როგორ მოვახდინოთ ნათელი ფერების ინტეგრირება კლასიკურ ინტერიერში? მთავარია თამამი გადაწყვეტილებების არ შეგვეშინდეს, გვპასუხობს პარიზის ბიუროს „LSL Architects“- ის არქიტექტორები. მომაბეზრებელია თუ არა მოჭარბებული ნათელი ფერები? ამ კითხვაზე ყველას თავისი პასუხი აქვს. უმეტესობა ასეთი თამამი ექსპერიმენტებისათვის არ არის მზად, გვარწმუნებენ ბიუროს არქიტექტორები ანკი ლინდე (Anki Linde) და პიერ ზაალბურგი (Pierre Saalburg). ამ აპარტმენტების მფლობელები, რომლებიც ასეთ რისკზე თამამად წავიდნენ, ორ ბავშვიანი ხელოვანთა წყვილია. ცოლი – კინორეჟისორი და სცენარისტი, ქმარი – სატირული ინტერნეტჟურნალის თანამფლობელი. „ბინის თითოეულ ოთახს თავისი ისტორია აქვს“ – ყვება პროექტის ავტორი, – და ნამდვილად, ფერადი ფილა აქ წამყვან როლს თამაშობს.
ბინა პარიზის შუაგულში, XIX საუკუნის სახლის მე-3 სართულზე მდებარეობს. არქიტექტორებმა აპარტამენტების მთელი ფართი სამ ზონად დაყვეს: სატუმრო ოთახი ცენტრში, ხოლო უფროსებისა და ბავშვების საძინებლები მის ორივე მხარეს განთავსდა.
ლინდეს აღწერით, რემონტამდე ბინა მოწყობილი იყო ბანკირისთვის უგემოვნოდ და იაფად. მაგრამ ამასთან ერთად, არქიტექტორება მაშინათვე აღნიშნეს მუხის პარკეტის, მარმარილოს ბუხრისა და თაბაშირის მოლდინგების უპირატესობა, რომლებიც სათუთად აღადგინეს.
სასტუმრო ოთახიდან ხედი გაერთიანებულ სამზარეულოსა და სასადილოზე იხსნება. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დამკვეთებს საჭმლის მომზადება ძალიან უყვართ, ჩვენ გვინდოდა, რომ სივრცეს უფრო თანამედროვე ბარის შთაბეჭდილება დაეტოვებინა“ – ამბობენ არქიტექტორები.
სარკიანი კარადა მაცივარს და თაროებს ფარავს. „ჩვენ იქ ის ყველაფერი დავმალეთ, რისი ყურებაც დიდად არ გვინდოდა“ – ხუმრობენ ისინი. შუშის შეკიდული სანათები ძველმანების ბაზარზე თავად მეპატრონეებმა შეიძინეს.
არასაკმარისი სათავსო ადგილის საკითხი არქიტექტორებმა ორიგინალურად გადაჭრეს. ტანსაცმლის კარადები პირდაპირ კედელში ჩააშენეს და თაბაშირის მოლდინგებით დაფარეს.
სააბაზანო ჭრელი ფილებითაა მოპირკეთებული. ამგვარი ფერებით იატაკის და ჭერის გაკეთება დამკვეთების იდეა იყო: „ჩვენ ამაზე დაუსრულებლად ვმსჯელობდით, გვეშინოდა, რომ ასეთ სივრცეში რთული იქნებოდა ხანგრძლივი ყოფნა, თუმცა საბოლოოდ ის ძალიან მშვიდი გამოვიდა, თითქოს გარს გეხვევა და თავს ჭუპრში გაგრძნობინებს“ – ამბობს ლინდე.
მარჯნისფერ ფონზე მაიმუნებით მოხატული კედლები ბავშვების სამფლობელოში გადასვლას მიგვანიშნებს. „ნახევრად მრგვალი კორიდორი, რომელიც საბავშო ოთახებისკენ მიგვიძღვება, შენობის მთავარი კიბის გასწვრივაა“ – ყვება ლინდე. „მისი გაფორმების მოფიქრებას ჩვენ არა ერთი დღე მოვანდომეთ. ასე დაიბადა მოხატვის იდეა“.
ნახატის შესაქმნელად არქიტექტორებმა ლონდონიდან გრაფიკული დიზაინერი – ლუის ხერიცი მოიწვიეს. კორიდორის ძირითადი პანეს გარდა, მან მთელს სახლში კიდევ რამდენიმე ორიგინალური ფიგურა მოხატა. მაგალითად, მთავარი საძინებლის კარის თავზე.
ოჯახის უმცროსი წევრების ასაკი ორი და ოთხი წელია და მათი ოთახები გვერდიგვერდაა მოთავსებული. თითოეულში საწოლის ირგვლივ მოხერხებული სათავსოებია მოწყობილი. საბავშვო ოთახების ფერთა პალიტრას არქიტექტორებმა „მარწყვი და ვანილი“ უწოდეს.
ნათელი გეომეტრიული ნიმუშებით მოპირკეთებული საბავშვო სააბაზანო პლიაჟის ბუნგალოს მოგვაგონებს. ბუნებრივი განათების პრობლემის გადასაჭრელად არქიტექტორებმა შიდა ფანჯარა შექმნეს, რომელიც ოთახსა და ბიბლიოთეკას შორისაა. საშრობად ვარდისფერი კიბე გამოიყენეს, ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ბავშვებს აბაზანაში თამაში ძალიან უყვართ.