დეკორატიული ლესვა სპეციალური ფითხებისა და საღებავების გამოყენებით შესრულებული ზედაპირის მოსაპირკეთებელი ტექნიკაა, რომელიც განსხვავებულ მხატვრულ სახესა და სტილს სძენს ზედაპირს. თანამედროვე დიზაინში ეს ერთ-ერთი პოპულარული მეთოდია შიდა თუ გარე კედლების დასამუშავებლად და მრავალფეროვანი ტექსტურების მისაღებად.
დეკორატიული ლესვა ფუნქციურობით ხასიათდება და მისი შესრულება სხვადასხვა ტიპის ზედაპირზეა შესაძლებელი. ამას გარდა, ის უნიკალური ვიზუალური მახასიათებლებითაც იქცევს მომხმარებლების ყურადღებას და მისი ესთეტიკური ღირებულებიდან გამომდინარე, დიდი მოთხოვნით სარგებლობს. დეკორატიულ ლესვას გამოარჩევს რამდენიმე ფაქტორი:
ესთეტიკური მიმზიდველობა — დეკორატიული ლესვის მთავარი უპირატესობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მრავალფეროვანი დიზაინი და მიმზიდველი ვიზური მხარეა. სხვადასხვა ტიპის დეკორატიული ლესვის დამსახურებით, შესაძლებელია ინტერიერსა თუ ექსტერიერს სრულიად განსხვავებული სახე მიეცეს და უნიკალური იერი შეიძინოს. ხაზგასასმელია ისიც, რომ დეკორატიული ლესვის დახმარებით, შესაძლებელია ინდივიდუალური დიზაინის მიღება და სახასიათო ორნამენტების შექმნა, რაც სივრცის უნიკალურობას უსვამს ხაზს და მის ორიგინალურობაზე მეტყველებს.
მდგრადობა — ვიზუალური მახასიათებლების გარდა, დეკორატიული ლესვა გამძლეობითაც ხასიათდება, რის გამოც როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში გამოიყენება. დეკორატიული ლესვით დამუშავებული ზედაპირი მედეგია ტენიანობის, ტემპერატურული ცვლილებისა თუ ფიზიკური დატვირთვისადმი, რაც კედლების პირვანდელი იერსახის დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნებას უწყობს ხელს.
პრაქტიკული გამოყენება — აღნიშნული ტექნიკა პრაქტიკულობითაც ხასიათდება. ის ხშირად კედლის გარკვეული დეფექტებისა და დაზიანებების დასაფარად გამოიყენება და ზედაპირის ერთიან, სრულყოფილ იერს განაპირობებს. ამას გარდა, სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებული კედელი გამძლეა ჭუჭყის, მტვრისა და ნესტის მიმართ, რაც ობის გაჩენის რისკებს ამცირებს და ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
დამუშავების ტექნოლოგია — მონტაჟის სპეციფიკა ზედაპირის ტიპსა და მასალაზეა დამოკიდებული, რაც საინსტალაციო სამუშაოებს ბევრად მოსახერხებელს ხდის. აღსანიშნავია ისიც, რომ ნებისმიერი ზედაპირისთვის აუცილებელია დეკორატიული ლესვის წინარე, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რაც მოიცავს ზედაპირის მდგრადობისა და მანამდე შესრულებული სამუშაოების ხარისხის შეფასებას; გარემოს ტემპერატურის შემოწმებას, რადგან სამუშაოებისთვის რეკომენდებული ტემპერატურა +5°C-დან +25°C-მდეა, ხოლო მაქსიმალური ზღვარი — 30-35°C-ია; ზედაპირის მტვრისგან გაწმენდას და გრუნტით დამუშავებას; ბოლოს კი დეკორატიული ლესვისთვის საჭირო შრეების მოწყობას. ამას გარდა, გასათვალისწინებელი ფაქტორია ისიც, რომ დეკორატიულ ლესვას გაშრობისთვის 7 დღე სჭირდება, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კი საბოლოო ეტაპზე მას დამცავი სილიკატური ლაზურის ფენა ესმევა, რომლის ფერთა პალიტრა საკმაოდ მდიდარია, რაც მრავალფეროვანი და მიმზიდველი დიზაინის შერჩევის შესაძლებლობას იძლევა.
დეკორატიული ლესვა, რომელიც კედლის ნაკლოვანებების დაფარვას, ინტერიერისა თუ ექსტერიერისთვის უნიკალური, მრავალფეროვანი იერსახის მინიჭებას, მრავალფუნქციური, გამძლე დამცავი ბარიერის შექმნას უზრუნველყოფს, არაერთი უპირატესობით ხასიათდება, რის გამოც დღესდღეობით ერთ-ერთ ტრენდულ და მოთხოვნად ტექნიკად მიიჩნევა.
რუბრიკის წამრგენია სამშენებლო სერვისების და მასალების კომპანია “აიპიესი”