in

მყუდრო ბინა ყიფშიძის ქუჩაზე — გიორგი გუგუნავას ნამუშევარი

ბინა, რომელსაც დღეს გაგაცნობთ, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარეობს და არქიტექტორ- დიზაინერ გიორგი გუგუნავას ეკუთვნის. 61 მ2-ის მქონე ბინაზე არქიტექტორმა თავად იმუშავა და ის საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით მოაწყო.

მინდოდა, ბინა ყოფილიყო მაქსიმალურად მყუდრო და თანამედროვე, ზედმეტი ელემენტების გარეშე. ასევე შევეცადე, მასიური ფორმები გამომეყენებინა, რაზეც გარკვეულწილად ავეჯიც მეტყველებს. ამასთანავე, განათება დავაპროექტე ისე, რომ ყოფილიყო საშუალება როგორც სრული სტანდარტული განათების, აგრეთვე ლოკალური, უფრო დაბალი და მყუდრო ნათების”, — აღნიშნავს გიორგი გუგუნავა.

კონცეფცია თანამედროვე სტილის, დაბალანსებული და ზომიერი დიზაინის მიხედვით შეიქმნა. ამავდროულად, პროექტის ავტორის გადაწყვეტილებით, აქცენტი მსუბუქად გამოყენებულ კონტრასტულ ფერზე გაკეთდა.

აღნიშნული საცხოვრებელი ორ-ოთახიან, სტუდიოს ტიპის ბინას წარმოადგენს. მისი სიმცირიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა გეგმარებაში დიდი ცვლილებების შეტანა, რადგან შახტების განლაგების მიხედვით, თავიდანვე იყო განსაზღვრული სამზარეულოს, საერთო ოთახის, საძილე ზონისა და სააბაზანოს ადგილმდებარეობა. მხოლოდ მცირედი ცვლილება განიცადა დერეფნისა და მისაღები ოთახის ზონირებამ და ეს არა ტიხრით (როგორც არსებული პროექტით იყო განსაზღვრული), არამედ სამზარეულოს ავეჯით მოხერხდა.

სამზარეულო ისე დაპროექტდა, რომ თავისთავად გამოყო ეს ორი სივრცე ერთმანეთისგან, ერთ მხარეს მოეწყო დერეფნის კარადა, მეორე მხარეს კი სამზარეულო. აგრეთვე აღნიშნულმა გადაწყვეტამ გარკვეულწილად დამალა და გამიჯნა სააბაზანოში შესასვლელი, რომელიც დერეფნის მხარეს მოექცა, ისევე როგორც საძილე ოთახში შესასვლელი”, — ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

ინტერიერში გამოყენებულია სადა, ნეიტრალური ღია ფერები, რომლებსაც მუქი მსუბუქი ტონები ერწყმის, რათა დაბალანსებული და მშვიდი ატმოსფერო უზრუნველყოს. ავეჯის უმეტესობა დამზადებულია იტალიური ლამინატისა და შეღებილი MDF-გან. იატაკზე გვხვდება ღია ხისფერი საფარი, კედლები კი კრემისფერ და ნაზ ნაცრისფერ ფერშია შეღებილი.

დერეფანი ვიწრო, თუმცა ფუნქციურია. აქ ტევადი ხის კარადები და სააბაზანოსა და საძილე ოთახში შესასვლელი ე.წ. დამალული კარებია გამოყენებული, რაც სივრცის მთლიანობას და მინიმალისტურ იერს უსვამს ხაზს.

საერთო ოთახი სამ ნაწილად — მისაღებ, სასადილო და სამზარეულო ზონად იყოფა, თითოეული მათგანი კი ერთმანეთისგან ავეჯით არის გამიჯნული. მოსასვენებელ კუთხეში მასიური რბილი, კრემისფერი ტახტი დგას, რომელიც ჰარმონიულად ესადაგება სასადილო მაგიდასა და ოვალური ფორმის განათებას.

