in

ძველისა და ახლის სინთეზით შექმნილი სამუშაო სივრცე ძველ ბათუმში — Wii Design Studio-ს ნამუშევარი

Wii Design Studio-ს მორიგი პროექტი, რომელიც ძველ ბათუმში, ცენტრალურ ქუჩასთან სიახლოვეს მდებარეობს, სამუშაო სივრცეს წარმოადგენს და მისი საერთო ფართობი 30 მ2-ია. საპროექტო დავალება გულისხმობდა ისეთი სივრცის შექმნას, რომელიც რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა ტრადიციული სამუშაო გარემოსგან, გახდებოდა უფრო მეტად მოქნილი, ინტერაქციული და სამუშაო სივრცის გარდა, შეითავსებდა პარტნიორ კომპანიებთან შეხვედრების, ვორქშოფების და ტრენინგების სივრცის ფუნქციას. დამკვეთ კომპანიას მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი სტანდარტული სამუშაო მოდელის ცვლილება, რაც გულისხმობდა თანამშრომლის პერსონალური მაგიდის წინ 1-2 მომხმარებლის სკამის მაგივრად, ერთი დიდი კომუნალური მაგიდის განთავსებას.

იმის გამო, რომ სივრცე ძველ შენობაშია განთავსებული, მუშაობის პროცესში პროექტის ავტორებს გარკვეული ტექნიკური პრობლემები შეექმნათ, თუმცა მარტივად და რადიკალური ცვლილებების გარეშე მოახერხეს რენდერების იდენტური პროექტის განხორციელება.

მიუხედავად იმისა, რომ სივრცე საკმაოდ პატარა იყო და ფართის გაბარიტები ცვლილებების საშუალებას არ იძლეოდა, პროექტში თითოეული კუთხის მაქსიმალურად ათვისება მოხერხდა და მოეწყო ყველა აუცილებელი ფუნქციური ელემენტი, რომელიც ოფისის გამართულად და სრულფასოვნად მუშაობისთვის არის საჭირო.

ჩვენთვის ყოველთვის საინტერესო გამოწვევაა პატარა ზომის ფართებზე მუშაობა, მათი სწორად დაგეგმარება და მინიმალური შესაძლებლობებიდან მაქსიმალურის მიღება. ამიტომ დავიწყეთ გეგმარების ნაწილით, რათა კარგად დაგვენახა, თუ რა აუცილებელი სივრცეები უნდა გვქონოდა, როგორი იქნებოდა მომუშავე პერსონალისა და მომხმარებლის სამოძრაო ტრაექტორია, რა გამოჩნდებოდა ფასადზე და რას დაინახავდნენ ქუჩაში გამვლელები”, — აღნიშნავს Wii Design Studio-ს გუნდი.

კონცეფციის შემუშავებისას მთავარი როლი ქვისა და აგურის კედელმა ითამაშა, რომელიც მასალების შერჩევისას ინსპირაციის წყარო გახდა.

ჩვენი მიზანია, რომ ყოველთვის შევინარჩუნოთ პროექტებში წარსულიდან დარჩენილი დეტალები, ხაზი გავუსვათ მას, გამოვყოთ და მთავარ ელემენტად ვაქციოთ. სწორედ ეს კედელი გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც დავთანხმდით პროექტზე მუშაობას. ჩვენი მთავარი მოთხოვნაც ამ კედლის შენარჩუნება და ახლებურად წარმოჩენა იყო. განსაკუთრებით მაშინ, როცა ობიექტი ბათუმის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. ამიტომ რადიკალურად განსხვავებული მასალები და ელემენტები გამოვიყენეთ, რომლებიც იდეალურ კონტრასტს შექმნიდა ძველსა და ახალს შორის”, — Wii Design Studio.

ქვისა და აგურის კედლის გარდა, სივრცეში ძირითადად სამი მასალაა გამოყენებული: მეტალი, ხე და მიკროცემენტი.

პროექტში განლაგებულია რამდენიმე ფუნქციური ზონა: მთავარი სივრცე მომუშავე პერსონალისა და მომხმარებლებისთვის; სველი წერტილი; სათავსოების ზონა და მცირე ზომის სამზარეულო.

