in

არქიტექტურა, როგორც ხელოვნება და არა ბიზნესი – ინტერვიუ A-group-თან

Alliance Group
Alliance Group

ბოლო წლებში საქართველოში მარტივად შეამჩნევთ არქიტექტურულ ბუმს – მუდმივად შენდება ახალი საცხოვრებელი კომპლექსები, კორპუსები, სახლები. მიმდინარე უამრავი მშენებლობიდან გამომდინარე, გვექმნება წარმოდგენა, რომ არქიტექტურული სტუდიები ეკონომიკურ მოგებაზე არიან კონცენტრირებულები და პროექტირების შემოქმედებით მხარეზე ნაკლებად ორიენტირდებიან.

ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიების არსებობა, რომლებიც არქიტექტურულ-საინჟინრო პროექტირების პროცესს ხელოვნებად აღიქვამენ და პროექტის დამკვეთის სურვილებს კრეატიულად, შემოქმედებითი ღირებულებების გათვალისწინებით ასრულებენ.

სწორედ ასეთი სტუდიაა A-group, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ არქიტექტურულ მომსახურებას. კომპანიის დამფუძნებლები აქტიურად იღწვიან ქართული არქიტექტურის სტანდარტების ამაღლებისა და მისი საერთაშორისო მასშტაბით დაფასებაში საკუთარი წვლილის შეტანისკენ. homeis.ge გთავაზობთ ინტერვიუს მის დამმაარსებლებთან:

-გვიამბეთ A-Group-ის ისტორია, ვინ არიან მისი დამფუძნებლები, როდიდან გამოჩნდა ის ქართულ არქიტექტურულ სივრცეში და რა მისია აქვს მას?

– A-group არის არქიტექტურული სტუდია, რომელიც 2016 წელს დაფუძნდა არქიტექტორების –  კონსტანტინე თევდორაძის, ბექა მაღალაშვილისა და გიორგი რევაზიშვილის მიერ. ჩვენ სტუდენტობის მეგობრები ვართ – სამივე თბილისის სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდით. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ყველანი ინდივიდუალურად ვმუშაობდით არქიტექტურულ სივრცეში და ვიძენდით გამოცდილებას. თუმცა, საერთო ხედვისა და მიზნების ქონის გამო, სტუდენტობიდანვე გვსურდა საერთო კომპანიის დაარსება, რაც რესურსების მობილიზებისა და ერთი იდეის გარშემო გაერთიანების წყალობით შევძელით.  ჩვენი მიზანია, წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის არქიტექტურის განვითარებაში, რათა საქართველოს არქიტექტურა მსოფლიო მასშტაბით პოპულარული გახდეს და საპატიო ადგილი დაიკავოს. ასევე, ჩვენი სურვილია, ჩამოყალიბდეს სწორი მიდგომა არქიტექტორებისადმი – ისინი არ არიან საჭირო მხოლოდ ბიუროკრატიული პროცედურების მოგვარებისთვის, არამედ არქიტექტორები არიან შემოქმედები, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებასა და დახვეწაში.

-როგორც ვიცით, A-Group-ის გუნდი მომხმარებელს რამდენიმე მიმართულებით სთავაზობს მომსახურებას. კონკრეტულად რა სერვისის მიღებაა თქვენთან შესაძლებელი?

– A-group-ში მომხმარებელს  ვთავაზობთ არქიტექტურულ პროექტირებას, მასთან დაკავშირებულ ყველა საინჟინრო-კონსტრუქციული პროექტისა და კვლევის მომზადებას, ინტერიერის დიზაინს, შემდეგ კი ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანას რემონტის ან მშენებლობის სახით. ყველა საჭირო საბუთი და პროექტირების ეტაპები ერთ სივრცეში მზადდება და იძენს დასრულებულ სახეს, ამიტომ დამკვეთს არ უწევს შენობის აგებაში ჩართული სხვადასხვა რგოლების ჩვენი კომპანიის გარეთ ძიება. A-group-ის ორგანიზებული, გამჭვირვალე სამუშაო ეთიკის საშუალებით კლიენტი სრულ მომსახურებას იღებს. შედეგად, იზოგება დამკვეთის დრო, და რაც მთავარია, რესურსები.

-ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანს სურს სახლის აშენება, მაგრამ არ იცის საიდან დაიწყოს. რას გვირჩევთ ამ შემთხვევაში? 

