in

მინიმალისტური ინტერიერი ისტორიულ შენობაში — სტუდია BABELstudio-ის პროექტი ბილბაოში

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ესპანეთის ქალაქ ბილბაოში მდებარე პროექტს, რომლის საერთო ფართობი 75 მ2-ია და BABELstudio-ის პროექტს წარმოადგენს.

საცხოვრებელი ისტორიულ შენობაში მდებარეობს, რაც პროექტს დამატებით ხიბლს სძენს. სარემონტო სამუშაოების შედეგად, პროექტმა ტრადიციული ესპანური არქიტექტურის ელემენტებთან ერთად, თანამედროვე დეტალებიც შეითვისა და ძველისა და ახლის საინტერესო სინთეზით კომფორტული, მყუდრო საცხოვრებლად იქცა. განსაკუთრებული ყურადღება ბუნებრივ მასალებზეა გამახვილებული, კერძოდ კი ხის ფაქტურაზე, რომლითაც იატაკი და ავეჯია მოპირკეთებული.

გეგმარებითი სამუშაოების შედეგად, შეიცვალა თავდაპირველი გეგმარებაც, ოთახები გაერთიანდა და სივრცე უფრო მოცულობითი გახდა. ასევე, რესტავრაცია ჩაუტარდა ძველ ფანჯრებსა და კარნიზებს, რომლებმაც ახალი სიცოცხლე შეიძინა.

ინტერიერი თეთრ ფერშია გადაწყვეტილი, რომელსაც ხის ავეჯი აბალანსებს. ორ მთავარ ტონში მოწყობილი სივრცე საკმაოდ თამამი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ დროს დიზაინში არსებობს საფრთხე, რომ გარემო ზედმეტად მონოტონური და მოსაწყენი გამოვიდეს, თუმცა აღნიშნული პროექტი დახვეწილობის და მინიმალიზმის იდეალურ სინთეზს ქმნის და ელეგანტური დეტალებით გამოირჩევა.

სტუდიოს ტიპის სივრცეში გვხვდება გაერთიანებული მისაღები, სასადილო და მოსასვენებელი კუთხე, რომელსაც საგანგებოდ ამ პროექტისთვის შერჩეული ავეჯი ფუნქციურ ნაწილებად ყოფს. ზონირების ფუნქციას სივრცეში არსებული სვეტი და თაღებიც ასრულებს, რომელიც დეკორატიულად გაფორმებულ ჭერთან ერთად, ესპანური არქიტექტურის ტრადიციულ ელემენტებს უსვამს ხაზს.

გაბედული ნაბიჯია პროექტში გეომეტრიული სიზუსტის მიღწევა, რაც არსებულ საცხოვრებელში ნათლად იკითხება. სწორი ხაზები, სრული სიზუსტით დაცული სიმეტრია, საგანგებოდ შერჩეული მასალა, მინიმალისტური ავეჯი და ხის ფაქტურა სისადავის, სისუფთავის და ორგანიზებული გარემოს ეფექტს ქმნის და ბინას უნიკალურ იერს სძენს.

მოსასვენებელ სივრცეში, მყუდრო კუთხე მასიური თეთრი ტახტის დახმარებით იქმნება, რომელიც თანამედროვე დიზაინის საინტერესო მოდელს წარმოადგენს. თბილ და სასიამოვნო ატმოსფეროს მატებს უკანა მხარეს დაპროექტებული მასიური ხის ღია თაროები, რომლებიც წიგნებითა და აქსესუარებითაა გაფორმებული.

ოთახის ცენტრალურ ნაწილში მცირე სასადილო ზონაა მოწყობილი, ხის მრგვალი მაგიდითა და სკამებით, რომლებიც ხის თაროებს ეხმიანება. სივრცეში არაფერია ზედმეტი და ბინა მხოლოდ ფუნქციური ნივთებით არის დატვირთული, რაც სიმსუბუქის და თავისუფლების შეგრძნებას იწვევს.

სამზარეულო მინიმალისტურ ესთეტიკას ინარჩუნებს, რაც ხით მოპირკეთებული ავეჯით და ზედა კარადების არარსებობით მიიღწევა. შეიძლება ითქვას, ესეც საკმაოდ გაბედული გადაწყვეტილებაა — მინიმალისტურ ინტერიერში კომფორტის და ფუნქციურობის უზრუნველყოფა, რაც არსებულ პროექტში წარმატებით ხორციელდება.

საძინებელში ჰარმონია და სისადავე თეთრი ფერის დომინაციით იქმნება. ამ ტონალობის სიჭარბის მიუხედავად, ინტერიერი მოსაწყენი არ არის და სივრცე ხის იატაკით, დახვეწილი ტექსტილით და ნახატით ცოცხლდება.

ბინის გამორჩეული ზონაა სააბაზანო, რომელშიც ფერები თამამად არის გამოყენებული. კედლების ცისფერ ტონალობას კონტრასტულად ეხამება კვადრატული ფორმის წითელი და თეთრი ფილები. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება საგანგებოდ ამ პროექტისთვის შექმნილ ტერაცოს ქვის ფაქტურის ხელსაბანზე, რომელიც იატაკის ფილებს ორგანულად ერწყმის და ინტერიერის სახასიათო ნიშას ქმნის.

ბილბაოში მდებარე ბინა თანამედროვე დიზაინისა და ტრადიციული ელემენტების საოცარ სინთეზს ქმნის და თამამი გადაწყვეტებით ხასიათდება, რაც მინიმალისტურ სტილსა და გეომეტრიულ სიზუსტეში ვლინდება. დასამახსოვრებელი გარემო ნებისმიერ მნახველს შთაბეჭდილებების ქვეშ აქცევს და ესთეტიკისა და ფუნქციურობის იდეალურ ტანდემს ქმნის.

პროექტის ავტორი: BABELstudio

“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2-ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.

გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!  

რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2

ავტორი: მეკო მეტრეველი

“რატომ არ შეიძლება ლამაზი სკამი იყოს უბრალოდ ლამაზი სკამი?” – დიზაინერ სესილი მანცის მოსაზრება

5 ნივთი თქვენი სახლის დეკორისთვის – ნოემბრის საყიდლების სია Homeis.ge-სგან