in

ექსპერიმენტული დიზაინი კანადაში — Studio Jean Verville architectes-ის ნამუშევარი

კანადაში მდებარე აპარტამენტი, რომელიც ერთგვარად ექსპერიმენტულ დიზაინს წარმოადგენს და განსხვავებული ინტერიერით ხასიათდება, Studio Jean Verville architectes-ის პროექტია. საცხოვრებლის საერთო სივრცე 79 მ2-ს შეადგენს და 1970-იანი წლების მაღალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში მდებარეობს, რომელიც მდინარე სენტ-ლოურენსის (St Lawrence River) ხედებს გადაჰყურებს.

ინტერიერი სრულიად განსხვავებულ, ერთი შეხედვით, ცივ, დაუმუშავებელ, ინდუსტრიული სტილისთვის დამახასიათებელ იერს ტოვებს, რომელიც გაპრიალებული და ელეგანტური სივრცეების ნაცვლად, უხეშ, მარტივ გარემოს ქმნის და თამამი დიზაინისა მოყვარულთათვის არის განკუთვნილი. სივრცე ბუნებრივი მასალებით — ბეტონით, მინით, მეტალით არის მოპირკეთებული, მაქსიმალური სიმსუბუქის უზრუნველსაყოფად კი ის ზედმეტი ავეჯით, საგნებითა თუ დეკორაციით არ არის დატვირთული. ბინაში თავისუფლების ეფექტს ბუნებრივი ვენტილაცია, დიდი მინის ვიტრაჟები და ღია გეგმარების მქონე ოთახებიც უწყობს ხელს, რაც აპარტამენტისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ნიშაა.

სარემონტო და გეგმარებითი სამუშაოების შედეგად, სივრცეს ძველი სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები მოშორდა და სრულად ბეტონის კონსტრუქციის სახე მიიღო, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს ღია, მოძრავი ვიტრაჟებით იხსნება. სივრცის სწორი გეგმარება, გამჭოლი ღია სივრცეები, ბუნებრივი მასალების მინიმალისტური სინთეზი და უხვი დღის შუქი მოქნილ, კომფორტულ, მრავალფუნქციურ საცხოვრებელს უზრუნველყოფს, რომელიც სურვილის შემთხვევაში, მოდიფიცირების შესაძლებლობას იძლევა. ინტერიერის ერთ ტონალობასა და ხასიათში გადაწყვეტა კი დიზაინის მთლიანობაზე მეტყველებს.

სივრცე თავისი თამამი გადაწყვეტებით ნამდვილად უნიკალურ ადგილად გარდაიქმნება და ყველასგან განსხვავებულ, ორიგინალურ სახეს იღებს. პროექტის კიდევ ერთი უპირატესობა მისი მდგრადი მიდგომაა. ბინაში გამოყენებულია სპეციალური თერმული საფარით დამუშავებული ბეტონის კედლები, რომლებიც ენერგიისა და ხარჯების შემცირების მიზნით თბოდანაკარგის რაოდენობას მაქსიმალურად ამცირებს. შედეგად, სივრცე მაღალი ენერგოეფექტურობითა და ოპტიმალური პირობებით ხასიათდება. ამას ხელს უწყობს ბუნებრივი სავენტილაციო სისტემაც, რომელიც ჯანსაღ გარემოს უზრუნველყოფს და ბუნებასთან კავშირის შეგრძნებას ამძაფრებს.

მთავარი ოთახი, რომელშიც მისაღები და სამზარეულოს ზონაა გაერთიანებული, ინდუსტრიულ სტილშია შესრულებული. დიზაინი მაქსიმალურად მინიმალისტურია და სიცარიელის განცდას ტოვებს. ერთადერთ კონტრასტულ ელემენტად მასიური, რბილი ნარინჯისფერი ტახტი გვევლინება, რომელიც ოდნავ ახალისებს სივრცეს. ასევე მოსასვენებელი კუთხე გაფორმებულია მცირე ზომის მინის ჟურნალის მაგიდებით, რომლებიც ბეტონის ფაქტურის კონსტრუქციაზე დგას. ბეტონის კედლებში სიცოცხლის შემოსატანად და ბუნებასთან კავშირის გასამტკიცებლად შემოტანილია ბუნებრივი გამწვანებაც, რაც მონოტონურ ინტერიერს ფერადოვნებას მატებს.

სამზარეულო სრულად ფოლადის ფაქტურით არის მოპირკეთებული. მინიმალიზმი ამ ნაწილშიც შენარჩუნებულია, თუმცა მისაღებისგან განსხვავებით, ზონაში ღია მეტალის თაროები გვხვდება, რომლებიც საჭირო ნივთებითა და საგნებით არის დატვირთული და ფუნქციურ სათავსოს განაპირობებს.

პროექტის კიდევ ერთი თამამი გადაწყვეტა სივრცის ზონირებას უკავშირდება, რომლისთვისაც ყველა ოთახში მოძრავი მინის კარებია დამონტაჟებული, რაც სხვადასხვა კუთხეების იზოლაციისა და საჭიროების შემთხვევაში გაერთიანების შესაძლებლობას იძლევა. საინტერესოა ისიც, რომ თითოეული ოთახი გამჭვირვალობით ხასიათდება, რადგან მინის კედლებით არის გამოყოფილი, რაც პრივატულობის განცდას ერთგვარად არღვევს და მთლიანობის ეფექტს ქმნის.

საძინებელ ოთახში სიმსუბუქე ნეიტრალური ტონალობის ტექსტილის შემოტანით მიიღწევა. ტრადიციულად, ეს ზონაც საცხოვრებლის ზოგად ხასიათს იმეორებს და ინდუსტრიული და მინიმალისტური სტილის გაერთიანებით ორიგინალურ სახეს ქმნის.

ყურადღებას იქცევს საგარდერობო სივრცე, რომელიც საძინებელთან მდებარეობს და მინის კონსტრუქციითაა წარმოდგენილი. ეს ფუნქციური დანამატი ოთახს უფრო მოსახერხებელს ხდის და ამასთანავე, დეკორატიულ, საინტერესო იერს სძენს ბინას.

ხაზგასასმელია გაყვანილობა და სადენებიც, რომლებიც ყოველგვარი შენიღბვის გარეშე, პირდაპირ კედელზეა დატოვებული და თვალისათვის მარტივად შესამჩნევია.

სააბაზანო ზონაშიც ბეტონის კედლებს მეტალის საგნები ეხამება. ფუნქციურობის გასაზრდელად კი ტევადი სათავსოა განთავსებული, რომელიც ასევე მეტალის ღია თაროებითაა დამზადებული.

Studio Jean Verville architectes-ის პროექტი, რომელიც ნამდვილად გაბედული ნაბიჯებით და თამამი გადაწყვეტებით ხასიათდება, შეულამაზებელ, ექსპერიმენტულ დიზაინს ქმნის, რომელიც ორიგინალური მახასიათებლებით გამოირჩევა. ნამუშევარი თავისი არასტანდარტული სახითა და უცხო სტილისტიკით უნიკალურ სივრცეს განაპირობებს, რომელიც მხოლოდ სიახლის მოყვარული, ორიგინალური და კრეატიული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი.

პროექტის ავტორი: Studio Jean Verville architectes

“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2-ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.

გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!  

რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2

ავტორი: მეკო მეტრეველი

რას გულისხმობს მონოქრომული დიზაინი და რა უპირატესობა აქვს მას

რბილი ავეჯის 4 მოდელი, რომლებზეც შეყვარებული ვართ