ირლანდიურმა სტუდიამ, Scullion Architects-მა დუბლინში მდებარე სახლს მაღალი და ფართო ფანჯრების გამოყენებით შემინული გალერეა დაამატა. დიზაინის იდეა დაფუძნებულია გრძელ, დერეფნის მსგავს სივრცეზე ფანჯრებით, რომელიც სოფლად, კლასიკურ სახლებში გამოიყენებოდა ოთახების ერთმანეთთან დასაკავშირებლად.
გალერეა მოიცავს ფართო სამზარეულოს და სასადილო ზონას, რომელიც ჰარმონიულად უკავშირდება სახლის პირველ სართულზე არსებულ საცხოვრებელ სივრცეებს, რომლებიც ადრე, როგორც Scullion Architects-ი აღნიშნავს, “ვიწრო და ბნელი” იყო.
„იმჟამინდელ რეზიდენციას არ ჰქონდა სივრცის ის ერთიანობა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აახლოვებს,“ – განაცხადა Scullion Architects-ის წარმომადგენელმა
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად სახლის პირველ სართულზე სამი ფართო მისაღები ოთახი იყო განთავსებული, მათი სამზარეულოსგან განცალკევებულობა და ბაღის ხედების არარსებობა ოთახებს თითქმის უფუნქციოს ხდიდა. ამის გამო, ოჯახი ხშირად თავს სამზარეულოში, პატარა მაგიდის გარშემო იყრიდა.
გრძელი გალერეა იმ მიზნით გაკეთდა, რომ ოჯახისთვის უფრო სოციალური ატმოსფერო შექმნილიყო. მას უნდა შეესრულებინა დამაკავშირებელი რგოლის როლი პირველ სართულზე განთავსებულ მისაღებ ოთახებს, დერეფანსა და ბაღს შორის, რაც ურთიერთობისა და კომუნიკაციის დინამიკას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა.
გარედან სახლი დაფარულია მუქი მწვანე, თითქმის ჭაობისფერი მომინანქრებული ალუმინით, რომელიც შევსებულია იმავე ფერის ხის ელემენტებით.
Scullion Architects აღნიშნავს, რომ ამ მასალების პალიტრა შთაგონებულია 1930-იანი წლების ირლანდიური სახლების ფასადებით.
მთავარ სართულზე განთავსებული მყუდრო სამკითხველო ოთახი კიბეების მეშვეობით უერთდება გალერეას, საიდანაც შესაძლებელია ერთ-ერთ მისაღებ ოთახში გასვლა.
როგორც Scullion Architects-ის წარმომადგენლები ამბობენ, „სამკითხველო ზონის, სასადილოსა და სამზარეულოს უფრო მეტად ინტეგრირებით, გალერეა ხელს შეუწყობს ამ სახლის ბინადრების კომუნიკაციას და ინტერაქციას“.
სამზარეულო და სასადილო ზონა გამოირჩევა თბილი ტონალობის ხის კარადებითა და კედლის პანელებით, რომელიც მინიმალისტურ ქვის კიბეებთან და იატაკთან ჰარმონიულად არის შეხამებული.
ბუნებრივი განათების მისაღებად, ბაღში გამავალი კედელი მთლიანად შემინულია ფართო და მაღალი ფანჯრებით.
გალერეის ერთ-ერთი ფუნქცია დღის განმავლობაში სამზარეულოში მუდმივი ბუნებრივი განათების უზრუნველყოფა იყო.
ფართო ფანჯრები, რომლებიც გალერეაში ორივე მხარესაა განთავსებული, იჭერს დილის მზეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, როდესაც ის აღმოსავლეთიდან დასავლეთით გადაადგილდება. გარდა ამისა, იქმნება განცდა, რომ რომ ბაღი ღია და ხელმისაწვდომია.
კედლის ზედა ნაწილში განთავსებული, შემინული ზედა საგდულის მეშვეობით, ოთახში მზის სინათლე თითქმის მთელი დღის განმავლობაში შემოდის.
აგურის ფასადი სახლის წინა კედელზე ხაზს უსვამს სამხრეთისკენ მიმართულ ფართო ფანჯრებს და მაღალ მცენარეებს, რაც სახლში შემავალ ბუნებრივ სინათლეს სწორად აბალანსებს.
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”