in

ფერადი აქცენტებით შექმნილი ინტერიერი გომის ქუჩაზე — ქეთი მაკალათიას ინტერიერი

ქეთი მაკალათიას გომის ქუჩაზე მდებარე სახლი ჩვენი მკითხველისთვის კარგად ნაცნობია. ქეთიმ და მისმა მეუღლემ ის რვა წლის წინ ახლად შეძენილ მიწაზე ააშენეს. არსებულ ტერიტორიაზე ასევე დაპროექტდა მეორე სახლიც, რომლის ინტერიერზეც მეპატრონეებმა თავად იზრუნეს და დღევანდელ სტატიაში სწორედ მის შესახებ ვისაუბრებთ. ობიექტის საერთო ფართობი 200 მ2-ია და რამდენიმე დონედ იყოფა, სართულებს შორის კავშირს კი ნარინჯისფერი აქცენტირებული მრგვალი კიბე უზრუნველყოფს.

ინტერიერის ძირითად ტონად ღია ფერებია შერჩეული, სივრცის გამოსაცოცხლებლად კი ყურადღება ფერად ავეჯსა და დეკორატიულ ელემენტებზეა გამახვილებული. მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს ხის მასალა, რომელიც იატაკსა და ავეჯზე გვხვდება.

მთავარი ოთახი სამზარეულო და მისაღებ ზონებად იყოფა. მოსასვენებელ კუთხეში თანამედროვე დიზაინის ნაცრისფერი ტონალობის მომრგვალებული ფორმის სავარძელი და ტახტი დგას, რომლებიც მრავალი ფორმის მცირე ზომის მაგიდებს სასიამოვნოდ ესადაგება. მიმზიდველ ესთეტიკურ ელემენტად გვევლინება მწვანე ტელევიზორის მაგიდაც, რომელიც ინტერიერში გამორჩეულ შტრიხს ქმნის და ბუნებრივ გამწვანებასა და სამზარეულო ზონას ეხმიანება. დიდი ვიტრაჟები ოთახს ნათელსა და სასიამოვნოს ხდის, დეკორატიული სანათები კი კონკრეტულ წერტილებს გამოკვეთს.

სამზარეულო სიმყუდროვით და თბილი, მომხიბვლელი ინტერიერით ხასიათდება, რაც ღია მწვანე ზეთისხილისფრის დომინაციით მიიღწევა. ზეთისხილისფერ ავეჯს ორგანულად ერწყმის ხის ფაქტურა, რომელიც სამზარეულოს ზედაპირსა და მის ზედა თაროზეა გამოყენებული. სამზარეულოს კუნძული სასადილო მაგიდის ფუნქციასაც ასრულებს და მეტალის ფაქტურის სკამებით არის დაკომპლექტებული.

სახლში ასევე გვხვდება ვრცელი ვიტრაჟებიანი მოსასვენებელი ზონა, რომელიც ქალაქის პანორამულ ხედებს გადაჰყურებს. მოძრავი ვიტრაჟული კარით კი ის ტერასასთან ერთიანდება, სადაც მცირე სასადილო სივრცეა მოწყობილი.

საძინებლებში ინტერიერის სახასიათო შტრიხები მეორდება, რის გამოც დახვეწილი და ელეგანტური სივრცეები მიიღება. ერთ-ერთი საძინებელი ყურადღებას საინტერესო და განსხვავებული საწოლის დიზაინით იქცევს, რომელზეც გამოყენებულია ხის ფაქტურა და ზებრას პრინტის მქონე ტექსტილი, რაც განსხვავებულ იერს სძენს მოდელს. ასევე გამორჩეული ელემენტია ინტერიერში უცვლელად შენარჩუნებული კლდის ნაწილი, რაც სივრცის ინდივიდუალურ სტილს უსვამს ხაზს. ღია მწვანე ფერის საგარდერობო კარადა და მაგიდა კი ეგზოტიკურ შტრიხებს ანიჭებს სივრცეს.

არანაკლებ მიმზიდველია მეორე საძინებელი ოთახიც, სადაც აქცენტის სახით მუქი ლურჯი ფერის კარადა გვხვდება, რომელიც ფუნქციურ ელემენტთან ერთად, მნიშვნელოვანი დეკორატიული დანამატია. მომხიბვლელია საწოლის შავ-თეთრი დახვეწილი ზედაპირიც, რომელიც ოთახს სიხალისეს მატებს. ხაზგასასმელია, რომ საძინებელს ინდივიდუალური სააბაზანო ოთახიც აქვს, რომელიც მცირე ფორმატის თეთრი და ლურჯი ფილებითაა მოპირკეთებული.

მესამე საძილე ზონაშიც მეორდება მუქი ლურჯი საგარდერობო კარადის დიზაინი და საწოლზე ხის ფაქტურის ელემენტები. ინტერესს მატებს მინის დეკორატიული განათებაც, რომელიც ოთახში სიმყუდროვესა და თბილ ატმოსფეროს უზრუნველყოფს.

ეფექტურ სურათს ქმნის მეორე სააბაზანო ზონაც, სადაც კლდის მცირე ნაწილი თავდაპირველი სახითაა შენარჩუნებული. მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად კი სივრცე მცირე ზომის მწვანე ფილებით არის მოპირკეთებული.

სახლში დაპროექტებულია მესამე სველი წერტილიც, რომელშიც დომინანტურ როლს თეთრი ფილები ასრულებს, ინტერიერის გასახალისებლად კი კედელზე ზეთისხილისფერი ტონალობა გვხვდება.

ქეთი მაკალათიას სახლი გამორჩეული დიზაინ გადაწყვეტებითა და მიმზიდველი აქცენტებით ხასიათდება, რაც ხის მასალის ხშირი გამოყენებით, კონტრასტული ფერების საინტერესო სინთეზითა და დახვეწილი, კომფორტული ავეჯის შერჩევით მიიღწევა.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: გიორგი მოსიაშვილი

ფასადის თერმოიზოლაცია — ყველაფერი, რაც ამ ტექნიკის შესახებ უნდა იცოდეთ

როგორ მოაწყო სახლი ახალი წლისთვის – ველის რჩევები სადღესასწაულო ატმოსფეროს შესაქმნელად