– მაქსიმალურად გამართული და უნაკლო შედეგის მისაღებად უმჯობესია, დამკვეთმა მოგვმართოს მიწის ნაკვეთის შეძენამდე. მიწის შეძენისას მნიშვნელოვანი ფაქტორებია გასათვალისწინებელი – არსებობს მერიისა და კონკრეტული მუნიციპალიტეტების მიერ დაწესებული რეგულაციები, რომლებსაც მიწის ნაკვეთი უნდა აკმაყოფილებდეს, ამიტომ თავიდანვე ჯობია ვიცოდეთ მისი მახასიათებლების შესახებ. მაგალითად, შესაძლოა, ინფორმაციის ნაკლებობის გამო დამკვეთმა რეკრეაციული ზონა შეიძინოს, სადაც შეუძლებელი იქნება სახლის აგება ან სხვა ტიპის შენობის პროექტირება, ამიტომ უმჯობესია, სახლის აშენების მსურველებმა პირველ რიგში, რჩევისთვის მიმართონ არქიტექტორებს. ამ ტიპის სერვისს მომხმარებელს A-group სთავაზობს – ჩვენ დავეხმარებით კლიენტს მიწის შერჩევაში, გავარკვევთ, თუ რა ფუნქციურ ზონაშია განთავსებული ნაკვეთი და რისი აშენების საშუალებას იძლევა ის. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთის მფლობელობაში უკვე არსებობს კონკრეტული ნაკვეთი, ჩვენ დავეხმარებით მის განვითარებასა და შენობის სწორად განთავსებაში.

-როგორ ხდება არქიტექტურული პროექტის მომზადება? რა დონეზეა საჭირო დამკვეთის ჩართულობა ამ დროს? 

-ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურების გავლის შემდეგ დამკვეთისგან ვიღებთ ინფორმაციას – ვისმენთ მის სურვილებს, მაგალითად, რა სივრცეები სურს, რომ მის სახლში იყოს განთავსებული, რა ბიუჯეტი აქვს გათვლილი მშენებლობისთვის, ასევე ვეცნობით მის პიროვნებას და ოჯახურ მდგომარეობას, რა ინტერესები და რა გატაცებები აქვთ. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიწყებთ კონცეფციის შედგენას, დეტალების დახვეწას და დამკვეთს ვთავაზობთ ჩვენს იდეებს, რომლებიც მაქსიმალურადაა მორგებული მათი ცხოვრების სტილზე.

-როგორია სამშენებლო სამუშაოების სპეციფიკა? რა უნდა გაითვალისწინოს დამკვეთმა პირველ რიგში? რა სირთულეები არსებობს ამ მიმართულებით და როგორია თქვენი ჯგუფის მუშაობის სტილი ამ კუთხით?

-ნაკვეთის მოცულობიდან, მისი ადგილმდებარეობიდან და რელიეფიდან გამომდინარე,  პროცესის ყველა ეტაპი და მოქმედება სწორად უნდა დაიგეგმოს. ასევე აუცილებელია მზადყოფნა ყველა შესაძლო გაუთვალისწინებელი სიტუაციისთვის, რათა მშენებლობა განხორციელდეს შეუფერხებლად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე. A-group სწორედ ამ დამოკიდებულებით გამოირჩევა, ვცდილობთ, მაქსიმალურად გავთვალოთ შესაძლო პრობლემები და პროექტირება ისე განვავითაროთ, რომ თავიდან ავირიდოთ პოტენციური გართულებები.

-თქვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, რა ტიპის არქიტექტურული პროექტებია ამ ეტაპზე ტრენდული ქართულ ბაზარზე? 

– ჩვენი დაკვირვებით, ამ ეტაპზე ტრენდული ე.წ. მინიმალისტური სტილია. თანდათანობით უფრო მეტად გვხვდება სადა არქიტექტურულ ფორმებზე ორიენტირებული და ფუნქციურად გამართული შენობები. წინა წლებთან შედარებით, სამშენებლო მასალების არჩევანი საკმაოდ ფართოა და ეს სფერო კიდევ უფრო ვითარდება, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენი იდეები უფრო მარტივად მოვიყვანოთ სისრულეში.

