„არქიტექტურა არა მხოლოდ უსულო საგნების შექმნაა, არამედ მათი გაცოცხლებაც“ – ეს ფრაზა ცნობილ ჰოლანდიელ არქიტექტორს, Aldo van Eyck-ს ეკუთვნის. მისი, როგორც სტრუქტურალისტის აზრით, ამ პროფესიის მთავარი ხიბლიც სწორედ ეს არის.
დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ქართველი არქიტექტორის, ბარბარე კიკილაშვილის ისტორიას, რომელმაც წარმატებით დაასრულა მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა. მუშაობდა მსოფლიოში სახელგანთქმულ, Vincenzo De Cotiis-ის დიზაინის სტუდიაში და სულ ერთი თვეა, რაც სამშობლოში დიდი გამოცდილებით დაბრუნდა. მასთან ინტერვიუმ თვალნათლივ დაგვანახა, რომ თუ შენი საქმე გიყვარს, შეუძლებელი არაფერია, უსულო საგნების გაცოცხლებაც კი.
ბარბარე, გვიამბეთ თქვენი პროფესიული გზის შესახებ თბილისიდან მილანამდე, რატომ დაინტერესდი არქიტექტურით?
თვითონაც არ ვიცი, ზუსტად როდის დავინტერესდი არქიტექტურით. რაც თავი მახსოვს, ყოველთვის მომწონდა ეს პროფესია, მაგრამ გადამწყვეტ ნაბიჯს ვერ ვდგამდი. სკოლის ბოლო წლებში ვფიქრობდი, გავყოლოდი ფსიქოლოგიას და სტაჟირებასაც გავდიოდი ამ მიმართულებით, თუმცა, როცა მოვიდა პროფესიის არჩევის და უნივერსიტეტში ჩაბარების დრო, რადიკალურად შევცვალე გეგმები და არქიტექტურა ავირჩიე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად, მუშაობა ჩემი ლექტორის რეკომენდაციით, არქიტექტორის დამხმარედ დავიწყე. სამსახურში ხელს მიწყობდნენ და საპროექტოში უნივერსიტეტის შემდგომ მივდიოდი. მსგავსი გამოცდილება პროფესიული გზის პირველ ეტაპზე ძალიან საინტერესო და საჭირო აღმოჩნდა. უნივერსიტეტში თეორიულ სწავლებასთან ერთად, სამსახურში მიხსნიდნენ არქიტექტურული გადაწყვეტების მიღმა არსებულ კონსტრუქციულ თუ მასალის ბუნებიდან გამომდინარე, მიზეზებს, ასევე საშუალებას მაძლევდნენ, მონაწილეობა მიმეღო მშენებლობის პროცესში, სადაც ვხედავდი არქიტექტურული და საინჟინრო ნააზრევის განხორციელებას.
ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, კვლავ სტუ-ს მოცულობითი არქიტექტურის სამაგისტრო პროგრამაზე გავაგრძელე სწავლა. პარალელურად გადავედი „ძეგლთა დაცვის კავშირ ამქარში“, სადაც, ძირითადად, ჩართული ვიყავი საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტებში. აქ მუშაობა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან მუდმივად ისეთ სერიოზულ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან გვქონდა ურთიერთობა, როგორიცაა, მაგალითად: ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი. ამ პროცესში ვეცნობოდი ევროპულ სტანდარტებს, როგორც რეკონსტრუქციის მხრივ, ასევე ძალიან კონკრეტულ ჭრილში – თუ რა გარემო, რა ინფრასტრუქტურა და ავეჯი უნდა დაახვედრო ბავშვს სკოლაში.
შემდეგ იყო საპროექტო „სპექტრუმი“, სადაც სიღრმისეულად შევეხე ინტერიერის საკითხებს, მშენებლობას და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს. ასევე მქონდა საშუალება, ჩავრთულიყავი საერთაშორისო პროექტებში.
ამასობაში სტუ-ს არქიტექტურის სამაგისტრო პროგრამაც დავასრულე და უკვე მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა.
როგორ მოხვდით მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და რა იყო თქვენი მთავარი მიზანი?
“პოლიტექნიკომ” სამაგისტრო პროგრამაზე ჩემი პორტფოლიოსა და რეზიუმეს საფუძველზე მიმიღო. თუმცა, რეალური გამოწვევა, როგორიც არის დაფინანსების მოძიება, მოგვიანებით მელოდა. ალბათ ყველაზე სტრესული ეს იყო. დაფინანსების მისაღებად მივმართე “განათლების საერთაშორისო ცენტრს“. ინტერვიუ მქონდა, როგორც ცენტრის დირექტორთან, ისე იტალიური მხარის წარმომადგენლებთან. ინტერვიუს წარმატებით გავლის შემდგომ მოვიპოვე სწავლის დაფინანსებაც.