ოფისის იატაკი მიკროცემენტით არის მოპირკეთებული, რომელსაც ღია ცისფერი ტონალობა აქვს და ქვის კედელთან იდეალურ კომპოზიციას ქმნის.

ხის მასალა გვხვდება სამუშაო ოთახში განთავსებულ მაგიდაზე, რომელიც იატაკის შეფერილობას იმეორებს და ერთგვარად მის გაგრძელებას წარმოადგენს, ამასთანავე ინტერიერს მეტ სითბოს მატებს და რელიეფურ ფაქტურას გამოკვეთს. სამუშაო კუთხე გაფორმებულია თეთრი თანამედროვე დიზაინის სკამებით, რაც ინტერიერს, წითელ სანათებთან ერთად, მეტ მიმზიდველობას სძენს.

მეტალი ქვის კედელზეა გამოყენებული, რომელიც ბროშურებისა და წიგნების თაროს ფუნქციას ითავსებს. დამატებითი ლენტური განათება, რომელიც თაროს უკანაა დამალული, თბილ და კონტრასტულ განწყობას ქმნის. მეტალის პანელში დამონტაჟებულია ორი ტიპის კარი — ერთი კარი უკანა სივრცეს, სამზარეულოსა და სველ წერტილს უკავშირდება, მეორე პატარა კარი კი სამზარეულოს პირდაპირ არის განთავსებული, რომელიც ვორქშოფების დროს დაიტვირთება და სტუმრებს სამზარეულოსთან წვდომის პირდაპირი საშუალება მიეცემათ.

სწორედ ამ სამი მასალის გამოყენებით ვეცადეთ, შეგვექმნა ისეთი სივრცე, რომელიც იქნებოდა მასალებით ცოტათი ცივი, თუმცა განათებით თბილი ატმოსფეროს მქონე და რომელიც სისუფთავისა და სიგრილის შეგრძნებას დატოვებდა მნახველში”, — ამბობენ ჩვენი რესპონდენტები.

მასალების გარდა, პროექტში ერთ-ერთი თვალშისაცემი დეტალია ჭერი, რომელიც თაღოვანი სისტემით, რელსურ და დამალულ ლენტურ განათებებთან კომბინაციით მიიღება. ჭერის ინსპირაცია პროექტის ავტორებს ფართის კუთხოვანი ფორმებიდან გამომდინარე გაუჩნდათ, რათა შექმნილიყო უფრო დინამიკური და პლასტიკური დეტალი, რომელიც ასევე კონტრასტში იქნებოდა ძველი ქვის კედელთან.

აღსანიშნავია, რომ პროექტში ყველა ელემენტი თუ ავეჯი (სკამების გარდა) Wii Design Studio-ს დიზაინით არის შექმნილი და მათი გუნდის მიერაა განხორციელებული, რაც სივრცის ინდივიდუალურ დიზაინსა და ავთენტურობაზე მეტყველებს.

 

პროექტზე მუშაობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია დამკვეთის ნდობა და დადასტურებული პროექტის მიმართ ლოიალურად დარჩენა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა დამკვეთი ბოლომდე გამოგვყვა, გვენდო და ერთად გავაცოცხლეთ რენდერები. ჩვენთვის ეს სივრცე ერთერთი საყვარელი პროექტია. ის ასოცირდება სისუფთავესთან, სიმშვიდესთან, სიგრილესთან და ტალღების ხმასთან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ფართი გვქონდა, მაინც შევძელით ფუნქციაზე და დამკვეთის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული სრულყოფილი გეგმარების ოფისის შექმნა, რაც გვახარებს”, — Wii Design Studio.

პროექტის ავტორი: Wii Design Studio

გამოყენებული მასალები:   

ავეჯი: Wood Land

იატაკის საფარი: phoenix

კედლის მოპირკეთება: კაპაროლი

განათება: დილაითი, Medusa Showroom

ფოტოგრაფი: Grigory Sokolinsky

პოლიურეთანის ქაფი — ყველაფერი, რაც მის შესახებ უნდა იცოდეთ

29 სექტემბერს ჟურნალმა Homeis.ge ღონისძიება “შეკრებას” მეორედ უმასპინძლა