ნეით ბერკუსი ცნობილი ამერიკელი ინტერიერის დიზაინერია, რომელსაც შესაძლოა მისი გადაცემიდანაც იცნობდეთ „Nate & Jeremiah by Design“, სადაც ის და მისი მეუღლე რჩევებს გასცემენ ინტერიერის დიზაინთან დაკავშირებით, ასევე ეხმარებიან ოჯახებს სახლის ინტერიერის შეცვლაში. გარდა ამისა, ნეითს გამოქვეყნებული აქვს წიგნები, სადაც ინტერიერთან დაკავშირებით გვიზიარებს რჩევებს.
1971 წელს დაბადებულმა ბერკუსმა პატარა ასაკში აღმოაჩინა ინტერიერის დიზაინისადმი ინტერესი. 24 წლის ასაკში კი მან დააარსა თავისი ინტერიერის დიზაინის ფირმა, Nate Berkus Associates.
ბერკუსი ცნობილია თავისი უნარით, შექმნას სივრცე, რომელიც მოგვითხრობს ამბავს სახლის მეპატრონეზე. მისი აზრით, სახლი – ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვის ბრუნდები, ადგილი – სავსე მოგონებებითა და დეტალებით, რომლებიც ასახავენ თქვენს არსს.
ნეითი გვირჩევს, რომ ინტერიერში შემოვიტანოთ „დრამა“ საღებავით, ასევე განვათავსოთ ხელნაკეთი და ვინტაჟური აქსესუარები. ნეით ბერკუსის აზრით, სახლი უნდა გაამდიდროთ არომატებით, რადგან მას სწამს სურნელის ფსიქოლოგიის.
ნეით ბერკუსის ნამუშევრებიდან ერთ-ერთი მისთვის განსაკუთრებული პროექტია Noho Loft, სადაც ჯერემია ბრენტთან (მეუღლე) ერთად მუშაობდა სუპერვარსკვლავი რიტა ჰაზანის სახლზე. რიტა საზოგადოების წინაშე ხშირად გამოდიოდა როკ-ენ-როლის ტყავის ქურთუკით და ოქროს აქსესუარებით, ის ყოველთვის ირჩევდა შავსა და თეთრ ტანისამოსს. სწორედ ამიტომ, ბერკუსმა და ჯერემიამ რიტას სახლში შეიტანეს ისეთი ტექსტურები, როგორიცაა ბეწვი და ტყავი. ოთახებში დომინირებს თეთრი და შავი ფერები. ახლა რიტა ყოველდღე ბრუნდება სახლში – ისეთ სივრცეში, რომელიც ნამდვილად ასახავს მას.
ნეითს სჯერა, რომ ყველაზე კარგად მოწყობილი ოთახები დიდი ხნის განმავლობაში იგეგმება. ქვემოთ მოცემულია მისი ერთ-ერთი ნამუშევარი, რომელზეც ის 2.5 წელიწადზე მეტხანს მუშაობდა და ფიქრობს, რომ შედეგი ამად ღირდა.
ისეთმა ჟურნალებმა, როგორიცაა Architectural Digest, Vogue, Elle Decor და People ნეით ბერკუსი მოიხსენიეს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ინტერიერის დიზაინერად. დღეს ბერკუსი აგრძელებს ადამიანების შთაგონებას საკუთარი წიგნებისა და სატელევიზიო შოუების მეშვეობით.