კანადაში, მონტ თრომბლონში, კვარტალ 8-ის განვითარებული უბნის ერთ-ერთი ბორცვის ძირში განთავსებული Q8 რეზიდენცია სახელს თავისი უნიკალური მდებარეობიდან იღებს. ხეებით გარშემორტყმული ეს სახლი თანამედროვე არქიტექტურულ დიზაინს და ბუნებას სრულ ჰარმონიაში აერთიანებს. შენობასთან მიახლოებისას თვალში გვხვდება დახურული ფასადი რამდენიმე ღიობით, რომელიც ფაქტობრივად, გზას ზურგს აქცევს. ქუჩის მხარეს ფანჯრების არარსებობა ინტიმურობის განცდას ქმნის და ზამთრის პერიოდში სითბოს დანაკარგს ამცირებს, რის გამოც სახლის ენერგოეფექტურობა უმჯობესდება.
რეზიდენცია ქალაქის აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძზეა განთავსებული და შუა ნაწილში თვალში საცემად ვიწროვდება, რაც სახლს ვიზუალურად გამორჩეულს ხდის. ამ არქიტექტურულ დეტალს ავტოსადგომისკენ მივყავართ, რომელიც მთავარ საცხოვრებელ სივრცეს მომიჯნავე სათავსოსთან აკავშირებს. ავტოსადგომი სტუმრების მისაღებ შესასვლელად და შენობის სხვადასხვა ნაწილების დამაკავშირებელ ელემენტად გვევლინება, თანაც ცუდ ამინდში თავშესაფრის როლსაც ითავსებს.
სახლის სტრუქტურა შედგება ნაბიჯ-ნაბიჯ განლაგებული სივრცეებისგან. თითოეულს საკუთარი საფარველი აქვს. ერთ-ერთი სივრცე გადახურულია თეთრი კედრის ყავარით, რომელიც ქმნის მსუბუქ და ბუნებრივ ტექსტურას. მეორეს მხრივ, ლარიქსის ვერტიკალურ გადახურვას შემოაქვს ღრმა, მიწისფერი ტონები. ბაღის კიდე, რომელიც აშენებულია ჰორიზონტალური, ბეტონის დაფებისგან, ქმნის თანამედროვე კომპოზიციას და აჩენს სიმყარის შეგრძნებას. ამ კომპონენტების ურთიერთქმედების შედეგად, სახეზეა დინამიური ფასადი, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის მიმდებარე ტყეს.“
აღმოსავლეთისკენ მიმართული ტერასა მეორე სართულის ქვეშაა მოქცეული. ეს პატარა ეზო, რომელიც დილის სინათლეს იჭერს, საუკეთესო თავშესაფარია თბილი სეზონის დროს. ის წარმოადგენს დამატებით სასადილო და საცხოვრებელ სივრცეს, რომელიც დაცულია მწერებისგან და სადაც სახლის მკვიდრებს შეუძლიათ დაისვენონ მზის ნაზი სხივების ქვეშ. შიდა ინტერიერის ფართო მინა-ფასადის საშუალებით ხელის გულზე მოსჩანს სამხრეთი მხარე. ეს დიზაინი საცხოვრებელ სივრცეს ბუნებრივი განათებით ავსებს. ფართო ფანჯრებიდან კარგად ჩანს გარე სივრცე, რომელიც აღჭურვილია შიდა/გარე ბუხრით და სპა-აუზით. იქვეა შერეული ტყე – არყის, ნეკერჩხლის და ფიჭვის ხეებით გარემოცული. ეს გარე ოაზისი დაცულობის და სიმშვიდეს შეგრძნებას აჩენს ადამიანებში.
სახლში შესვლისას, ექსტერიერის ლარიქსის ფასადი შეუფერხებლად გადადის დაბალჭერიან შესასვლელში, რაც ქმნის ერთიან ესთეტიკას და თბილ, დადებით ატმოსფეროს. მაღალი ჭერი აერთიანებს სამზარეულოს, სასადილოს და საცხოვრებელ სივრცეებს, რასაც გახსნილობის და ამავდროულად ურთიერთკავშირის შეგრძნებები მოაქვს.
შიდა ფანჯრები ორმაგი სიმაღლის სივრცის კედლებს მთლიანად მოიცავს, რაც საშუალებას იძლევა, სინათლე ზედა ოთახებშიც შევიდეს. ეს სტილი არა მხოლოდ ინტერიერს ანათებს, არამედ ქმნის ვიზუალურ ურთიერთკავშირს სახლის სხვადასხვა დონეებს შორის, რაც აუმჯობესებს ზოგადად სივრცულ აღქმას.
სამზარეულოში მოძრავი პანელი და კარადის კარი ოსტატურად მალავს საკუჭნაოს. ეს კარგად მოფიქრებული დიზაინი ფარავს ტექნიკას და თვალისთვის უხილავს ხდის სამზარეულოში საქმიანობის დროს შექმნილ არეულობას, რაც ძირითად საცხოვრებელ სივრცეს სისუფთავის და მინიმალიზმის ელფერს სძენს.
პირველ სართულზე ლუქს საძინებელია, რომელიც ცალკე, დამოუკიდებლად ყოფნის შეგრძნებას აჩენს. ეს სივრცე მოიცავს საძინებელ ოთახს, აბაზანას, სპორტულ დარბაზს და სამრეცხაო ოთახს. ეს ყველაფერი ერთ სართულზეა განთავსებული, რაც მას იდეალურს ხდის ხანდაზმული მაცხოვრებლებისთვის. საძინებელი ნახევრად პრივატულ ტერასაზე გამოდის, სადაც გარე შხაპია, რომელსაც ფარავს დიდი ლოდი, რომელიც სახლის მშენებლობის დროს აღმოაჩინეს და დატოვეს, როგორც დიზაინის ნაწილი. ამ ბუნებრივი ელემენტის მეშვეობით სახლს ლანდშაფტთან უნიკალური კავშირი აქვს.
მეორე სართულზე, დერეფნის ნაწილში განთავსებულია მყუდრო საკითხავი კუთხე, სადაც იატაკიდან ჭერამდე წიგნების თაროები და ტახტია.
საკითხავი კუთხე გადაჰყურებს ქვემოთ მდებარე ორმაგი სიმაღლის სივრცეს და ძალიან კომფორტული ადგილია დასასვენებლად.
ამ სართულზე დარჩენილი სივრცის ნაწილი მოიცავს სამ საძინებელს და ორ აბაზანას. ბავშვების საძინებელში დგას ორსართულიანი საწოლი, რომლის კიბეები შეცვლილია საფეხურებით.
შიდა სივრცეში არსებული მასალის პალიტრა არის გარე მოპირკეთების ანარეკლი.
ცაცხვის, ფიჭვის საფარის გამოყენება მუქი და ღია ლაქებით, შეთეთრებული და კირის და წყლის ნარევით დაფარული კედლები ერთობლიობაში ქმნის თბილ და სტუმართმოყვარე ატმოსფეროს. სწორედ ამ მასალების ერთიანი გამოყენებით მყარდება ურთიერთობა სახლის შიდა ტერიტორიებსა და მის ბუნებრივ გარემოს შორის.
არქიტექტურული კომპანია: MRDK
ლანდშაფტის დიზაინი: სავარია პაისაჟი