სკანდინავიური დიზაინი, რომელიც მე-20 საუკუნიდან იღებს სათავეს, მარტივი და დახვეწილი ესთეტიკით არის შთაგონებული და მინიმალიზმით, ფუნქციონალურობით, ბუნებრივი მასალებითა და სადა ფერთა პალიტრით ხასიათდება, რაც ჰარმონიულ გარემოს და სასიამოვნო, მყუდრო ატმოსფეროს განაპირობებს. სკანდინავიურ დიზაინს სამი მთავარი ელემენტი ქმნის — ბუნებრივი განათება, ბუნებრივი მასალები და ღია, სადა ფერთა პალიტრა. დღევანდელ სტატიაში სწორედ ფერებზე გავამახვილებთ ყურადღებას და იმ ძირითად ტონებს განვიხილავთ, რომლებიც სკანდინავიური დიზაინის შესაქმნელად დაგჭირდებათ.
თეთრი ფერი
სკანდინავიური სტილი ღია, ნათელი სივრცეებით ხასიათდება, ამიტომ თეთრი ფერი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია სასურველი იერსახის მისაღებად და ჩრდილოური ესთეტიკის ხაზგასასმელად. ამასთანავე, თეთრი სივრცეს მეტად ანათებს, დღის შუქთან იდეალურ სინთეზს ქმნის და სივრცეში მშვიდ, მყუდრო ატმოსფეროს უზრუნველყოფს. თეთრი ფერი განსაკუთრებით ეფექტურია მცირე ზომის ოთახებშიც, რადგან სივრცის ვიზუალურ ზრდას უწყობს ხელს და ოთახს უფრო დიდს აჩენს.
ნაცრისფერი
ნაცრისფერი საკმაოდ მოთხოვნადი ფერია სკანდინავიურ დიზაინში, რომელიც იდეალურად ერწყმის თეთრ ტონებს და დაბალანსებული, ნეიტრალური ესთეტიკის შექმნას უწყობს ხელს. ნაცრისფერი დამატებით ელეგანტურობას და დახვეწილობას სძენს სივრცეს და კონტრასტულ აქცენტებს მატებს ინტერიერს, რაც ბევრად საინტერესო, ღრმა და მრავალფეროვანი გარემოს ჩამოყალიბებაში გვეხმარება. ამავდროულად, ნაცრისფერი დადებითად ზემოქმედებს ადამიანის განწყობასა და მენტალურ მდგომარეობაზე და მშვიდ ატმოსფეროს განაპირობებს.
ბუნებრივი ფერები
სკანდინავიური დიზაინი ბუნებრივი მასალების გამოყენებით ხასიათდება, ამიტომ ბუნებრივი ტონები, განსაკუთრებით კი ხისფერი, ამ სტილში გამორჩეულ ადგილს იკავებს. ამასთანავე, ხისფერი აქცენტები ინტერიერს სითბოს, მყუდროებას მატებს, მიმზიდველ იერსახეს ანიჭებს და ინტერიერს ბევრად ეფექტურსა და მოხდენილს ხდის. ხისფერი იდეალურად ერწყმის სკანდინავიური დიზაინისთვის დამახასიათებელ ფერთა პალიტრას და ასევე კონტრასტულ ელემენტებს, რაც ჰარმონიული და ერთიანი სივრცის შესაქმნელად აუცილებელია.
მწვანე
ჩრდილოური სტილი ბუნებასთან სიახლოვით, გარე სამყაროსთან სინთეზით და ექსტერიერსა და ინტერიერს შორის საზღვრების გადალახვით ხასიათდება, ამიტომ სკანდინავიურ დიზაინში განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს მწვანე ფერი, რომელიც ნეიტრალურ, სადა სივრცეს აცოცხლებს და ახალისებს. აქცენტების სახით მწვანე ტონალობის გამოყენება ახალ ენერგიას მატებს გარემოს, დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს და მყუდრო, სასიამოვნო ატმოსფეროს უზრუნველყოფს სივრცეში.
ლურჯი
მართალია, სკანდინავიურ დიზაინში ძირითადად ღია, ნათელი ფერები გვხვდება, თუმცა მრავალფეროვანი და საინტერესო ინტერიერის შესაქმნელად აქცენტების სახით ხშირად გამოიყენება ლურჯი ფერის ტონებიც, რომლებიც ბუნების ასოციაციას ქმნის, მასთან კავშირს აძლიერებს და სივრცეს სიმშვიდესა და მყუდროებას მატებს. ამას გარდა, ხელს უწყობს კონტრასტული, მრავალფეროვანი გარემოს ჩამოყალიბებას, რომელიც საინტერესო დეტალებით ხასიათდება.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი