კედლის ღებვა მნიშვნელოვანი ეტაპია სარემონტო პროცესში და ინტერიერის განახლების დროს. აუცილებელია კედლის სწორად დამუშავება და სპეციალური სამუშაოების სრულყოფილად ჩატარება, რათა მაქსიმალურად ეფექტური შედეგი და ხარისხიანი ნამუშევარი მივიღოთ. ასევე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, დამოუკიდებლად აპირებთ შეღებვას თუ პროფესიონალის დახმარებით, რადგან ეს ღებვის სამუშაოს სპეციფიკაზე დიდ ზეგავლენას მოახდენს. ნებისმიერ შემთხვევაში, კედლის მოსაპირკეთებელი პროცესის წარმატებით განსახორციელებლად ჩვენი დღევანდელი სტატიის რჩევები დაგეხმარებათ.
საღებავის სწორად შერჩევა — ღებვის დაწყებამდე, პირველ რიგში, მთავარია საღებავის სწორად შერჩევა. საღებავი ძირითადად ორ კატეგორიად – პროფესიონალურ და სამომხმარებლო პროდუქტად იყოფა. თუ დამოუკიდებლად აპირებთ კედლის შეღებვას, უმჯობესია, სამომხმარებლო ვარიანტს მიანიჭოთ უპირატესობა, რადგან შედარებით მარტივი გამოსაყენებელია და განსაკუთრებული თვისებებით არ ხასიათდება. ის ადვილი დასატანია ზედაპირზე, მქრქალია და შეცდომების დაშვებაც დიდ ხარვეზებს არ ქმნის. პროფესიონალურ საღებავებს კი განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება, ამიტომ აუცილებელია, ის კვალიფიციურმა პროფესიონალმა გამოიყენოს, რათა სასურველი შედეგი უზრუნველყოს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ფერის სწორად შერჩევა და მისი წინასწარ დატესტვა, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ მიერ შერჩეული ტონალობა კედელზე სრულიად სხვა ეფექტს ქმნის და არასასურველ სახეს იღებს, რაც არასწორად შერჩეული პროდუქტის ბრალია. ამიტომ უმჯობესია, თავდაპირველად კედლის მცირე ნაწილზე დაიტანოთ საღებავი, დარწმუნდეთ მის სისწორეში და მხოლოდ ამის შემდეგ მოაპირკეთოთ ზედაპირი სრულად.
საჭირო მასალების განსაზღვრა — კედლის შეღებვისთვის გამოიყენება ტრადიციული მეთოდი, რომელიც ლილვაკის გამოყენებას გულისხმობს, ან თანამედროვე ხერხი — უჰაერო გამფრქვევით შეღებვა. თითოეული მათგანი გარკვეული უპირატესობებითა და ნაკლოვანებებით ხასიათდება და სხვადასხვა საჭიროებას ერგება. მაგალითად, თუ საღებავი ლატექსურია, წელვადი საღებავითა და ლილვაკით შედარებით დიდი ფართობის შეღებვაა შესაძლებელი და ნაკლები საღებავის გამოყენება ხდება საჭირო, ვიდრე გამფრქვევის შემთხვევაში. შესაბამისად, ეს მიდგომა უფრო ეკონომიურია. თუმცა ლილვაკის ნაკლოვანება ისაა, რომ ხშირად მისი მოხმარებისას ზედაპირს ლილვაკის ზოლები ეტყობა და კედელი არაერთგვაროვანი გამოდის, რაც არასახარბიელო შედეგს გვაძლევს. უჰაერო გამფრქვევის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ბუღის სახით საღებავის 15% არარაციონალურად იხარჯება, შესაძლებელია ერთგვაროვანი, სრულყოფილი ზედაპირის მიღება. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ლილვაკის ბეწვის სისქე საღებავის ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითად, ლატექსური საღებავის შემთხვევაში, აჯობებს დაბალბეწვიანი მოდელი გამოიყენოთ, ხოლო სქელი საღებავის დროს – მაღალბეწვიანი, რათა უკეთესად დაიტანოთ საღებავი ზედაპირზე. კუთხეების შესაღებად კი უმჯობესია სპეციალური ფუნჯების ხმარება, რომელიც მცირე ფორმების სრულყოფილად დამუშავებასა და შეღებვაში დაგეხმარებათ.
ზედაპირის სწორად მომზადება — მასალების შერჩევის შემდეგ საჭიროა ზედაპირზე საღებავის სწორად დატანა და სამონტაჟო სამუშაოების წესისამებრ შესრულება. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ კედლები იყოს მოსწორებული, გასუფთავებული და მშრალი. თანაბარი, სწორი ზედაპირის მისაღებად, ზედაპირის ნესტისა და სოკოსგან დასაცავად და საღებავის ეფექტურად შეწოვისთვის მნიშვნელოვანია, კედელი გრუნტით დამუშავდეს. შემდეგ კი საღებავის დატანა ორ ფენად მოხდეს, თითოეულ ფენას შორის კი დაცული იყოს შესაბამისი დროითი ინტერვალი, რათა ყველა ტექსტურა სრულყოფილად გაშრეს და მისი იერსახე არ დაზიანდეს.
რუბრიკის წამრგენია სამშენებლო სერვისების და მასალების კომპანია “აიპიესი”