in

მონოქრომული ინტერიერი ფერადი აქცენტებით საბურთალოზე

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ საბურთალოზე, ნატახტრის ქუჩაზე მდებარე ბინას, რომლის საერთო ფართობი 110 მ2-ია. ბინის მაცხოვრებლებმა სახლი საკუთარი გემოვნებით მოაწყვეს და დიზაინერის გარეშე საკმაოდ რთულ გამოწვევებს გაართვეს თავი. ბინის მეპატრონე ახალგაზრდა წყვილი მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს, ინტერიერის დიზაინთან მათ არანაირი კავშირი არ აქვთ, თუმცა სხვადასხვა საგნის საკუთარი ხელით შექმნა ორივეს იტაცებს.

ჩვენმა რესპონდენტებმა ბინა 2022 წელს შეიძინეს და უპირველესად, ხელსაყრელი ადგილმდებარეობით და სახლის გეგმარებით მოიხიბლნენ.

ვეძებდით ისეთ ლოკაციას, რომელიც ყველაფერთან ახლოს იქნებოდა, განსაკუთრებით ჩვენს სამსახურებთან. როდესაც ბინის დასათვალიერებლად მივედით და აივნიდან ხედი ვნახეთ, ორივემ წარმოვიდგინეთ, როგორი სასიამოვნო იქნებოდა აქ სამსახურის შემდეგ დასხდომა და დასვენება. თან ყველა ოთახს საკუთარი აივანი აქვს, რაც დიდი უპირატესობაა. ამასთანავე, იპოდრომის ტერიტორიასთან ახლოსაა, სადაც მალე ცენტრალური პარკი გაშენდება და ამანაც მოგვხიბლა, რადგან 5 წლის შვილი გვყავს და გვსურდა, რომ ბავშვისთვისაც საინტერესო სივრცე გვქონოდა. ხელსაყრელი ადგილმდებარეობა და სიმშვიდე, არანაირი მანქანის გამონაბოლქვი და ხმაური – ამ უპირატესობებს ემატებოდა ისიც, რომ კორპუსს მონოლითური საძირკველი აქვს და მიწისძვრის მიმართ მდგრადი კონსტრუქციით არის შენებული”.

მაცხოვრებლებს ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადაეცათ. რემონტის მიმდინარეობისას საჭირო გახდა იატაკის ხელახლა დასხმა, გასწორება და აბაზანის გალესვა. ამასთანავე, შეიცვალა თავდაპირველი გეგმარება, პროექტით გათვალისწინებული 2 საძინებლის მაგივრად, 3 ოთახი დაპროექტდა, მისაღები და აბაზანა კი გაფართოვდა. გეგმარებითი ნაწილი ოჯახის მეგობარმა, არქიტექტორმა, ირაკლი გოგოხიამ შეასრულა (Biji Architecture), რომლის დაპროექტებული სივრცის მიხედვით, მაცხოვრებლებმა ინტერიერის დიზაინი მოაწყვეს.

წყვილისთვის მნიშვნელოვანი იყო მინიმალისტური, კომფორტული სივრცის შექმნა, რომელიც ოჯახის თითოეულ წევრს თავს სასიამოვნოდ აგრძნობინებდა. იმის გამო, რომ ჩვენი რესპონდენტები ბიუჯეტის მხრივ შეზღუდულები იყვნენ, სხვადასხვა ხელსაყრელი გადაწყვეტილების მოფიქრება უხდებოდათ, რათა სასურველი შედეგი მიეღოთ.

იქიდან გამომდინარე, რომ რემონტის ბიუჯეტში შეზღუდულები ვიყავით, ვცდილობდით, მოგვეძებნა ხელსაყრელი ვარიანტები. ვკითხულობდით სტატიებს, რჩევებს, ვნახულობდით ვიდეოებს, სადაც გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანები მომხმარებელს უზიარებდნენ ინფორმაციას. ასე გავიგეთ, მაგალითად, სამზარეულოს “სამკუთხედური განლაგების” შესახებ. ანუ რა პრინციპით უნდა განათავსო მაცივარი, სამუშაო ზონა, გაზქურა და ნიჟარა”, — აღნიშნავს წყვილი.

ინტერიერი სადა, კრემისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი, ფერადი აქცენტები კი ავეჯის სახით შემოდის. წყალგამძლე ვინილის იატაკი, რომელიც სამზარეულოშიც გვხვდება, ბინის მთლიანობას უსვამს ხაზს. ამას გარდა, ერთიანობის შეგრძნებას აძლიერებს საგანგებოდ შერჩეული პლინტუსებიც, რომელთა გადაბმა არ ჩანს, რაც კედლებს უფრო ეფექტურს ხდის.

