ინდონეზიაში, ტროპიკულ სამხრეთ ტანგერანგში, არქიტექტორმა და სახლის მეპატრონემ, ჰელენ აგუსტინმა ორი სახლის ინტერიერის დიზაინზე იმუშავა. სახლებს ეზო აკავშირებს. ერთ სახლში მისი ოჯახი ცხოვრობს, რომელიც 5 წევრისგან შედგება, მათ შორის არიან ბავშვებიც. მეორე კი ბებიისთვისაა განკუთვნილი, რომელიც პერიოდულად დასასვენებლად ჩამოდის.
ოთახები მარტივად და მოკრძალებულადაა გადაწყვეტილი, რაც ხელს უწყობს სახლების ბინადრებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ამცირებს ორივე სახლის მოვლის ხარჯებს.
პირველი, ორ სართულიანი სახლი მოიცავს სამ საძინებელს, სამ სველ წერტილს, სამუშაო სივრცეს, სათავსოს და ღია საცხოვრებელ, სასადილო და სამზარეულო ზონას.
სახლს აქვს პატარა ზომის შესასვლელი, საიდანაც მინიმალურად მოჩანს ქუჩა. დაბალჭერიანი, მცირე ზომის ლობიდან პირდაპირ ნათელ და ვრცელ საცხოვრებელ და სასადილო სივრცეში შევდივართ, საიდანაც მოპირდაპირე მხარეს მდებარე ორ მცირე ზომის ბაღში შეიძლება გასვლა.
ოჯახის წევრების ინტროვერტობის გათვალისწინებით, სახლი მიზანმიმართულად არის შექმნილი არა დიდი შეკრებებისთვის, არამედ მცირე რაოდენობის სტუმრებისთვის. იატაკის დონეების ცვალებადობა სასადილო და საცხოვრებელ ფართებს ერთმანეთისგან ჰყოფს, რაც ზრდის ინტიმურობის განცდას. მწვანეში ჩაფლული ბაღი იმგვარად ფარავს სახლს, რომ მისი დანახვა მეზობელი ბინებიდან შეუძლებელია, რაც კონფიდენციალურობის შეგრძნებას ამძაფრებს.
ერთსართულიანი სახლი, რომელსაც პერიოდულად ბებია სტუმრობს, ხანდაზმულებზეა გათვლილი. ყველაფერი გააზრებულადაა შექმნილი და მორგებულია შუა ხანს გადაცილებული ადამიანის საჭიროებებზე, მათ შორისაა პანდუსიც. ამ რეზიდენციას აქვს ღია საცხოვრებელი და სასადილო სივრცე შემაღლებული ჭერით, ორი მყუდრო საძინებელი, ორი სველი წერტილი და ოთახი, რომელიც განკუთვნილია მომვლელისთვის. მზის სხივებით განათებული შიდა ეზო, რომელიც საუკეთესოა მშვიდ გარემოში განმარტოებისთვის, აკავშირებს ორ საცხოვრებელ ოთახს და ბებიას საძინებელს.
ამ სახლებში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ შეიქმნას მაქსიმალური კავშირი მაცხოვრებლებსა და ბუნებრივ გარემოს შორის. დიდი ფანჯრები ყოველი მხრიდან აძლიერებს ბუნებრივ ჯვარედინ ვენტილაციას. შემოსასვლელის უჯრედის და საძინებლის ჭერი ხელითაა მოხატული.
ბავშვისთვის უსაფრთხო პატარა საცურაო აუზი, სადაც ქიმიკატებს არ იყენებენ, დამზადებულია მწვანე სუკაბუმის ქვისგან, რომელიც ადგილობრივად მოიპოვება. აუზის წყლის სასიამოვნო ხმა ორივე საცხოვრებელ სივრცეში ისმის.
ინტერიერის კედლებზე გაკრული მდგრადი ტექნოლოგიური ხე ინარჩუნებს სითბოს, ხოლო ღია ბეტონის იატაკი აბალანსებს ტექნოლოგიასა და ბუნებას შორის კავშირს. კომფორტისა და სუნთქვის გასაუმჯობესებლად ფარდები, ხალიჩები და თეთრეული შექმნილია მსუბუქად დამუშავებული ბამბისაგან.
ინტერიერის დიზაინერმა მუდმივად უნდა იმუშაოს ახალ მიდგომებზე, რაც ბევრი ცვლილების განხორციელებას გულისხმობს. ეს ყოველთვის უკეთეს შედეგებს იწვევს, თუმცა სამუშაო პროცესს აჭიანურებს, მაგრამ როდესაც საკუთარი სახლის დიზაინს აკეთებ, სჯობს ნელა, მაგრამ ხარისხიანად შეიმუშაო მარტივი ფორმები, გამოკვეთო მასალების ბუნებრივი სილამაზე და შექმნა სასურველი ატმოსფერო, სადაც თითოეული დეტალი და ტექსტურა საბოლოო ჯამში სახლის ხასიათს გამოკვეთს.
არქიტექტორი: Helen Agustine Studio
ინტერიერის დიზაინერი: Helen Agustine Studio
განათების კონსულტანტები: Erreluce
ლანდშაფტის კონსულტანტი: Agusnia
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”