in ,

ბუნებრივი მასალებითა და ფერადი აქცენტებით შექმნილი ჰარმონიული ინტერიერი გომის ქუჩაზე — ქეთი მაკალათიას ინტერიერი

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ერთ საინტერესო პროექტს, რომელიც ფერადი აქცენტებით და თამამი გადაწყვეტილებებით ხასიათდება. ის ქეთი მაკალათიას და მის მეუღლეს ეკუთვნის და გომის ქუჩაზე მდებარეობს. სივრცის საერთო ფართობი 200 მ²ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ პროექტი წყვილმა პროფესიონალის დახმარების გარეშე, თავად განახორციელა, რაც ნამდვილად დიდ გამბედაობას მოითხოვს. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, ქეთიმ სამხატვრო აკადემია დაამთავრა ტანსაცმლის დიზაინის მიმართულებით, თუმცა ინტერიერით ყოველთვის გატაცებული იყო. სწორედ ამიტომ, პირველი ბინა დამოუკიდებლად მოაწყო, რასაც წარმატებით გაართვა თავი. 8 წლის წინ კი ძველ თბილისში, ქართლის დედის ქანდაკებასთან ახლოს, გომის ქუჩაზე წყვილმა მიწა შეიძინა, სადაც ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სახლი ააშენა და ინტერიერის მოწყობაზეც თავად იზრუნა.

ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, პროექტირება და მშენებლობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. უამრავ გაუთვალისწინებელ წინაღობას შევეჩეხეთ. თავდაპირველად მოვიაზრებდით სასტუმროს ტიპის დაწესებულებას, თუმცა ბევრი ფაქტორის გამო, საბოლოოდ, გადავწყვიტეთ ორი საცხოვრებელი სახლის აშენება. ინტერიერზე მუშაობაც არანაკლებ საპასუხისმგებლო აღმოჩნდა. გვსურდა შეგვექმნა ისეთი სივრცე, რომელიც ქალაქის იერსახეს შეესაბამებოდა და მაქსიმალურად მყუდრო საცხოვრებელს შექმნიდა. შევეცადეთ, ინტერიერი მასალებით და ფერებით არ გადაგვეტვირთა, სივრცეები ნათელი გაგვეხადა და ხისა და ქვის დეტალების გამოყენებისიმსუბუქე შეგვენარჩუნებინა”, — აღნიშნავს ქეთი მაკალათია.

ინტერიერის მთავარ ტონად შერჩეულია თეთრი ფერი, მის დასაბალანსებლად და გასახალისებლად კი ხის მასალა და ფერადი ელემენტებია შემოტანილი. სივრცე რამდენიმე ზონად იყოფა, რომელთა დამაკავშირებელ რგოლს ნარინჯისფერი კიბე ასრულებს, რაც მნიშვნელოვან კონტრასტულ აქცენტს ქმნის და სივრცეს საინტერესო იერს ანიჭებს.

ფერების თამამ გამოყენებასთან ერთად, გაბედული ნაბიჯი აღმოჩნდა საცხოვრებლის ინტერიერში კლდის შენარჩუნება, რომელმაც უდიდესი დეკორატიული დატვირთვა შეიძინა და სივრცეს გამორჩეული იერი შესძინა.

მთავარი ოთახი, რომელიც საკმაოდ ვრცელი და ნათელია, დიდი ვიტრაჟებით არის მოპირკეთებული და თბილისის პანორამულ ხედებს გადაჰყურებს. სივრცეს სიმყუდროვეს სძენს ხის ღია ფერის იატაკი, რომელიც ავეჯს სასიამოვნოდ ეხმიანება. მოსასვენებელ ზონაში ყურადღებას იქცევს მასიური, თანამედროვე დიზაინის, მომრგვალებული ფორმის ყავისფერი ტახტი, რომელიც ნაზი ტექსტურით ხასიათდება და ინტერიერის მიმზიდველ დეკორატიულ ელემენტად გვევლინება. მას ორგანულად ერწყმის ხის მცირე ზომის მაგიდა და ტელევიზორის კარადა, რომლებიც გამწვანებასთან ერთად, ბუნებასთან სიახლოვეს უსვამს ხაზს.

