in

Pulcina – მიკელე დე ლუკის მიერ შექმნილი საკულტო დიზაინი

Pulcina-ს ესპრესოს აპარატის დიზაინი მიქელე დე ლუკის ეკუთვნის, რომელიც იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლავთ. დე ლუკის კარიერა გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და დინამიკურობით – არქიტექტურიდან დაწყებული, პროდუქტის დიზაინით და კორპორატიული ბრენდინგის კონსულტაციებით დასრულებული. მისი ნამუშევრები ყოველთვის აერთიანებს ესთეტიკასა და ფუნქციურობას, რაც განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს მის პროექტებს.

Alessi-სთვის დე ლუკიმ შექმნა არა მხოლოდ Pulcina, არამედ სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის სერიებიც, როგორიცაა Plissè. ეს სერიები აერთიანებს ინოვაციურ ფორმებს, დახვეწილ დიზაინსა და პრაქტიკულობას, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუცვლელ ატრიბუტებად აქცევს.

ესპრესოს მოსამზადებელი Pulcina წარმოადგენს დიზაინისა და ტექნოლოგიის სრულყოფილი სინთეზის მაგალითს. ყავადანი შეიქმნა ინტენსიური კვლევების შედეგად, სადაც დე ლუკიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ფორმისა და ფუნქციურობის ურთიერთკავშირზე. მისი მიზანი იყო, შეექმნა არა მხოლოდ ესთეტიკურად უნიკალური დიზაინი, არამედ მოეხდინა ყავის დამზადების პროცესის ოპტიმიზაცია, რომ სასმლის გემო და სურნელი სრულყოფილად წარმოჩენილიყო.

მისი შიდა ფორმის სპეციალური დიზაინი საშუალებას იძლევა, ყავის გაფილტვრის პროცესი ავტომატურად დასრულდეს ოპტიმალურ დროს, რაც უზრუნველყოფს სასმლის საუკეთესო გემოსა და ხარისხს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი “ამოფრქვევის ფაზის” დაბლოკვაა – ეს ფაზა წარმოიშობა გაფილტვრის პროცესის ბოლო ეტაპზე, როცა წყლის მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ყავის არომატზე და გემოს დამწვარი ან ზედმეტად მწარე ტონი დაუმატოს.

Pulcina-ს კონსტრუქცია იმგვარადაა დაპროექტებული, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს  ყავის ორგანოლეპტიკური თვისებები – გემო, არომატი და სუნი. აპარატის ინოვაციური ფორმა უზრუნველყოფს ყავის სრულყოფილ ექსტრაქციას, რითაც საბოლოოდ, სასმელი ბევრად უფრო მდიდარი და დახვეწილი ხდება. ამავდროულად, იგი ინარჩუნებს იტალიური ესპრესოს დამახასიათებელ ინტენსივობას და სიმსუბუქეს.

გარდა ფუნქციურობისა, Pulcina დიზაინის თვალსაზრისითაც გამორჩეულია. მისი ცხვირი – მკვეთრად გამოხატული „V“ ფორმის დეტალი, რომელიც წიწილას ნისკარტს მოგვაგონებს, აპარატს არა მხოლოდ ვიზუალურ ხიბლს მატებს, არამედ მის ფუნქციურობასაც მნიშვნელოვანად აუმჯობესებს. ეს ფორმა სპეციალურად შეიქმნა, რომ ყავის დასხმის პროცესში თავიდან აცილებულიყო სითხის წვეთების გადმოღვრა, რაც დამატებით კომფორტს და სისუფთავეს უზრუნველყოფს.

Pulcina არა მხოლოდ ტექნოლოგიური პროდუქტია, არამედ ხელოვნების ნიმუშიც, რომელიც ხაზს უსვამს იტალიური დიზაინის უნიკალურობასა და კრეატიულობას.

ნათელი სახლი ფერადი აქცენტებით – თამარა წითლიძეს პროექტი საირმის ქუჩაზე

4 ინტერიერი თბილისში არასტანდარტული დიზაინ შტრიხით