in

თანამედროვე არქიტექტურისა და გარემოს ჰარმონიული სინთეზი „მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ პროექტში – MUA-ს ნამუშევარი

MUA-ს მორიგი ნამუშევარი — „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ზღვისპირა კურორტზე, ბათუმთან ახლოს, შავი ზღვის სანაპიროზე – მწვანე კონცხზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 16,600 კვ.მ-ია.

საპროექტო ტერიტორია გარშემორტყმულია სუბტროპიკული მცენარეებით, რომელიც ზღვას გადაჰყურებს და მთავარი გზიდან ადვილად მისაწვდომია. ხოლო მიმდებარედ არსებული ბათუმის ბოტანიკური ბაღი ამ გარემოს დამატებით ხიბლს ანიჭებს.

განაშენიანება ძირითადად ხასიათდება დაბალი ინტენსივობის ინდივიდუალური სახლებითა და ტურისტული ინფრასტრუქტურით. ძველი დანგრეული, მაგრამ  საბჭოთა ეპოქის ლამაზი დასასვენებელი შენობები კი დასახლების მთელ ტერიტორიაზეა მიმოფანტული.

პროექტი წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურის, ბუნებრივი ლანდშაფტის შენარჩუნებისა და საზოგადოებაზე ორიენტირებული დიზაინის ნაზავს. მისი ძირითადი მიზანიც, სწორედ შენობის გარემოსთან შეუფერხებელი ინტეგრირება  და არსებულ ტოპოგრაფიასთან შერწყმაა. გენერალური გეგმა მოიცავს ორ საგულდაგულოდ დაგეგმილ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს და მესამე შენობას — „House of Wellness“. აღსანიშნავია, რომ გენერალური გეგმა ისეა შემუშავებული, რომ უზრუნველყოფს ჰარმონიულ კავშირს საცხოვრებელ სივრცეებსა და რეკრეაციულ ობიექტებს შორის.

„პროექტირებისას ხელუხლებლად დავტოვეთ ძველი მარშრუტები, რომელიც ახლა ორ ახალ საცხოვრებელ შენობას შორის მოექცა. ღია სასტუმროს ტიპოლოგია, რომელიც მჭიდრო კავშირშია მის შემოგარენთან, არქიტექტურა და დიზაინის კონცეფცია სიმარტივით არის ნაკარნახები. თითოეული სართულს, გამჭვირვალე მინის ფასადი აქვს, რაც ყველა მხრიდან ულამაზეს ხედს იძლევა. მთელი კონცეფცია ეყრდნობა ლანდშაფტისა და გარემოს შენარჩუნებასშენობის კონტურები უერთდება რეალურ რელიეფს და ინარჩუნებს ადგილის ხასიათს. ხოლო მოცულობის სიმსუბუქე მიიღწევა შენობის ოდნავ აწევით, სადაც გამჭოლი პარკინგის ზონა განვითარდება“, — აღნიშნავენ MUA-ში.

პროექტის მესამე შენობა — „House of Wellness“ წარმოადგენს სარეკრეაციო ნაგებობას, რომელიც მიმზიდველა როგორც ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, ისე კურორტის ნებისმიერი სტუმრისთვის. ზღვის სანაპიროდან ოთხი წუთის სავალ მანძილზე გაშენებული ოთხ სართულიანი კონსტრუქცია მოიცავს სარეკრეაციო თუ გამაჯანსაღებელ აქტივობებს ღია და დახურულ სივრცეებში.

პროექტის ავტორების თქმით, პროექტირების პროცესში მთავარ გამოწვევებს წარმოადგენდა ლანდშაფტი, დატვირთული პროგრამა და ტერიტორიის გაბარიტული შეზღუდვები. არსებული ლანდშაფტისა და ნარგავების შენარჩუნებისთვის აუცილებელი გახდა მიწისქვეშა სამუშაოების მაქსიმალური შეზღუდვა. აქედან გამომდინარე, პარკინგი მიწისპირა სართულზე განთავსდა. ღია საცურაო აუზი, რესტორანი და ყველა ძირითადი ფუნქციის სივრცეები კი ზედა სართულებზე მოეწყო. ხაზგასასმელია ისიც, რომ რესტორნიდან და სავარჯიშო დარბაზიდან იშლება ულამაზესი ხედები ზღვის მიმართულებით, რაც პროექტს კიდევ უფრო საინტერესოს და გამორჩეულს ხდის.

„მესამე შენობის კონცეფციაზე მუშაობის ეტაპზე მუდმივად თვალწინ გვედგა სამი გამოსახულება: ადგილობრივი ლანდშაფტის გამოსახულება ახალი განაშენიანების გათვალისწინებით, საბჭოთა პერიოდის დასასვენებელი სახლების არქიტექტურა მწვანე კონცხზე და საერთაშორისო მაგალითები მსგავსი ფუნქციით. ახალი შენობის არქიტექტურა ადგილობრივი მეხსიერების სახეცვლილებაა, რომელიც ხორციელდება თანამედროვე ელემენტების საშუალებით და ერწყმის ადგილობრივ უნიკალურ გარემოს“, — ამბობენ პროექტის ავტორები.

ობიექტის დიზაინი შიშველი რკინა-ბეტონის შეკიდულ სტრუქტურას ქმნის, რომელსაც შერბილებული კუთხეები აქვს. სახურავზე განთავსებული საცურაო აუზის ქვედა ფილა დახრილია და სივრცეს უთმობს მის ქვეშ განლაგებულ რესტორანს, რომელშიც ღია და დახურული სივრცეები დასაკეცი ღიობების საშუალებით ერთიანდება. ხოლო დრამატული მოხაზულობის კიბე მთავარ შესასვლელთან ათვლის წერტილს წარმოადგენს გასართობი და გამაჯანსაღებელი სივრცეებისკენ მიმავალ გზაზე.

საინჟინრო სისტემები შენობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ტექნიკური სივრცეები აუზის ქვედა სივრცეებშია განთავსებული, თუმცა შენობის ფორმები არ ეწინააღმდეგება მათ არსებობას. გათბობა-გაგრილებისა და კონდიცირების სისტემების ნაწილი შენობის უკანა მხარესაა დაპროექტებული. გასახდელები, საპირფარეშოები, სამზარეულო, საწყობები და მომსახურე პერსონალის ოთახები კი შენობის უკანა ზოლშია განთავსებული. ტერასაზე მთავარ და საბავშვო აუზთან ერთად განლაგებულია ღია სამზარეულო და ბარი რკინა-ბეტონის გადახურვით.

MUA-ს აღნიშნული პროექტი გარემოსთან და არსებულ ტოპოგრაფიასთან ორგანული შერწყმით უზრუნველყოფს მრავალფუნქციურ, დახვეწილი და განსხვავებული დიზაინით გამორჩეულ სივრცეს, სადაც ცხოვრება, დასვენება, გართობა და სხვადასხვა აქტივობით დაკავება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის არის შესაძლებელი.

პროექტის ავტორი: MUA

გუნდი: დევი ქიტუაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, მარია ფელანგია, მარიტა რურუა,  ბოკა კილასონია, ლევან ძეგველაშვილი

კონსულტანტები: სტრუქტურული ინჟინერია: პროგრესი I მშენებლობის მენეჯმენტი: ანაგი

დამკვეთი: სილქ დეველოპმენტი

პროექტის წელი: 2021

ფოტოგრაფი: გიორგი მამასახლისი

ხის სამკუთხა სახლი შვედეთში, რომელიც მთის მწვერვალს მოგაგონებთ

კოტეჯი ტყის პირას – სტუდია NUDE Studio-ს ნამუშევარი