სულ ცოტა ხნის წინ, არქიტექტურული კომპანია „არტიტექსის“ პროექტმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული A’Design Award ჯილდო მიიღო. ამ ამბის შესახებ 200-ზე მეტმა გამოცემამ დაწერა ამერიკასა და ევროპის მასშტაბით – მათი დათვალიერება მოცემული ბმულის საშუალებით შეგიძლიათ. „არტიტექსის“ ნამუშევრებს, წლების განმავლობაში, არაერთი ჯილდო აქვს დამსახურებული, თუმცა ეს ამბავი მართლაც გამორჩეულია. ჯილდო აბასთუმნის საოჯახო სასტუმროს არქიტექტურულ პროექტს მიენიჭა, რომლის შესახებაც ამ სტატიაში გიამბობთ.
ვინ არის პროექტის ავტორი
პროექტის ავტორი არქიტექტორი დადუნა შათაშვილია, რომლის ნამუშევრებს ტრადიციული, ფუნქციური და დახვეწილი დიზაინით იცნობთ. მას მიღებული აქვს ისეთი ჯილდოები, როგორიცაა ოქრო Architecture & Design Awards-ზე, ADC-სა და ACHFRAME Design Award-ზე (2021 და 2022 წლებში). 2020 წელს, საერთაშორისო არქიტექტურულმა საზოგადოებამ TAC წლის არქიტექტორად აღიარა. უფრო ადრე, 2019 წელს, World Architecture & Design Award-ზე პირველი ადგილი დაიკავა და ეს დადუნა შათაშვილის დამსახურებების მხოლოდ ნაწილია.
რატომ არის მნიშვნელოვანი A’Design Award-ის ჯილდო?
A’Design Award არქიტექტურული დიზაინის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოებს შორისაა, მთელ მსოფლიოში და ნიშნავს უმაღლეს შეფასებას, რომ პროექტი შექმნილია დიზაინის პრინციპების დაცვით და ორიგინალური გადაწყვეტით პასუხობს გამოწვევას.
ყოველწლიურად, ასიათასობით ნამუშევარი იღებს მონაწილეობას კონკურსში. წელს, 200,000-ზე მეტი განაცხადიდან, მხოლოდ 300-მდე პროექტმა მიიღო A’Design Award-ის ჯილდო და სწორედ მათ შორისაა „არტიტექსის“ პროექტი – საოჯახო სასტუმრო აბასთუმანში. ნამუშევრებს ჟიურის 278 წევრი აფასებდა. კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ეს ჯილდო ადასტურებს დადუნა შათაშვილის დიდ გავლენას არქიტექტურულ ინდუსტრიაზე. A’Design Award არამხოლოდ გამოარჩევს საუკეთესო ნამუშევრებს მსოფლიოს მასშტაბით, არამედ ხელს უწყობს მათ პოპულარიზაციას. სწორედ A’Design Award-ის ინიციატივითა და ხელშეწყობით დაინტერესდა ამერიკისა და ევროპის 200-ზე მეტი გამოცემა და „არტიტექსის“ ჯილდოს შესახებ დაწერა.
აღსანიშნავია თავად პროექტი, რომელმაც A’Design Award დაიმსახურა. აი, რას წერს A’Design Award მის შესახებ:
„საოჯახო სასტუმრო აბასთუმანში გახლავთ Iron A’Design Award-ის მფლობელი. ესაა პრესტიჟული აღიარება, რომელიც ენიჭება შესანიშნავ დიზაინს, რომელიც აკმაყოფილებს პროფესიულ და ინდუსტრიულ მოთხოვნებს. ამ ჯილდოს მფლობელები ავლენენ დიდ ნიჭს, მაღალ პროფესიონალიზმს, ექსპერტულ აღქმასა და შემოქმედებით შესაძლებლობებს. საოჯახო სასტუმრო იმსახურებს არამხოლოდ მაღალ შეფასებას, არამედ აღფრთოვანებასა და დაფასებას. ამავდროულად, ისაა პრაქტიკული და ინოვაციური. ის აერთიანებს ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკებს, ნოუ-ჰაუსა და ტალანტს“.
პროექტის შესახებ:
გამარჯვებული პროექტი გახლავთ საოჯახო სასტუმრო აბასთუმანში. ესაა ხელოვნების ნიმუში, რომელიც ტრადიციული და თანამედროვე დიზაინის ერთობლიობაა. ამავდროულად, ის ინარჩუნებს შენობის პირვანდელ სახეს. აბასთუმნის საოჯახო სასტუმროს სახით, დადუნა შათაშვილმა ახალი სიცოცხლე შთაბერა მიტოვებულ, ნახევრად დანგრეულ შენობას.
„ეს ადგილი ჩვენმა დამკვეთმა აბასთუმანში შეიძინა – მცირე ზომის ნაკვეთი, ნახევრად დანგრეული ძველი ნაგებობით, სადაც ადრე საქონლის სადგომი იყო განთავსებული. როდესაც დასათვალიერებლად ჩავედით, ნანგრევები იმდენად ლამაზი იყო, დემონტაჟისთვის ვერ გავიმეტე. სწორედ ეს იქცა პროექტის შთაგონების წყაროდ. პროექტის პირველი ესკიზისთვის, დაახლოებით, სამი კვირა მქონდა. ესკიზი დამკვეთის მოსვლამდე ზუსტად ერთი საათით ადრე შევქმენი. დავჯექი და მოვხაზე ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც ახლა გამოიყურება, რაც ზოგადად ძალიან იშვიათად ხდება. მონახაზი მოიცავდა ნანგრევების შემინულ შენობაში მოქცევას, თანამედროვე მეტალის შავი სახურავით, ქართული აივნებითა და კრამიტით. მთლიანობაში, განსხვავებული და ინოვაციური სტილი გაერთიანდა ერთ პროექტში. დამკვეთი აღაფრთოვანა პროექტის ესკიზმა. შემდეგ, რასაკვირველია, ხარისხიანი რენდერები შეიქმნა, თუმცა ესკიზის ყველა პირვანდელი დეტალი შენარჩუნდა“, – გვიამბობს დადუნა შათაშვილი.
„არტიტექსი“ 2014 წელს ჩამოყალიბდა და საკუთარ ხელწერად ინდივიდუალობა, ესთეტიკურობა და ფუნქციურობა აქცია. გუნდური ხედვა და განსხვავებული პროფესიული გამოცდილება გაერთიანდა ერთი სურვილის გარშემო, შეექმნათ არქიტექტურული პროექტები უნიკალური ავთენტური მიდგომით. ათი წლის განმავლობაში, საჯარო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, „არტიტექსმა“ შემქნა 70-ზე მეტი პროექტი და 25-ზე მეტი პრესტიჟული ჯილდო მიიღო.
[R]