ჩემი მთავარი მიზანი იყო, ჩამოვყალიბებულიყავი არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიან და კვალიფიციურ პროფესიონალად. რა თქმა უნდა, ეს გრძელი გზაა, რომელსაც კვლავ გავდივარ. მიზნებიდან გამომდინარე, “პოლიტექნიკოს” სამშენებლო არქიტექტურის ფაკულტეტი თავისი სპეციფიკით ზუსტად ის ცოდნა და გამოცდილება იყო, რაც მე მაკლდა იმ დროისთვის.
სწავლის დასრულების შემდეგ, მუშაობდით Vincenzo De Cotiis-ის სტუდიაში, გვესაუბრეთ ამ სამუშაო გამოცდილების შესახებ
იტალიაში სამაგისტრო პროგრამის დასრულებისთვის უნდა გამევლო სავალდებულო სტაჟირება. ძალიან მინდოდა, რომ ეს ყოფილიყო ისეთი სტუდია, სადაც ბევრს ვისწავლიდი და სიხარულით დავიხარჯებოდი. ძალიან გამიმართლა და გავიცანი თამარ ქინქლაძე – Vincenzo De Cotiis-ის ინტერიერის დიზაინის სტუდიის ხელმძღვანელი, რომლის დამსახურებაც არის ის, რომ მე ვინჩენცო დე კოტისის სტუდიაში გავიარე სტაჟირება.
საოცარი გამოცდილება იყო, თავად მეხილა თუ როგორ იქმნება ჯადოსნური ინტერიერის კონცეფციები და ყალიბდება პროექტები, რომელსაც მოგვიანებით მთელ მსოფლიოში ყველა ერთმანეთს აჩვენებს, როგორც “რეფერენსსა” და მისაბაძ მაგალითს. გულწრფელად აღმაფრთოვანებელი იყო იმის ნახვა, თუ რამდენად დეტალურად გარემოზე დაკვირვებით იწყებოდა პროექტი და რა ყურადღებით, რუდუნებითა და არტისტიზმით ხორციელდებოდა ის საბოლოო შედეგის მიღწევამდე.
ერთხელ გამეხუმრნენ, დამატებით მაგისტრატურას გადიხარ “დე კოტისის” მასალების მიმართულებითო. მართლაც ასე იყო, ძალიან დიდი შეხება მქონდა მასალებთან და სულ მალე შევისწავლე, რა მასალა როგორ მიიღებოდა თუ ჩამოისხმებოდა, ან მარმარილოს ფილის ვენების სასურველი ვიზუალი როგორი ხერხით გაჭრის შედეგად ფორმირდებოდა.
ძალიან გამიხარდა, რომ სტუდიო კვლავ ღია იყო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის სტაჟირების დასრულების შემდეგ. თუმცა, ვფიქრობ, რომ უკვე საქართველოში დაბრუნების დრო იყო, რადგან აქ ვხედავ ჩემ წილ სივრცეს და მინდა სწორედ აქ მქონდეს მომავალი.
ხომ ვერ გაგვიზიარებთ და მოგვიყვებით თქვენი რომელიმე არქიტექტურული პროექტის შესახებ?
რა თქმა უნდა, ეს ჩემი თეზისის პროექტია – პროექტი, რომელშიც მე და ჩემმა თანაგუნდელმა მეი იმ ერთი წლის მანძილზე მთელი სული და გული ჩავდეთ. პროექტი მომზადდა როტერდამის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით და რეალური საკონკურსო პირობების დაცვით. ჩვენგან მიღებული პროექტებით, მათ კიდევ უფრო დახვეწეს შემდგომში გამოსაქვეყნებელი საკონკურსო მასალა.
თუმცა, პირადად ჩემთვის, ეს პროექტი განსაკუთრებით საყვარელია, რადგან დავიწყეთ ურბანული დონით და ჩავედით დეტალებში. თავად დავითვალეთ სტრუქტურა და სეისმომედეგობა. საბოლოოდ კი, გამოვიდა ბრუტალური მეგასტრუქტურების განმეორადობა, ერთმანეთისგან სრულად განსხვავებული ინტერიერის სივრცეებით, რაც აჩვენებს, რომ სწორი მიდგომის პირობებში, საოცარი სინთეზი აქვს არქიტექტურას და ინჟინერიას.
რა გაძლევთ შთაგონებას სამუშაო პროცესის დროს?
