in

მარტივი და სადა ფორმებით შექმნილი განსხვავებული დიზაინი კრწანისში — „OA studio”-ს ნამუშევარი

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ სტუდია „OA studio“-ს პროექტს, რომელიც თბილისში, კრწანისში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 380 მ2-ია. დამკვეთის მთავარი მოთხოვნა იყო მარტივი, სადა ფორმების გამოყენება და ღია ლურჯ ფერზე აქცენტის გაკეთება. ამასთანავე, საპროექტო დავალება გულისხმობდა მშვიდი, სასიამოვნო საცხოვრებლის მოწყობას, რომელიც კომფორტულთან ერთად, მიმზიდველიც იქნებოდა.

დიზაინ კონცეფციაც სწორედ მარტივ და სადა ფორმებზე აიგო, თითოეული სივრცე კი საინტერესო დეტალებით გამოიკვეთა. პროექტის მიმდინარეობისას მთავარი გამოწვევა დასახული მიზნის მცირე დროის მონაკვეთში შესრულება იყო. ამასთანავე, გარკვეულ სირთულეებს ქმნიდა ტექნიკური დეტალები — გამწოვის სიმაღლე და ფერი, ბუხრის მონტაჟი და გამართულობა, ჩაშენებული ავეჯის სიმაღლეები, თუმცა პროექტის ავტორებმა ყველა გამოწვევას  წარმატებით გაართვეს თავი.

საცხოვრებელი მოიცავს 3 საძინებელს, მისაღებ ოთახს, სამზარეულოს, სასადილო ზონასა და სახელოსნოს. ამასთანავე, საპარკინგე სივრცეში მოწყობილია ბარი, კინოთეატრი და მოტოციკლის შოურუმი, რაც დამკვეთის დიდი გატაცებაა. სახლი ერთსართულიანია, შესაბამისად, ყველა შიდა სივრცეს სხვადასხვა დანიშნულების მქონე ტერასა აქვს.

პროექტში მრავლადაა გამოყენებული ბუნებრივი მასალები, როგორიცაა ქვა, ხე, მეტალი, მინა და კერამო-გრანიტის ფილები.

იატაკი ღია ფერის ხის საფარით არის მოპირკეთებული, რაც სივრცეს სასიამოვნო იერსახეს სძენს, კედლები ცისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი, რაც დამამშვიდებელ ეფექტს ქმნის. შემოსასვლელ ზონაში გვხვდება ქვის ფაქტურის კიბეები, ის ორგანულად ერწყმის მეტალის პანელებით დაფარულ კედელს, რომელიც საინტერესო დეკორატიული და კონტრასტული ელემენტია.

მთავარი ოთახი ღია გეგმარებით ხასიათდება და მასში ფუნქციურადაა გადანაწილებული მისაღები, სასადილო და სამზარეულო ზონები. ოთახი საკმაოდ ვრცელი და ნათელია, რადგან მთელს სიგრძეზე დიდი ვიტრაჟები და მინის კარებია განთავსებული.

სახლის ერთ-ერთი გამორჩეული და სახასიათო დეტალია ბუხარი, რომელიც მეტალის მასიურ კონსტრუქციაშია მოქცეული და მინით არის მოპირკეთებული.

მისაღები ოთახის ცენტრში გაჩნდა კოლონა, რომლის გარშემოც ბუხარი მოეწყო. დამკვეთის სურვილი იყო, რომ ბუხარი არ ყოფილიყო მასიური და გამოგვეყენებინა შუშა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტექნიკური პრობლემა შეგვხვდა, ჩვენ ეს შევძელით და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ბუხარი მთლიანად შუშისაა და მისი სიმაღლე 5 მეტრია (შუშის მონაკვეთი 3.3 მეტრი). სწორედ ბუხარია პირველი, რაც სახლში შესვლის დროს გვხვდება და ზუსტად ის ეფექტი აქვს, რაც დამკვეთის და ჩვენი სურვილი იყო”, — „OA studio”.

ბუხრის ირგვლივ განთავსებულია ღია ფერის რბილი ავეჯი და ტელევიზორის კედელი, რომელიც ხის ღია და დახურული თაროებისგან შედგება და საკმაოდ ტევად, ფუნქციურ და დეკორატიულ სათავსოს ქმნის.

