in

როგორ შევქმნათ სახლში შემოდგომის ატმოსფერო ფერების დახმარებით

სეზონის ცვლილება გარემოს ცვლილებასაც გულისხმობს და ადამიანის განწყობაზე, ხასიათსა და ქცევაზეც შესაბამისად აისახება. შემოდგომის დადგომასთან ერთად, შიდა სივრცეში გატარებული საათები იმატებს, შესაბამისად, აქტუალური ხდება ბევრად თბილი, მყუდრო და სასიამოვნო ინტერიერის მოწყობა, რაც სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდას მოგვგვრის. ინტერიერში ატმოსფეროს შესაცვლელად და განსხვავებული ხასიათის მისაღებად კი საუკეთესო გზა ფერების გამოყენება და მათი მეშვეობით საინტერესო კომბინაციების შექმნაა. დღევანდელ სტატიაში გიზიარებთ იმ ძირითად ფერებს, რომლებიც საშემოდგომო ესთეტიკისა და მყუდრო ატმოსფეროს მიღებაში დაგეხმარებათ.

თბილი წითელი

საშემოდგომო ინტერიერში ერთ-ერთი პოპულარული ფერი თბილი წითელი და მისი მონოქრომული ტონალობაა. წითელი ფერი ნებისმიერ ინტერიერს ეფექტურობას, სიცოცხლეს და ინტიმურობას შემატებს, ახალი ენერგიით აავსებს გარემოს და ინტერიერის ინდივიდუალურ სტილსა და ორიგინალურ დიზაინს გაუსვამს ხაზს. მნიშვნელოვანია, რომ სივრცეში გამოვიყენოთ არა მკვეთრი, გამაღიზიანებელი წითელი, არამედ მისი თბილი ტონალობა, კედელზე, ავეჯისა თუ ტექსტილის სახით, რომელიც თვალისათვის სასიამოვნო აღსაქმელი იქნება და სიმყუდროვეს გააძლიერებს.

ნარინჯისფერი

ნარინჯისფერი საშემოდგომო განწყობისა და ხასიათის გამომხატველია. ის ბუნებასთან, ფოთოლცვენასთან და მზის სხივებთან ასოცირდება და ინტერიერში სითბოსა და სიმყუდროვის სიმბოლოა. მისი დახმარებით შესაძლებელია მონოტონური ინტერიერის გაცოცხლება და საინტერესო იერის მინიჭება. ნარინჯისფრის ინტენსიური ტონალობა იდეალური იქნება გამორჩეული აქცენტების შესაქმნელად და სივრცის ავთენტურობის ხაზგასასმელად. ის იდეალურად ერწყმის ნეიტრალურ ფერებს — თეთრს, კრემისფერსა თუ ნაცრისფერს და ქმნის ჰარმონიულ კონტრასტს, რომელიც სხვადასხვა სტილის ინტერიერებს დაამშვენებს.

ყავისფერი

საშემოდგომო ინტერიერისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ფერი ყავისფერია, რომელიც ბუნებასთან, მიწის ტონალობასთან ასოცირდება და სივრცეში სიმყუდროვისა და სტაბილურობის შეგრძნებას ქმნის. ის თითქმის ყველა სეზონის ინტერიერს უხდება და იდეალურად ერწყმის  განსხვავებულ ფერებს. საშემოდგომო ესთეტიკის მისაღებად, მან შესაძლოა დომინანტური როლი შეასრულოს და ნაზ, ღია ფერებთან კომბინაციით კონტრასტული დიზაინი შექმნას. ასევე, კარგი გადაწყვეტილება იქნება დეკორისა თუ ტექსტილის სახით მისი მსუბუქად გამოყენებაც.

ნაცრისფერი

ნაცრისფერი ნეიტრალური ფერია, რომელიც საშემოდგომო ინტერიერში ბალანსისა და ზომიერების მისაღწევად გამოიყენება. ის კარგად ერწყმის კონტრასტულ, მკვეთრ ფერებს და სივრცეს უფრო ჰარმონიულს ხდის. ნაცრისფერი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ძირითადი ფერი, კედლების, ავეჯისა თუ დეკორისთვის, ან როგორც მეორადი, დამატებითი შტრიხები  სიმსუბუქისთვის. ნაცრისფერი ხელს უწყობს მშვიდი, სასიამოვნო გარემოს შექმნას და ინტერიერს სიღრმესა და ინტერესს მატებს.

ზეთისხილისფერი მწვანე

ზეთისხილისფერი მწვანე ნაზი, ბუნებრივი ტონია, რომელიც სივრცეში ბუნების სიმშვიდისა და ჰარმონიის სიმბოლოა. ის გარე სამყაროსთან, მცენარეებთან სიახლოვეს გამოხატავს და მყუდრო გარემოს ქმნის. მისი გამოყენება განსაკუთრებით აქტუალურია კედლებსა და ავეჯზე მთავარ ფერად, რადგან თვალისათვის სასიამოვნო აღსაქმელია და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს დიზაინში.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ავტორი: მეკო მეტრეველი

დიდი სივრცის ტრანსფორმაცია ორ ფუნქციურ ბინად — ირმა გოგიაშვილის პროექტი ფიროსმანის ქუჩაზე

როგორ შევქმნათ ჰარმონიული და მყუდრო ინტერიერი ტექსტილის დახმარებით