ყურადღებას იქცევს შავი ფერის ორი ქვის მაგიდაც, რომლებიც ფუნქციურ ელემენტთან ერთად, საინტერესო დეკორატიული დანამატია. ხოლო კედლის მთელ სიგრძეზე მინიმალისტური დიზაინის ტელევიზორის შავი კარადა ინტერიერს აბალანსებს და მას ჰაეროვნებას ანიჭებს.

 

სამზარეულო ბინის გამორჩეული ნაწილია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ღია ხისფერ ავეჯზე გამოყენებულია იტალიური ლამინატი, ხოლო ზედაპირი ნეოლითის შავი ფილისგან არის დამზადებული. კონტრასტის შესაქმნელად აქცენტი სტაფილოსფერ ტონალობაზე კეთდება, რომელიც კარადის დეტალზე და სასადილო სკამებზე მეორდება და ფერადოვან, საინტერესო შტრიხებს ქმნის სივრცეში. სამზარეულო სრულად დახურული კარადებით არის დაპროექტებული და “Electrolux”-ის ტექნიკით დაკომპლექტებული. ხოლო სასადილო ზონა მინიმალისტურად, თანამედროვე ოვალური მაგიდითა და მიმზიდველი დიზაინის სკამებით არის გაფორმებული, რასაც დეკორატიული, წერტილოვანი განათება გამოკვეთს.

ვინაიდან სტუდიოს ტიპის ბინაა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სამზარეულოს და მის მასალებს. მინდოდა, ინტერიერი ყოფილიყო მაქსიმალურად თბილი, მუხის ფერთან მიახლოებული, ტექნიკა და ზედაპირი კი შავი. აგრეთვე, მნიშვნელოვანი იყო ერთი გამოკვეთილი ფერის გამოყენებაც, რომელიც სტაფილოსფერში გადავწყვიტე, ასევე ამ ფერს შევურჩიე დაახლოებით იგივე ფერის სკამები, რამაც, ჩემი აზრით, ბინა უფრო გამოაცოცხლა”.

საძინებელი მშვიდი, მყუდრო ატმოსფეროთი ხასიათდება, რაც ნაზი ღია ფერებით, დეკორატიული განათებითა და მინიმალისტური ინტერიერით მიიღწევა. სივრცისთვის საინტერესო სახის მისაცემად, საწოლის მთელ კედელზე გამოყენებულია მუქი ხის პანელი, რომლის ერთგვარ გაგრძელებას საწოლის ტუმბოები წარმოადგენს. ოთახის გამორჩეული ელემენტი ჩაშენებული კარადაა, რომელშიც საგარდერობო ზონაა მოთავსებული. კარადის ზედაპირზე დატანილია ფოტოს პრინტი, რომელიც მეტ სიმშვიდეს მატებს ოთახს და დეკორატიულად აფორმებს მას.

სააბაზანო კერამოგრანიტის ფილებით არის მოპირკეთებული და Hansgrohe-ისა და Geberit-ის ჩაშენებული სანტექნიკით დაკომპლექტებული. აქსესუარების სახით კი Brabantia-ის პროდუქტები გვხვდება. ინტერიერში შავი-ყავისფერი ტონები შეინიშნება, რომელსაც კრემისფერი ფილები აბალანსებს და სასიამოვნო იერს განაპირობებს.

გიორგი გუგუნავას პროექტი თანამედროვე, მყუდრო, მსუბუქი და კომფორტული დიზაინით ხასიათდება. ფერების სახით შერჩეულია სადა, ნეიტრალური ტონები, რომელშიც საინტერესო შტრიხებს კონტრასტული ელემენტები ქმნის.

პროექტის ავტორი: გიორგი გუგუნავა

ინტერიერის დიზაინის სტუდია: Gua Studio

გამოყენებული მასალები:

სამზარეულოს ავეჯი: LTB

იატაკის საფარი: გერმანული სახლი

აბაზანის ფილები: Belle Maison

შემრევები: Hansgrohe (Gallery Demasi)

კედლის მოპირკეთება: კაპაროლი

განათება: Ikea, New light

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ორი ჰოლანდიელი დიზაინერის თბილისური ესთეტიკით შთაგონებული ფერადი სახლი ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე

ტრადიციული შვედური კოტეჯი ინდუსტრიული სტილის ელემენტებით