ოთახის ცენტრალური ნაწილი სასადილო ზონას ეთმობა, სადაც მასიური შავი მაგიდა და ღია ყავისფერი ტყავის ფაქტურის სკამები გვხვდება. ამ კუთხის ხაზგასასმელად გამოყენებულია დიდი დეკორატიული სანათებიც.

სამზარეულოში აქტიურად გვხვდება ცისფერი ტონალობა და ხის მასალა. ზონირებისთვის იატაკზე დაგებულია თეთრი ფილები, რომლებიც იდეალურად ერწყმის სამზარეულოს ზედაპირზე დამონტაჟებულ მცირე ფორმატის თეთრ ფილებს. სამზარეულოს ავეჯი ცისფერი მასალით არის დამუშავებული, კონტრასტის სახით კი გამწოვზე ოქროსფერია გამოყენებული. სამზარეულოს კუნძულთან ხის მასიური კარადა გვხვდება, რომელშიც სათავსოები და ჩაშენებული ტექნიკაა მოთავსებული.

სამზარეულოდან მოძრავი კარით ტერასაზე გავდივართ, სადაც ლამაზი ხედები იშლება და მცირე სასადილო კუთხეა მოწყობილი.

მთავარი საძინებელი კიდევ ერთი გამორჩეული ზონაა საცხოვრებელში, რომელიც ღია გეგმარებისაა და ერთ სივრცეში საძილე და სააბაზანო კუთხეს აერთიანებს. ოთახში მშვიდი ატმოსფერო იგრძნობა, რაც ღია ფერების, ცისფრისა და თეთრის აქცენტირებით მიიღწევა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება განათებასა და მცირე ზომის ავეჯს, რაც ბევრად ეფექტურს ხდის ინტერიერს.

სველ წერტილს საძინებლისგან მცირე ტიხარი მიჯნავს, რომელიც საწოლის თავის ფუნქციასაც ასრულებს. სააბაზანოში მნახველის თვალს იტაცებს 3 მეტრის სიმაღლის კერამო-გრანიტის ფილები, რომლებზეც ფოთლის პრინტებია გამოსახული. აღსანიშნავია, რომ ნახატი „OA studio”-ს მიერ არის შექმნილი, შემდეგ კი იტალიაშია დაპრინტული. ეს დეტალი ინტერიერს ინდივიდუალურობასა და სახასიათო იერს სძენს.

სახლის დანარჩენი სააბაზანოებიც ორიგინალურად არის მოწყობილი, სადაც ცისფერი ტონალობა, ხის ავეჯი, მუქი ლურჯი და მწვანე ფერის მცირე ზომის ფილები დომინირებს.

ბარისა და მოტოციკლის შოურუმის ინტერიერი მუქ ფერებშია გადაწყვეტილი. სივრცეები მოსახერხებელ ზონას ქმნის, რომელშიც დამკვეთის ინტერესები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული.

„OA studio”-ს პროექტი წარმოადგენს საინტერესო დიზაინის მქონე საცხოვრებელს, რომელიც განსხვავებული, ორიგინალური დეტალებით ხასიათდება. სივრცე თანამედროვე დიზაინისაა და სადა, მსუბუქი, მარტივი ფორმებით გამოირჩევა. სიმარტივის მიუხედავად, ყველა დეტალი გემოვნებიანად არის შექმნილი და დახვეწილ, ფუნქციურ, სახასიათო და ინდივიდუალური სტილის საცხოვრებელს ქმნის.

პროექტის ავტორი: ალექსანდრე ბალესიაშვილი, ოთარ გოგოავა.

ინტერიერს დიზაინის სტუდია: OA studio

სარემონტო ჯგუფი: Tekton

გამოყენებული მასალები:   

სამზარეულოს ავეჯი: „Scavolini“

იატაკის საფარი: „Scheucherparkett“

აბაზანის ფილები: „Iris ceramica

შემრევები: „Gessi“, „Villery and Boch“

კედლის მოპირკეთება: „კაპაროლი“ 

ავეჯი: „Living divani“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: Mike Makarenko

რა უნდა გავითვალისწინოთ დასაკიდი უნიტაზის შეძენისა და მონტაჟისას?

ხარისხიანი სამზარეულოსათვის საჭირო მახასიათებლები