დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ანინია ფხაკაძის ახალ პროექტს, რომელიც ისაკაძის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 130 მ2-ია. საპროექტო დავალება გულისხმობდა სივრცის თავდაპირველი გეგმარების შეცვლას, რათა დამკვეთის სურვილით, ბინაში სამი საძინებელი განთავსებულიყო. ამ მიზნის მისაღწევად, დიზაინერის გადაწყვეტილებით, სტუდიოს ტიპის მთავარი ოთახი დაპატარავდა, რის ხარჯზეც ახალი საძილე ზონა დაპროექტდა. მუშაობის პროცესში მთავარი სირთულეც ბინის სწორი და ფუნქციური გადანაწილება აღმოჩნდა, რაც მოიცავდა გარკვეული ზონების დემონტაჟს და ტიხრების სწორად გადანაწილებას.
გეგმარებითი ცვლილების შედეგად ბინა მოიცავს დერეფანს, გაერთიანებულ მისაღებსა და სამზარეულოს, სამ საძინებელს (მთავარ საძინებელს თავისი საგარდერობო და სააბაზანო სივრცით), სველ წერტილსა და საკუჭნაო ოთახს.
ინტერიერში ძირითად ტონალობად შერჩეულია ღია ფერი. მთელ სივრცეში გამოყენებულია ინგლისური წყობის ლამინატი, კედლებზე კი შესაღები ფლიზელინის ქაღალდი. მთავარი ყურადღება ფერად ავეჯსა და ტექსტილზეა გამახვილებული, რომელთა სახით საინტერესო აქცენტები კეთდება და სივრცე უფრო ცოცხალი ხდება.
ღია გეგმარების საერთო ოთახში მისაღები, სამზარეულო და სასადილო ზონაა განთავსებული. სივრცე საკმაოდ ელეგანტურ, მდიდრულ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელსაც კლასიკური შტრიხები მოლდინგებისა და დახვეწილი დეკორატიული ელემენტების მეშვეობით ავსებს.
სიმყუდროვის ერთგვარ ცენტრს ტელევიზორის კუთხე წარმოადგენს, სადაც მასიური რბილი ტახტი და ელექტრო ბუხარი გვხვდება. ყურადღებას იქცევს ბუხართან დამონტაჟებული კერამოგრანიტის 3-მეტრიანი ფილა, რომელიც ბინის გამორჩეული აქცენტი და სახასიათო ელემენტია. ხაზგასასმელია ლურჯი ფარდაც, რომელიც მშვიდ და სასიამოვნო ატმოსფეროს სძენს სივრცეს.
კიდევ ერთი საინტერესო და ელეგანტური სივრცე სამზარეულოა, რომელიც მისაღებთან ერთიანდება. ოთახის მთავარი ტონალობა მწვანე ფერია, რომელიც თეთრ და ნაცრისფერ აქცენტებს ეხამება. სამზარეულო დატვირთულია ტევადი ზედა სათავსოებითა და კარადებით. ზედაპირსა და წინსაფარზე კი კერამოგრანიტის ფილაა გამოყენებული, რომელიც სასადილო მაგიდის ფაქტურას ეხმიანება. თავად სასადილო ზონა თეთრი რბილი თანამედროვე დიზაინის სკამებით არის დაკომპლექტებული. სამზარეულოში გამოყოფილია სასმელების კუთხეც, რომელიც შავი მინის სათავსოშია მოქცეული.
მთავარი საძინებელი სადა, ნეიტრალური ფერთა პალიტრით და დახვეწილი ინტერიერით ხასიათდება. აქცენტის სახით კი ყურადღება ფერად ტექსტილზეა გამახვილებული. აღნიშნული ზონა საკმაოდ ფუნქციური და ტევადია, მასში დაპროექტებულია საკმაოდ მოზრდილი საგარდერობო კუთხე და სააბაზანო ოთახი.
საგარდერობო სივრცეში მასიური ხის კარადებია დამონტაჟებული, სველ წერტილში კი კერამოგრანიტის ფილებია გამოყენებული. მათ შორის ერთ-ერთ კედელზე დატანილია განსხვავებული დიზაინის დიდი ფორმატის ფილა, რომელიც მიმზიდველი და სახასიათო დეკორატიული ელემენტია.
მეორე საძინებელში ჭარბობს თანამედროვე შტრიხები, როგორიცაა მომრგვალებული ფორმის თეთრი საწოლი თუ გეომეტრიული ხაზები ავეჯისა და კედლის პანელის სახით. ოთახის გასახალისებლად კი შემოტანილია ფერადი ფაქტურები.
მესამე საძინებელ ოთახში ლურჯი და მწვანე ფერი დომინირებს. შეიძლება ითქვას, ის ყველაზე ფერადი ზონაა სახლში, რომელიც საბავშვო კუთხედ არის განკუთვნილი და, შესაბამისად, მასში განთავსებულია როგორც საძილე, ისე სათამაშო და სამეცადინო სივრცეები. ოთახი მაქსიმალურად რაციონალურად არის ათვისებული, თუმცა ზომიერებასა და სიმსუბუქეს ინარჩუნებს.
საერთო სველი წერტილიც კერამოგრანიტის ფილებით არის მოპირკეთებული, სადაც სადა მოდელს პრინტიანი ფილა ჰარმონიულად ერწყმის. ხაზობრივი ფაქტურა ავეჯზე ამ ზონაშიც გვხვდება და მასალებისა თუ დიზაინის გამეორებით თითქოს სივრცეებს შორის ერთგვარი კავშირი მყარდება.
ანინია ფხაკაძის პროექტი, ერთი შეხედვით, სადა, მაგრამ ეფექტური ინტერიერით ხასიათდება. სივრცის სწორი და ფუნქციური გადანაწილებით მაცხოვრებლებზე მორგებული, კომფორტული და მყუდრო სივრცე მიიღება. აქცენტი მიმზიდველი დიზაინის ავეჯსა და ტექსტილზე კეთდება. ასევე საინტერესოა მასალებისა და ფორმების გამეორება, რომელიც სივრცის მთლიანობას უსვამს ხაზს.
პროექტის ავტორი: ანინია ფხაკაძე
ინტერიერის დიზაინის სტუდია: Aninia Interior
გამოყენებული მასალები:
იატაკის საფარი: პარკეტის სახლი დანი
აბაზანის ფილები: ნიუ დიზაინი; ვენეტო დიზაინი
შემრევები: კაფელის სახლი
კედლის მოპირკეთება: კაპაროლი
განათება: Brand R
ავეჯი: კომფორტერი; ლაბორატორია ჩემი სახლი