in

სამზარეულო ფერადი აქცენტებით — რამდენიმე საინტერესო ნამუშევარი ქართული პროექტებიდან

ფერადი სამზარეულო თანამედროვე დიზაინში საკმაოდ ტრენდული და მოთხოვნადია. იმის გამო, რომ სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და ფუნქციური ზონაა, მნიშვნელოვანია მასში განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნა და ორიგინალური გარემოს მოწყობა. ფერებით თამაში კი ამის მისაღწევად საუკეთესო გზაა. განსხვავებული ტონების გამოყენებით თქვენ შეძლებთ ნათელი და ხალისიანი სივრცის შექმნას და ინდივიდუალიზმის გამოხატვას, რომელიც თქვენს ხასიათსა და გემოვნებას გაუსვამს ხაზს. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ფერადი სამზარეულოების რამდენიმე საინტერესო პროექტს ქართული ნამუშევრებიდან, რომლებიც ინტერიერის მოწყობასა და შთაგონების მიღებაში დაგეხმარებათ.

1. ბინა ვაკეში — სანდრო კვირიკაძის ნამუშევარი

დიზაინერ სანდრო კვირიკაძის გამორჩეული ნამუშევარი მნახველში ნამდვილ აღტაცებას იწვევს. გემოვნებით შესრულებული დეტალები, ფერადი აქცენტები და ბუნებრივი მასალები საინტერესო ესთეტიკასა და ორიგინალურ იერსახეს ქმნის. სამზარეულოს კედლებზე დატანილი ტერაკოტას წვრილი ფილები ორგანულად ერწყმის ხის ავეჯსა და თითბერის ოქროსფერ სახელურებსა თუ შემრევებს. იატაკის ზედაპირზე დაგებული ტერაცოს ფილები კი დომინანტურ ყავისფერს აბალანსებს და ინტერიერს სიმსუბუქეს სძენს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

2. ბინა საბურთალოზე — თამარა წითლიძის ნამუშევარი

თამარა წითლიძის პროექტში ლურჯი ფერი დომინირებს, რომელიც ბინის ყველა ზონაში გვხვდება. განსაკუთრებით საინტერესო ამ მხრივ სამზარეულოა, რომელიც ადგილის სიმცირის მიუხედავად, საკმაოდ ფუნქციურ, ერგონომიულ და პრაქტიკულ სივრცეს ქმნის და მიმზიდველი ესთეტიკითა და დახვეწილი იერსახით გამოირჩევა. მუქი ლურჯი ფერი, რომელიც სამზარეულოს ავეჯზე, კედელსა და სასადილო სკამებზე გვხვდება, იდეალურად ერწყმის შავ აქცენტებს და ელეგანტურ ინტერიერს განაპირობებს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

3. ბინა უნივერსიტეტის ქუჩაზე — თაკო უნდილაშვილის ნამუშევარი

თაკო უნდილაშვილის ამ ნამუშევარში ერთ-ერთი გამორჩეული ზონა ფერადი სამზარეულოა, რომელშიც ღია ცისფერი ტონალობა გვხვდება. სწორედ ცისფრის აქცენტირებით მიიღება სადა, ნაზი, მაგრამ ამავდროულად მდიდრული და ელეგანტური გარემო, რომელიც სახლს სრულიად განსხვავებულ იერს სძენს და ბინას აცოცხლებს. აღსანიშნიშნავია, რომ ცისფერ ტონს ჰარმონიულად ერწყმის თეთრი ნიჟარა, ოქროსფერი შემრევები და ავეჯის სახელურები.

იხილეთ პროექტი დეტალურად

4. სახლი ლისის ტბის მიმდებარედ — სტუდია „Design It”-ის ნამუშევარი

ფერადი სამზარეულოს კიდევ ერთი საინტერესო ნიმუშია სტუდია „Design It”-ის პროექტი. ფირუზისფერი სამზარეულო სახლში მთავარ აქცენტირებულ კუთხეს ქმნის და ღია გეგმარების მქონე სივრცეში ფუნქციურ ზონებს ერთმანეთისგან მიჯნავს. ის ასევე ხასიათსა და ორიგინალურობას მატებს დიზაინს და გარემოს ახალისებს. ხაზგასასმელია ისიც, რომ ფირუზისფერ ავეჯს საინტერესოდ ეხამება მარჯნისფერი ფილები, რის გამოც სამზარეულო უფრო ღრმა და მიმზიდველი ხდება.

იხილეთ პროექტი დეტალურად

5. ბინა მთაწმინდაზე — თამა კალანდიას ნამუშევარი

ფერადი აქცენტები ორგანულად და გემოვნებიანად ეხამება ერთმანეთს თამა კალანდიას პროექტშიც. სამზარეულო ღია ხაკისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი, რომელსაც მიმზიდველობას მატებს ხის ავეჯი და ფერადი კედლის ქაღალდი. ელეგანტურობის ხაზგასასმელად გამოყენებულია ოქროსფერი შემრევები და სახელურები. ფერების თამაშით სახასიათო, პოზიტიური და ცოცხალი ატმოსფერო იქმნება, რომელიც მნახველში აღტაცებას იწვევს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

6. სახლი კრწანისში — სტუდიაა „OA studio”-ნამუშევარი

„OA studio”-ს პროექტში სახასიათო იერი და მომხიბვლელი დიზაინი ცისფერი სამზარეულოსა და ღია ხისფერი ავეჯის გამოყენებით მიიღწევა. კონტრასტის შემოსატანად ზონაში გვხვდება შავი დეტალები და ოქროსფერი დიდი ზომის გამწოვი, რომელიც დეკორატიულ როლსაც ითავსებს. ნათელი ინტერიერის მისაღებად და ჰარმონიული გარემოს შესაქმნელად სამზარეულოს წინსაფარი და იატაკი თეთრი ფერის სხვადასხვა ფორმატის ფილებით არის მოპირკეთებული, რაც სისადავეს და სინაზეს მატებს ამ ზონას.

იხილეთ პროექტი დეტალურად

7. ბინა ბურჯანაძის ქუჩაზე — ხატია ცირგაიას ინტერიერი

მეპატრონემ ეს ბინა საკუთარი გემოვნებით, დამოუკიდებლად მოაწყო და ერთ-ერთ გამორჩეულ ზონად სწორედ სამზარეულო აქცია. ფერადი აქცენტების თამაშით, ძალიან ცოცხალი, სასიამოვნო და ორიგინალური ინტერიერი მიიღება, რომელშიც თეთრ ავეჯს წითელი და ცისფერი დეტალები ახალისებს, დეკორაციები კი სივრცის ხასიათს გამოკვეთს. სწორედ სხვადასხვა ფერის გამოყენებით მიიღება ინდივიდუალური სტილი, რომელშიც მაცხოვრებლის გემოვნება და განწყობა იგრძნობა.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ავტორი: მეკო მეტრეველი

რა გავლენას ახდენს კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა ადამიანის ცხოვრების ხარისხზე

SS.ge ღონისძიება „homeis შეკრების“ პარტნიორია