საინტერესო აქცენტი გვხვდება ნარინჯისფერი სავარძლის სახითაც, რომელიც ვიტრაჟთან დგას და სასიამოვნო სარელაქსაციო და საკითხავ კუთხეს ქმნის.

მისაღების მეორე მხარეს მოწყობილია სამზარეულო და სასადილო სივრცე, სადაც ხის მაგიდასა და სკამებს სამზარეულოს ფირუზისფერი ავეჯი ჰარმონიულად ესადაგება. ფირუზისფერი ტონალობა სივრცეს უფრო თამამ, საინტერესო იერს სძენს და ოთახს ახალისებს. გემოვნებით შერჩეული თანამედროვე დიზაინის სკამები და სანათები კი მის დახვეწილობას უსვამს ხაზს.

სახლში გვხვდება მეორე მისაღები-სასადილო ზონაც, რომელიც შედარებით სადა და მინიმალისტურია. კონტრასტის შემოსატანად აქაც მნიშვნელოვანი დატვირთვა ეკისრება ნარინჯისფერ ტახტსა და ყავისფერ დივანს, დიდი მოძრავი ვიტრაჟებით კი სივრცე გარე ტერასასთან ერთიანდება და ინტერიერს ექსტერიერთან აკავშირებს.

ორიგინალური ელემენტებით გამოირჩევა საძინებელი ოთახებიც, რომლებშიც რბილი იატაკი გვხვდება, დომინანტი თეთრი ფერი კი ხის ავეჯითა და კონტრასტული ფერებით ნეიტრალდება. მაგალითად, საინტერესოა ერთ-ერთი საძინებელი ოთახის საგარდერობო კარადა, რომელიც ფუნქციურ ელემენტთან ერთად, მიმზიდველი დეკორატიული დანამატია. ასევე ჭილოფის ფაქტურის სანათები, რომლებიც საწოლის ელემენტებს ეხამება. მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად კი საძინებელს ინდივიდუალური სააბაზანო ოთახიც აქვს, ღია ყავისფერ ტონალობაში გადაწყვეტილი.

მეორე საძინებელ ზონაში  მიმზიდველ შტრიხად გვევლინება მწვანე ფერის საგარდერობო კარადა, რომელიც ინტერიერის იერს სრულიად ცვლის. მომხიბვლელ აქცენტს ქმნის საწოლის შავ-თეთრი ტექსტილიც და მინიმალისტური დეკორატიული სანათები.

მესამე ოთახში კი ყურადღებას იქცევს ზებრას პრინტით გაფორმებული საწოლის თავი, რომელიც სახასიათო ესთეტიკას სძენს სივრცეს. ამ ზონაშიც დიდი დოზით გვხვდება ხის ავეჯი და ჭილოფის ელემენტები, რაც ოთახს სიმყუდროვესა და სიმსუბუქეს მატებს.

ფერების თამამი გადაწყვეტა გრძელდება სააბაზანო ოთახებშიც, სადაც სივრცეები მუქი ლურჯი და მწვანე მცირე ფორმატის ფილებით არის მოპირკეთებული, ბალანსისთვის კი თეთრი ტონალობაა გამოყენებული.

ქეთი მაკალათიას საცხოვრებელი სახლი თამამი ფერთა პალიტრით, ხის მასალის დომინაციით და მიმზიდველი ავეჯის გამოყენებით ხასიათდება. მიუხედავად კონტრასტული ფერების სიხშირისა, ბალანსი და სისადავე ინტერიერში შენარჩუნებულია, რაც გემოვნებიანად შერჩეული ელემენტებით, ღია ნათელი სივრცეებით, ბუნებრივი გამწვანებითა და ღია ტონების მეშვეობით მიიღწევა.

“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2-ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.

გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!  

რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: გიორგი მოსიაშვილი

Italia lounge-ის რბილი ავეჯის უნიკალურობა, რომელიც პროფესიული გამოცდილების შედეგად წარმოიშვა — ინტერიერის დიზაინერ შორენა ოქროპირიძის რეკომენდაცია

რატომ უნდა შევიძინოთ Fondital-ის ალუმინის ფერადი საშრობები – 4 მთავარი მიზეზი