დღითი დღე აქტუალური ხდება სახლში სამუშაო სივრცის მოწყობა და კომფორტული კუთხის შექმნა, სადაც მუშაობა თუ სწავლა ერთდროულად კომფორტული და სასიამოვნოა. ნებისმიერ ზონაში, ისევე როგორც კაბინეტში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფერებს და მათ სწორად შეხამებას, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს სივრცის ხასიათს, ატმოსფეროს და ადამიანთა გუნება-განწყობილებაზე ზემოქმედებს. ამიტომ დღევანდელ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ იმ ფერებზე, რომლებიც უმჯობესია სამუშაო ოთახის მოწყობისას გაითვალისწინოთ მთავარ ტონად თუ აქცენტის სახით.
ყავისფერი
კლასიკური, ღრმა და მყუდრო ინტერიერის მისაღებად დიზაინერები ყავისფერი, შოკოლადისფერი ტონალობის გამოყენებას გვირჩევენ, რომელიც ღია ფერის იატაკთან თუ ავეჯთან იდეალური იქნება და სივრცეს მეტ ინტერესსა და ორიგინალურობას შემატებს. ამასთანავე, მოცემული ფერი ხელს შეუწყობს ოთახში მშვიდი, წყნარი ატმოსფეროს შექმნას, რაც მაცხოვრებელს სამუშაო სტრესს შეუმსუბუქებს და ამ პროცესს უფრო სასიამოვნოს გახდის.
თბილი თეთრი ფერი
კონცენტრაციის და პროდუქტიულობის გასაზრდელად, ექსპერტები თბილი თეთრი ტონების გამოყენებას გვირჩევენ, რომელიც ფერადი ავეჯითა თუ დეკორატიული ელემენტებით იქნება დაბალანსებული. თბილი თეთრი ფერი ცივი, მოსაწყენი ინტერიერისგან დაგვიცავს და მინიმალიზმის, სისუფთავის და წესრიგის ასოციაციას შექმნის ოთახში, რაც წარმატებული სამუშაო პროცესისთვის მნიშვნელოვანია.
ღია მწვანე ფერი
მწვანე ფერი ბუნებასთან, მცენარეებთან ასოცირდება, რის გამოც დამამშვიდებელი, სარელაქსაციო ეფექტი აქვს, ეს კი ხელს უწყობს დაღლილობის შემცირებას და სტრესის შემსუბუქებას. ამასთანავე მწვანე სიფხიზლის და კონცენტრაციის მობილიზებაში გვეხმარება, რაც მუშაობის მიმდინარეობისას გვჭირდება. ასევე ქმნის სასიამოვნო და სახალისო განწყობას და ინტერიერს აცოცხლებს. ის იდეალურად ერწყმის ფერის სხვადასხვა კომბინაციასაც და გამორჩეული ინტერიერის შექმნაში დიდ როლს თამაშობს.
ვარდისფერი
სივრცეში ამაღლებული და სასიამოვნო განწყობის შესაქმნელად იდეალური იქნება ვარდისფერი ტონების გამოყენება, რომელიც რბილი, მსუბუქი და პოზიტიური გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ. აღნიშნული ფერი შთაგონების გაღვივებასა და მოტივაციის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს და მეგობრულ, თბილ ატმოსფეროს უზრუნველყოფს. თუმცა დიზაინერების რჩევით, ბალანსის შესანარჩუნებლად უკეთესია მას ნეიტრალური ფერები შეუხამოთ, რათა უკეთესი კომბინაცია მიიღოთ.
ლურჯი ფერი
ლურჯი სიმშვიდის ფერია, რომელიც იდეალური არჩევანია სამუშაო სივრცისთვის. გარდა სარელაქსაციო და დამამშვიდებელი თვისებებისა, ის ხელს უწყობს კონცენტრაციის გაუმჯობესებასაც და კომფორტულ, მყუდრო ატმოსფეროს განაპირობებს, რაც ნებისმიერ სამუშაო კუთხეში წარმატებული საქმიანობისთვის აუცილებელია.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი