დღევანდელ სტატიაში ჩვენი მკითხველისათვის კარგად ნაცნობ “არქიტექტურულ წყვილზე” ნინი ჭანტურიასა და ლუკა ჩაგანავას შესახებ ვისაუბრებთ და მათი სახლის ინტერიერს გაგაცნობთ. ნინი და ლუკა თანამედროვე ქართულ არქიტექტურასა და დიზაინში ინდივიდუალური ხედვითა და განსხვავებული ხელწერით გამოირჩევიან და საინტერესო ნამუშევრებს ქმნიან. მათი სახლიც ერთ-ერთია მრავალ საინტერესო პროექტს შორის, რომელიც მნახველის აღტაცებას იწვევს. ბინა თბილისში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 170 მ²-ია. როგორც მეპატრონეები გვიამბობენ, აღნიშნულ ბინაში ისინი 2017 წლიდან ცხოვრობენ. საცხოვრებლის ადგილმდებარეობის შერჩევისას გადამწყვეტი როლი ცენტრთან სიახლოვემ, მშვიდმა და გამწვანებულმა გარემომ ითამაშა.
ნინისა და ლუკას მთავარი მიზანი იყო კომფორტული, ესთეტიკურად დახვეწილი სივრცის შექმნა და ისეთი ძირითადი ფონის მოწყობა, რომლის დახმარებითაც სხვადასხვა სიტუაციისა თუ განწყობის შესაბამისად, ბინა მარტივად შეიცვლიდა სახეს ავეჯისა და დეკორაციების დახმარებით.
„სახლი და მისი იერსახე საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩემს ყოველდღიურობაში ჩემი პროფესიისგან დამოუკიდებლადაც. ამ სივრცეში თავმოყრილია ნივთები, რომლებიც ასახავს ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს, მოგონებებს, მიღწევებს, მიზნებს. ამიტომ ჩემს ყოველდღიურობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სახლს და მის განწყობას, მიუხედავად იმისა, რომ დროის არცთუ ისე დიდ მონაკვეთს ვატარებ აქ”, — აღნიშნავს ნინი ჭანტურია.
დიზაინ-კონცეფცია ფერთა მრავალფეროვნებითა და ბუნებრივი მასალების გამოყენებით შეიქმნა, რომელშიც თითოეულ ნივთს როგორც ფუნქციური, ასევე ესთეტიკური მნიშვნელობა მიენიჭა. სივრცე კი იტალიური, ჩეხური და ესპანური წარმოების ნივთებით, ვინტაჟური ობიექტებითა და ნინი ჭანტურიას მიერ შექმნილი ნამუშევრებით დაკომპლექტდა.
„ზოგადად, როგორც საკუთარ სივრცეში, ასევე სხვა პროექტებშიც მიყვარს სხვადასხვა განათების ელემენტის გამოყენება და ბევრი განსხვავებული სკამის ან ჩამოსაჯდომი ადგილის მოწყობა. ეს განპირობებულია ალბათ იმით, რომ მომწონს დაკვირვება სახლის გარემოზე და ნივთებზე სხვადასხვა განათების პირობებში და დღის სხვადასხვა მონაკვეთში. განწყობის შესაბამისად ვარჩევ კონკრეტულ ადგილს და აუცილებლად მუსიკის ფონზე ვცდილობ ჯერ კიდევ უცნობი დეტალების აღმოჩენას ჩემსავე სახლში”, — ამბობს ნინი ჭანტურია.
სახლი მოიცავს გრძელი დერეფნით დაკავშირებულ 3 საძინებელს, გაერთიანებულ მისაღებსა და სასადილო სივრცეს და დეკორატიული შემინული ტიხრით გამოყოფილ სამზარეულოს. სახლის კონფიგურაციიდან გამომდინარე, სივრცეში კარგად გადანაწილდა როგორც საძილე, ასევე მისაღები ზონები.
როგორც ბინის მეპატრონეები აღნიშნავენ, მუშაობის პროცესში პროექტის მთავარ გამოწვევას პროექტის ავტორებისთვის პროფესიული საქმიანობისა და სარემონტო პროცესის შეთავსება წარმოადგენდა.
„მთავარი გამოწვევა, ალბათ, პროფესიული საქმიანობის გათვალისწინებით, ჩვენი გრაფიკი და მასთან სარემონტო სამუშაოების შეთავსება იყო. პრიორიტეტი, თავისთავად, სხვა მიმდინარე პროექტებს ენიჭებოდა, ბოლოს კი საკუთარ სახლს. ასევე აღვნიშნავდი, რომ საკმაოდ რთულად დასახარისხებელი და დასაპრიორიტეტებელი იყო ის მიდგომები და ვიზუალები, რაც ამდენი წლის განმავლობაში ჩემი მუდმივი დაკვირვების საგანია. კონკრეტული მიმართულების შერჩევა და ამ სახით დასრულება შრომატევადი პროცესი აღმოჩნდა ყველა სხვა მიმდინარე პროექტებთან ერთად.”
ინტერიერში ძირითად მასალად გამოყენებულია ხე, ქვა და თიხის
მოსაპირკეთებელი ფილები. მთავარ ტონად კი შერჩეულია თბილი ჩალისფერი, რომელიც მწვანე, ლურჯი და წითელი აქცენტებითა და ავეჯისა თუ დეკორაციის სახით ივსება. საცხოვრებლის თითოეული ზონა სახასიათო დეტალებით გამოირჩევა და ორიგინალური გადაწყვეტებით ხასიათდება.
მაგალითად, ყურადღებას იქცევს სასადილო ოთახში ტერაკოტასფერი ფილები, რომლებიც მთელ კედელზე გვხვდება. ასევე, ფერადი დეტალების მქონე განათება, რომელიც მნიშვნელოვანი დეკორატიული ერთეულია. სივრცე ასევე გაფორმებულია დახვეწილი დიზაინის ხის მაგიდითა და სკამებით.
სამზარეულოში ერთმანეთს კონტრასტული მასალები ენაცვლება და საინტერესო ვიზუალი მიიღება, რაც ხისა და მეტალის ფაქტურის კომბინაციით მიიღწევა.
საძინებელში კი ელეგანტური, მინიმალისტური ესთეტიკა იგრძნობა, რაც მწვანე ფერის რბილი ავეჯით, მსუბუქი ტექსტილითა და ხის აქტიური გამოყენებით ვლინდება.
ნინი ჭანტურიასა და ლუკა ჩაგანავას სახლი განსხვავებული დიზაინით, ორიგინალური მიდგომებითა და დახვეწილი გადაწყვეტილებებით გამოირჩევა. ბუნებრივი მასალები, ფერადი აქცენტები და საინტერესო, უნიკალური დიზაინ-ობიექტები კი სივრცის ავთენტურობასა და ინდივიდუალურობას განსაზღვრავს.
„ვფიქრობ, ჩემი სახლის ინტერიერი კარგად გადმოსცემს ჩემს პიროვნებას, ინტერესებსა და ხასიათს. ის მყუდრო და მოწესრიგებულია, მაგრამ ამასთანავე ხან ქაოსური, ცოტა გადატვირთული, თუმცა საინტერესო”, — ნინი ჭანტურია.
პროექტის ავტორი: ნინი ჭანტურია და ლუკა ჩაგანავა
ინტერიერის დიზაინის სტუდია: NS STUDIO
გამოყენებული მასალები:
სამზარეულოს ავეჯი: IAKAMI, KAMARA STONE
იატაკის საფარი: CEMENT DESIGN
შემრევები: VitrA Georgia
განათება: Leds c4, stilnovo, nemo, flos, tooy,
ავეჯი: NS PRODUCT, Ton, Amura