდებარეობა, რადგან პროექტი ქუთაისში მდებარეობს, ამიტომ დიზაინერებს დისტანციურ რეჟიმში უხდებოდათ მუშაობა. ასევე, სასტუმრო არსებული კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობს, რის გამოც საჭირო იყო მაქსიმალურად რაციონალურად მომხდარიყო ფართის ათვისება და შეზღუდვების მიუხედავად, მაქსიმალურად კომფორტული გარემო შექმნილიყო.

ინდუსტრიული დიზაინის მისაღწევად, იატაკზე ბეტონის მოჭიმული საფარია გამოყენებული, კედლები კი „project folie“-ის ჯგუფის მიერ დეკორატიული ლესვით არის დამუშავებული. ასევე ყურადღებას იქცევს მინა-ბლოკის კედლები, რომლებიც ყველგან ფიგურირებს და ერთგვარად კრავს ინდუსტრიულ ინტერიერს.

ლობიში თავმოყრილია სხვადასხვა ფუნქციური ზონა, რომლებიც ერთმანეთისგან ავეჯით არის გამიჯნული. ამ სივრცეში თავისუფლად არის შესაძლებელი კომფორტულად დასვენება, მუშაობა, წიგნის კითხვა, ნაცნობებთან თუ უცნობებთან ურთიერთობა და სადილობა. ინტერიერში აქტიურად არის გამოყენებული ხის მასალა, რაც ბეტონის იატაკსა და გალესილ კედელს აბალანსებს და ოთახს სიმსუბუქეს სძენს. თბილ ატმოსფეროს ქმნის ჭრელი ხალიჩებიც, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციურ ზონაშია განთავსებული და რბილი ფერადი ავეჯი.

ინდუსტრიულ დიზაინს სიხალისესა და ფერადოვნებას მატებს ბუნებრივი გამწვანება, დეკორატიული სანათები და კედლის პრინტი, რომელიც ხელოვან სანდრო ფაჩუაშვილს ეკუთვნის.

„პრინტი ბოლო მომენტში შეირჩა. გვინდოდა რაღაც ჟან-მიშელ ბასკიას მსგავსი გვქონოდა ინტერიერში. დიდი მადლობა ნამუშევრის ავტორს, სანდრო ფაჩუაშვილს და ჩვენს დამკვეთს, რომელმაც თავად იპოვა საქართველოს არტ სივრცეში ეს ნიჭიერი არტისტი”, — აღნიშნავს „SAMI_”-ის გუნდი.

სასტუმრო 9 ნომრისგან შედგება, რომლებიც ახალგაზრდა მოგზაურ სტუმრებზეა მორგებული. ოთახებში დომინანტურ როლს წითელი ფერი ასრულებს, რომელიც ჭერზე, კარებსა და საწოლებზე გვხვდება. ჭერის ფერი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს და სწორედ ის განსაზღვრავს ოთახების მთავარ ხასიათსა და დამახასიათებელ სტილისტიკას.

საძინებლები მინიმალისტურად არის გაფორმებული რბილი ავეჯითა და ხის სათავსოებით, მყუდროების მისაღწევად კი იატაკი რბილი ტექსტილით არის დაფარული. ოთახები ღია გეგმარებისაა, შესაბამისად, დიდ ყურადღებას იქცევს სველი წერტილები, რომლებიც საძინებელ ზონასთან ჰარმონიულად ინტეგრირდება.

დამკვეთს სურდა, სასტუმროს თითოეულ ნომერში ერთ-ერთი საინტერესო და წამყვანი დეტალი ყოფილიყო სააბაზანო.ოთახები რეტრო დიზაინით, ცისფერი და შავ-თეთრი წყობის ფილებით არის მოპირკეთებული, ფილები გვხვდება თავად საძინებელ ზონებშიც, რაც თავისებურ ხიბლს მატებს სივრცეს და ინდუსტრიული დიზაინის ინტერიერს კიდევ უფრო საინტერესოსა და ორიგინალურს ხდის.

„SAMI_”-ის მიერ შესრულებული სასტუმროს ინტერიერი ფერადოვნებით, ინდივიდუალიზმით, სახასიათო ესთეტიკითა და თანამედროვე იერით ხასიათდება. ორიგინალური დიზაინის წყალობით, სივრცე განსხვავებულ გარემოს სთავაზობს ნებისმიერ სტუმარსა და მოგზაურს, რომლებსაც თავგადასავლები იტაცებთ და მყუდრო დასასვენებელ, გასართობ თუ სამუშაო ადგილს ეძებენ.

პროექტის ავტორები: ნატალია მანჯგალაძე, თამარ მოსიაშვილი, ციცი მანაგაძე არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია: SAMI_

გამოყენებული მასალები:

აბაზანის ფილები: „VitrA Georgia“

შემრევები: „VitrA Georgia“

კედლის მოპირკეთება: „project_folie“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

რა უნდა გავითვალისწინოთ ბრტყელი გადახურვის შემთხვევაში?

5 ფერი, რომელიც ნაცრისფერ საძინებელს განსაკუთრებით უხდება