ძალიან მიყვარს პრობლემის გადაჭრის პროცესი, შესაბამისად, შთაგონებას მაძლევს მთელი საპროექტო პერიოდი – გარემოზე დაკვირვება, ამის შედეგად ჩამოყალიბებული შენი მოსაზრებისა და საპროექტო დავალების სინთეზი არეალთან. ასევე მუშაობის პროცესში გზადაგზა აღმოჩენილი პრობლემები და მათი გადაჭრა, მაკრო თუ მიკრო დონეზე. დამკვეთთან ურთიერთობა – ეს ზუსტად ის მოტივაციაა, რაც მჭირდება სამუშაო პროცესის დროს.
რომელ არქიტექტურულ ნამუშევარს გამოარჩევდით თქვენი გემოვნებით მსოფლიოში და საქართველოში?
სიმართლე რომ გითხრათ, კონკრეტულ ნამუშევრებზე მეტად მიყვარს მიმართულებები. ძალიან მიყვარს ე.წ. საბჭოთა კავშირის ბრუტალიზმი და მოზაიკა საქართველოში. იქნება ეს კომუნისტური პარტიის ავტოსადგომი, რიტუალური სასახლე თუ სხვა.
მსოფლიო დონეზე კი, ვფიქრობ, ჩემთვის განსაკუთრებით სენტიმენტალურია ომის შემდგომი არქიტექტურა. მაგალითად, უყურებდე ალდო ვან ეიკის ბავშვთა თავშესაფარს ამსტერდამში, ხედავდე, როგორ ცდილობს არქიტექტორი პატარა უჯრედისის დონეზე შეუქმნას ბავშვებს ისეთი გარემო, რომ დაუბრუნოს თამაშის ხალისი და, ამასთან, უყურებდე ბრწყინვალე არქიტექტურულ და ინჟინრულ გადაწყვეტებს, ძალიან ემოციურია ჩემთვის.
გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება ქართული არქიტექტურის შესახებ. როგორ გამოიყურება ახალგაზრდა არქიტექტორის თვალით დანახული მისი აწმყო და მომავალი?
მგონია, რომ არეალი ძალიან დიდია. იმის მიუხედავად, რომ, სამწუხაროდ, დიდი და გამოუსწორებელი ზარალი აქვს ჩვენს რამდენიმე ქალაქს მიყენებული, ვხედავ ძალიან ბევრ საკუთარი საქმის მცოდნე არქიტექტორს და ასევე ნიჭიერ სტუდენტებს, რომლებიც არაფრით არ ჩამოუვარდებიან მსოფლიო დონის პროფესიონალებს. ვხედავ ბევრ პოზიტიურ ტენდენციას, რაც მაძლევს იმედს, რომ ქართული არქიტექტურის მომავალი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე მისი აწმყოა.
როგორ ფიქრობთ, რამდენად აქტუალურია ეს პროფესია და რა თანამედროვე გამოწვევების წინაშე დგას ის?
ვფიქრობ, არქიტექტურა – სფერო, რომელიც სივრცეს გიგეგმარებს და პირდაპირ აისახება ადამიანის ყოველდღიურ განწყობასა თუ ჯანმრთელობაზე, ვერასდროს დაკარგავს აქტუალურობას. თანამედროვე გამოწვევები კი ბევრია – გლობალური დათბობა მთელი თავისი რიგი სამშენებლო მიზეზებით (სამშენებლო ცემენტით დაწყებული, არასწორად დათბუნებული კედლებით დასრულებული), ეკონომიკური სიდუხჭირე, დემოგრაფიული ცვლილებები, ტექნოლოგიური ინოვაციების სწორი იმპლემენტაცია, ტრანსპორტის პრობლემა, ხარისხის კონტროლი და სხვა მრავალი.
გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები
სიმართლე რომ ვთქვა, ჯერ თავადაც გეგმების დალაგების პროცესში ვარ, რადგან სულ ერთი თვეა, რაც საქართველოში დავბრუნდი. ამ ეტაპზე, ვმუშაობ “არქიტექტურულ საამქროში” უზომოდ საინტერესო პროექტებზე. რა თქმა უნდა, ძირითადი მიზანი კვლავ არქიტექტურულ და ინტერიერის პროექტებზე მუშაობაა, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. თუმცა, ასევე მინდა გარკვეული არქიტექტურულ-სოციალური აქტივობების დაგეგმვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თბილისის ფარგლებს გარეთ, იმ ადამიანების დახმარებით, ვინც ამ ორი წლის მანძილზე შევიძინე.
ერთი რჩევა, მომავალ არქიტექტორ-დიზაინერებს
ის, რაც მე მითხრა ჩემმა ფსიქოლოგმა მენტორმა, როცა ვუთხარი, რომ არქიტექტურაში წასვლა გადავწყვიტე: “შრომით და მონდომებით ყველაფერი გამოგივა”.