ტრადიციული შვედური კოტეჯი საინტერესო დიზაინით, ინდუსტრიული აქცენტებით და კომფორტული, მყუდრო სივრცით გამოირჩევა. პროექტში თვალს იტაცებს როგორც შიდა, ასევე გარე სივრცის იერსახე, რადგან საცხოვრებელი სიმწვანეშია ჩაფლული და ექსტერიერი ავეჯითა თუ საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც მაცხოვრებლებს დასვენებისა და განტვირთვის იდეალურ შესაძლებლობას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ ტერასის ნაწილი შემინულია და აქ მცირე ზომის სასადილო და მოსასვენებელი კუთხეა მოწყობილი, ხის გარე ავეჯითა და ბუნებრივი გამწვანებით, რაც საოცარ ატმოსფეროს ქმნის და კოტეჯს მომხიბვლელობას, ფუნქციონალიზმს მატებს.
შიდა სივრცეს სახასიათო იერი და გამორჩეული დიზაინი მინიმალისტური და ინდუსტრიული ესთეტიკის საინტერესო სინთეზით ეძლევა, რაც ფართო გაშლილ სივრცეებში, მასალებსა და ფერების ურთიერთშეხამებაში იკვეთება.
მისაღები ზონა საკმაოდ ვრცელი და ფუნქციურია, ის ღია გეგმარებით ხასიათდება და აერთიანებს მოსასვენებელ, სასადილო და სამზარეულო კუთხეს.
კონტრასტული შტრიხები ჩნდება ფერებისა და ფაქტურების დაპირისპირებაში, მაგალითად, ინდუსტრიულ დიზაინში ხშირად გვხვდება მეტალისა და ხის ავეჯი, მუქი და ღია ფერების გაერთიანება. მოცემულ პროექტში თავს იჩენს მეტალის მასიური შავი კიბე, რომელიც ღია ფერის ხის იატაკსა და ავეჯს ეხმიანება. მუქი ფერის ჭერის ელემენტები კი თეთრად შეღებილ კედლებს ესადაგება.
მრავალფეროვნების მისაღწევად სივრცეში გამოყენებულია სხვადასხვა ტონის ავეჯი — ღია ფერის ხის სასადილო მაგიდა და სკამები, მუქი ფერის მცირე ზომის ხის ჟურნალის მაგიდა, მუქი რბილი ავეჯი და განსხვავებული ფერთა პალიტრის ტექსტილი, რაც საცხოვრებელს მეტად მყუდროსა და თბილს ხდის.
ინდუსტრიულ დიზაინში ხშირად გვხვდება აგური სივრცის სხვადასხვა ზონაში. მოცემულ შემთხვევაში აქცენტის სახით წითელი აგური სამზარეულოსა და მისაღების სივრცის კედლის ნაწილებზეა გამოყენებული, რაც ფერადოვნებას, სიხალისესა და სითბოს მატებს სახლს.
ხაზგასასმელია ისიც, რომ მისაღებ ზონაში სიმყუდროვისა და კომფორტის გაზრდის მიზნით დაპროექტებულია ბუხარი, რომელსაც ტრადიციული ესთეტიკა შემოაქვს და სასიამოვნო განწყობას სძენს ოთახს. აქვეა მოწყობილი მცირე მუსიკალური კუთხეც.
სამზარეულო ნახევრად ღია გეგმარებისაა, რადგან ის მისაღები ზონისგან კარით ან ტიხრით გამოყოფილი არ არის და ერთიანი სივრცის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ ზონაში ინტერიერი უფრო დაბალანსებული და სადაა, მასში უმეტესად თეთრი ფერი სჭარბობს, რომელიც ღია ფერის ხის სამზარეულოს ზედაპირსა და იატაკს ერწყმის. ერთი შეხედვით, ოთახი საკმაოდ დატვირთულია ტევადი სათავსოებითა და კარადებით, მაგრამ უსიამოვნო სიმძიმის შეგრძნებას არ ტოვებს და მიმზიდველობას ინარჩუნებს.
საძინებელი ოთახები ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა კოტეჯის საერთო ხასიათს იმეორებს. ერთ-ერთ მათგანში გვხვდება ღია ხაკისფერი კედლები, თეთრი აგურის კუთხე და ნაცრისფერი ტექსტილი.
მეორე ოთახი ვარდისფერი ტონალობით ხასიათდება და მინიმალისტურად არის გაფორმებული — მცირე ზომის საწოლითა და სათავსოთი.
მესამე ოთახი გაცილებით ნათელი და მყუდროა. მასში თეთრი ფერი და ხის ავეჯი დომინირებს. ის საკმაოდ ფუნქციურიცაა, რადგან საძილე ზონასთან ერთად, აქ მოწყობილია სამუშაო კუთხეც.
ყურადღებას იქცევს საბავშვო კუთხეც, რომელიც სხვენშია დაპროექტებული და სრულად არის ათვისებული სათამაშო, სამეცადინო და საძილე კუთხეებით.
სააბაზანო ნათელი და ვრცელია, აქაც წამყვან ტონალობას თეთრი ფერი თამაშობს, რომელსაც ხის ავეჯი აბალანსებს და სითბოსა და მიმზიდველობას მატებს.
შვედური კოტეჯი უზრუნველყოფს თბილ, მყუდრო, სასიამოვნო გარემოს მაცხოვრებლებისთვის და კომფორტულ, ფუნქციურ და მოსახერხებელ სივრცეს სთავაზობს მობინადრეებს. დიზაინში თავს იჩენს ტრადიციული, ინდუსტრიული და მინიმალისტური აქცენტები, რის გამოც სახლს სახასიათო, უნიკალური და გამორჩეული სახე ეძლევა.