სტუდიოს ტიპის ბინაში სამზარეულო და მოსასვენებელი ზონა ერთმანეთთან ერთიანდება. მისაღებში მაცხოვრებლებმა დიდი ყურადღება დაუთმეს ტელევიზორის კუთხის მოწყობას და შესაბამისი ტახტის შერჩევას, რომლის კრემისფერ ტონალობას ხაკისფერი დეკორატიული ბალიშები შეუხამეს. საინტერესო დიზაინით გამოირჩევა ტელევიზორის კედელიც, რომელიც სადენებისა და ჩამრთველების დასამალად სპეციალურ კონსტრუქციაზეა მოწყობილი.

მაღალი ვიტრაჟების გამო, მნიშვნელოვანი იყო ფარდების სწორად შერჩევა. მაცხოვრებლებმა უპირატესობა Mien Textile-ის მუქი ტონის ტექსტილს მიანიჭეს, რომელიც მზის შუქს არ ატარებს და ოთახში ტემპერატურის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ბინაში ერთ-ერთი გამორჩეული ზონაა სამზარეულო. სამზარეულოს ავეჯი ზეთისხილისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი, რაც ინტერიერს ძალიან ალამაზებს და ახალისებს. აქვე გვხვდება Kraus-ის ბრენდის ნიჟარა, სამზარეულოს ზედაპირები კი ქვით არის მოპირკეთებული. ეს კუთხე საკმაოდ ფუნქციურია, რადგან ტევადი კარადებითა და თაროებით არის დატვირთული, რომელთა მიღმა ჭურჭელი, საჭირო ნივთები და ინვენტარია მოქცეული. სამზარეულოს კუნძული სადა და მინიმალისტურია, ის ერთი მხრივ, მიჯნავს შემოსასვლელ და სამზარეულო ზონას ერთმანეთისგან, მეორე მხრივ კი სასადილო მაგიდის ფუნქციას ითავსებს.

ინტერიერში ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჭერის დეკორატიული და წერტილოვანი განათება, რომელიც სივრცეს სიმსუბუქესა და მიმზიდველობას სძენს.

მთავარი საძინებელი ელეგანტურ და დახვეწილ კუთხეს ქმნის, რომელშიც კლასიკური აქცენტები იკვეთება. კონტრასტის სახით გვხვდება წითელი საწოლი და ამავე ფერის რბილი საწოლის თავი, რომელიც დომინანტურ როლს ასრულებს ინტერიერში. ოთახი კლასიკური სტილის ღია ფერის ავეჯით არის გაფორმებული, რაც წითელ შტრიხებს აბალანსებს. სივრცის ფუნქციურობას ზრდის ჩაშენებული საგარდერობო ზონაც, რომელიც მოძრავი კარით არის გამოყოფილი.

საბავშვო საძინებელი ტევადი კარადებით და თაროებით არის დაკომპლექტებული. აქვეა სამედიცინო კუთხეც. ოთახში ორი მოზრდილი საწოლი დგას, რომლებიც მონოქრომული ინტერიერის ტონებს ორგანულად ეხამება.

მესამე საძინებელი შედარებით სადა და მოკრძალებულია. ამ შემთხვევაშიც უმეტესად კრემისფერ და ნაცრისფერ ტონებს ვხვდებით. ფართობის სიმცირის მიუხედავად, ეს სივრცეც საკმაოდ ფუნქციურია.

აბაზანაში პასტელური ფერები დომინირებს, თუმცა მკვეთრი აქცენტის სახით ყვითელი დეტალები გვხვდება, რაც სივრცეს ბევრად ცოცხალს და საინტერესოსა ხდის.

 

ამ სახლს შევარქვით „ოცნების სახლი”, რადგან ზუსტად ისეთია, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდით და წარმოვიდგენდით. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც იღვიძებ და დროს ატარებ ისეთ სივრცეში, რომელზეც მუდამ ფიქრობდი, ხოლო როდესაც ეს წარმოსახვა და ჩანაფიქრი რეალობად იქცევა, საოცარი გრძნობა გეუფლება“, — აღნიშნავენ ჩვენი რესპონდენტები.

გამოყენებული მასალები:  

სამზარეულოს ავეჯი: ელ თი ბი; ზედაპირი- All stone

პლინტუსები: Decoroom

იატაკის საფარი: ჯაოკენი

აბაზანის ფილები: ჯაოკენი

შემრევები: Grohe

შპალერი: ჯაოკენი

განათება: ახალი ნათება, Brand R

ავეჯი: მოდერნო, ელ თი ბი,  Chairs from Turkey

გარე ავეჯი: Naterial

ავეჯის სახელურები: Zara Home

ტექსტილი: DecorTex, Mien Textile

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

როგორ გავხადოთ აბაზანა თანამედროვე და დახვეწილი? – 4 საინტერესო მეთოდი

21 სექტემბერს დიზაინ ინსტიტუტში AT Architect-ის ორგანიზებით განათების დღე გაიმართა