in

ბინა თანამედროვე ელემენტებით შავიშვილის ქუჩაზე – ანინია ფხაკაძის ნამუშევარი

დღეს გაგაცნობთ ანინია ფხაკაძის პროექტს, რომელიც შავიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ობიექტის საცხოვრებელი ფართობი 56 მ2-ია.

ბინის ფართობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო სივრცის მაქსიმალურად ათვისება, რათა მიგვეღო პრაქტიკული და ტევადი საცხოვრებელი,“- გვიამბობს ინტერიერის დიზაინერი ანინია ფხაკაძე.

ბინაში განთავსებულია სტუდიოს ტიპის მისაღები და სამზარეულო, ორი საძინებელი და ერთი სველი წერტილი. დამკვეთის სურვილიდან გამომდინარე, ინტერიერში გამოყენებულია ღია ტონები, ფერზე აქცენტირებისთვის შემოტანილია სურათები და აქსესუარები. იატაკი მოპირკეთებულია ინგლისური წყობის ლამინატით, კედლებზე კი გამოყენებულია პოლიურეთანის მოლდინგები.

მისაღები ოთახი თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი. სივრცეს სიმყუდროვეს მატებს ნაცრისფერი ხალიჩები, რომლებიც ამავე ფერის ავეჯსა და ფარდებს ორგანულად ერწყმის. სხვადასხვა კუთხეში დამონტაჟებულია პატარა განათებები, რაც უფრო კარგად გამოკვეთს ავეჯის დეტალებს. აქვე, ყვავილის ფორმის ჭაღი მარმარილოს ზედაპირის მქონე მაგიდას ჰარმონიულად ესადაგება.

მინიმალისტურ სტილში მოწყობილ სამზარეულოში განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას ოვალური ფორმის კუნძული. კუნძულის ერთი მხარე სამუშაო სივრცით და სათავსოებით არის დატვირთული, ხოლო მეორე მხარეს ჩამოსაჯდომია. კუნძულის ფეხი დამზადებულია შეღებილი და დაფრეზილი MDF-ით.

მცირე ზომის საძინებელ ოთახში თეთრის, ხისფრისა და კრემისფრის კომბინაცია გვხვდება. კრემისფერი ხალიჩა და ფარდები ოთახს სიმყუდროვეს მატებს. ჭაღის ფორმით, ამონათებული სარკითა და სხვა პატარა განათებებით ოთახი ესთეტიკურად გამოიყურება.

რაც შეეხება სააბაზანო ოთახს, აქ თეთრი ფერი დომინირებს, რომელსაც კერამოგრანიტის მწვანე ფილები ერწყმის. სააბაზანოშიც გვხვდება ის დახვეწილი სტილი, სიმსუბუქე და ელეგანტურობა, რაც ბინის თითოეულ ოთახში იგრძნობა.

ანანია ფხაკაძის პროექტი დამკვეთის მოთხოვნებსა და სურვილებს სრულად აკმაყოფილებს. ერთი შეხედვით პატარა ბინა საკმაოდ ტევად და კომფორტულ საცხოვრებელ სივრცედ   გარდაიქმნა. შემოტანილი აქსესუარებით, ფერთა გამითა და თანამედროვე მინიმალისტური ელემენტებით ბინას სრულფასოვანია როგორც საცხოვრებლად, ასევე დასასვენებლად ან სამუშაოდ.

პროექტის ავტორი:  ანინია ფხაკაძე

გამოყენებული მასალები:

იატაკის საფარი: ინგლისური წყობის ლამინატი (პარკეტის სახლი “დანი”)

აბაზანის ფილები: “ნიუ დიზაინი”, “იდეალი”

შემრევები: “ნიუ დიზაინი” 

კედლის მოპირკეთება: “კაპაროლი” – პრემიუმ ქლინი

განათება: “მედუზა”, “ლუმენი”

ავეჯი: “კომფორტერი”, “ჰოუმ ვიჟენ”

ფოტოგრაფი: გიორგი მოსიაშვილი

რა უნდა გავითვალისწინოთ კედლის შეღებვის დროს? – 3 მთავარი ფაქტორი

არქიტექტორების თეთრი ბინა ხის ელემენტებით – Blockstudio-ს ნამუშევარი