Garden Wall House წარმოადგენს ოთხსულიანი ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ სახლს.
ოჯახის წევრების სურვილი იყო, სახლი განეახლებინათ. საძინებელი კომპლექსი არ საჭიროებდა ახალ დიზაინს. ძირითადი აქცენტი იყო სამხრეთისკენ მიმართულ საცხოვრებელ ფართზე – სამზარეულოზე, სასადილო და მისაღებ ოთახებზე, მათი სუსტი განათების გამო. ცვლილების მთავარი მიზანი იყო ოთახების იმგვარად განლაგება, რომ ოჯახის ყოველდღიურ საჭიროებებს მორგებოდა და ყველაზე მთავარი, მჭიდრო კავშირი შეექმნა სახლს და ეზოს შორის.
დიზაინი დაფუძნებულია „ხშირი ბუჩქნარის“ შექმნის იდეაზე, როგორც პორტალზე სახლსა და ბაღს შორის. მწვანე ბადეებისა და მცოცავი მცენარეების რიტმული გისოსებით მოპირკეთებული დამატება სახლის არსებულ ხაზს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით სცდება და ქმნის ახალ ვესტიბიულს.
ბაღში, მოკირწყლული ღია სასადილო სივრცეა, რომელიც ასევე სათავსოს როლს ასრულებს. ის შეუფერხებლად აერთიანებს მისაღებ ზონას მდელოსთან და აგურით ამაღლებულ სივრცესთან, სადაც უხვად იღვრება მზის სხივები. ბოსტნეულისთვის განკუთვნილი განიერი ქოთნები და ბარბექიუს ზონა ეზოში დამატებით კომფორტს ქმნის.
შიდა სივრცეში, პირველ სართულზე, ახალი სამზარეულოსა და მისაღები ოთახის რეკონსტრუქცია აქცენტს აკეთებს გახსნილობაზე, სინათლის შემომავალ ნაკადზე და სითბოზე.
ბაღის ხედების შესანარჩუნებლად, ტონირებული ქვით აშენებულ საპირფარეშოების დაფარვის მიზნით, დამონტაჟდა დაბალი, ვინირის კარადები. ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელი გახდა მთლიანი ეზოს გამოჩენა.
პირველი სართულის აბაზანა ძველმოდური, უფანჯრო და მოუვლელი იყო. იგი მიუერთდა დიდ საერთო აბაზანას. ნიჟარა და საშხაპე განლაგებულია აბაზანის კარადის მეორე მხარეს.
ცვლილებებმა გააძლიერა ბაღთან და ბუნებრივ განათებასთან უწყვეტი კავშირი. სახლი ახლა შუქით გაჯერებული და მიმზიდველია. მოქნილი სივრცეები ოჯახისთვის ხელმისაწვდომი გახდა. მათ ახლა მარტივად შეუძლიათ როგორც განმარტოება, ისე ერთმანეთთან ურთიერთობა და სტუმრების მიღება, როგორც სახლში, ისე ულამაზეს, მწვანეში ჩაფლულ და მყუდრო ეზოში.
არქიტექტურული კომპანია: Soleno Architects
ლანდშაფტის მშენებლობა: Parterre Landscape
სტრუქტურული ინჟინერია: Structify Consulting
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”