-ვისაუბროთ ინტერიერის დიზაინზე. გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, ინტერიერის დიზაინერის მომსახურება “საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა”. სწორედ ამიტომ, ხშირად თავად სახლის მეპატრონე ითავსებს ხოლმე ამ ფუნქციას. რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? რამდენად ფუფუნების საგანია ინტერიერის დიზაინერის მომსახურება? და რატომ არის აუცილებელი ამ მხრივ პროფესიონალის ჩართვა?

-როგორც არქიტექტურული პროექტის შედგენისას, ასევე ინტერიერის დიზაინისთვის აუცილებელია პროფესიონალის დახმარება. დიზაინერი დამკვეთს ეხმარება მისი სურვილის დახვეწაში და ტექნიკურად გამართვაში, ფართის სწორად დაგეგმარებაში, ფერების, ფაქტურების, განათების, ავეჯისა და აქსესუარების შერჩევაში. დიზაინერი ასევე  გეხმარებათ აირიდოთ ზედმეტი დანახარჯები, რომლებიც არაპროფესიონალურმა გათვლებმა შეიძლება გამოიწვიოს.

-რას მიიჩნევთ მთავარ გამოწვევად ქართულ არქიტექტურულ ბაზარზე?

-მნიშვნელოვანია, ისეთი პროექტების მშენებლობის დაწყებამდე, რომლებიც ქალაქის იერსახეზე დიდ გავლენას ახდენენ, გამოცხადდეს ღია კონკურსები და გაიზარდოს სამოქალაქო ჩართულობა. პირველ რიგში, ახალი შენობები იმ ადამიანებზე ახდენენ გავლენას, რომლებიც მათ მიმდებარედ ცხოვრობენ და ყოველდღიურად უწევთ ამ პროექტების ნახვა. სწორედ ესაა გამოწვევაც – პროექტზე მუშაობისას უნდა იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის აზრები და შეხედულებები.

-გვიამბეთ A-Group-ის მიმდინარე ან თქვენთვის ყველაზე გამორჩეული პროექტების შესახებ.

-ამ ეტაპზე რამდენიმე პროექტზე ვმუშაობთ, ასევე მიმდინარეობს ჩვენი საპროექტო ნამუშევრების განხორციელება, მათ შორის გამორჩეულია მრავალფუნქციური კომპლექსი ვაზისუბანში, რომლის პროექტის სრულყოფაზეც 1 წლის განმავლობაში ვიმუშავეთ, მიწის ნაკვეთის სირთულიდან გამომდინარე (მოწესრიგდა წითელი ხაზები და მიწის ნაკვეთში შემავალი არასწორი ფუნქციური ზონები, დავასაბუთეთ, რომ აქ შესაძლებელი იყო მაღალსართულიანი კომპლექსის მშენებლობა) .  გავიარეთ ყველა ის ეტაპი, რაც საჭიროებს ამგვარი პროექტის სრულყოფას – კომპლექსი უზრუნველყოფილია სამ სართულიანი, ნაწილობრივ მიწისქვეშა ავტოფარეხითა და არასტანდარტული, უნიკალური ფორმის პანდუსით, სახანძრო უსაფრთხოების სისტემით და ა.შ.  პარკინგის სივრცეზე მუშაობას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ, ვინაიდან ვცდილობდით, კომპლექსის ეზოს ტერიტორიის გამწვანებაზე გვეზრუნა და ის მანქანებით არ გადაგვევსო. კორპუსის სრული ფართობი 14 000 კვ.მეტრს შეადგენს – ის საკმაოდ მასშტაბურია. მასში განთავსდება სასტუმროს ნომრები, კომერციული ფართები და საცხოვრებელი ბინები.

-გვიამბეთ A-group-ის სამომავლო გეგმების შესახებ. 

-ჩვენი მთავარი მიზანი და გეგმაა, რომ საქართველოში არქიტექტორების მიმართ ნდობა გაღრმავდეს და გაქრეს ის სტიგმა, რომლის მიხედვითაც ჩვენი პროფესიის წარმომადგენლებს მხოლოდ მშენებლობის დაკანონებისთვის საჭირო რგოლად აღიქვამენ. გვსურს, რომ ჩვენი გამოცდილება გამოვიყენოთ არა როგორც ბიზნესის გასაფართოვებლად, არამედ ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად.

A-group-ის მიმდინარე პროექტის მშენებლობა ვაზისუბანში

Makhno Studio-ს თიხით შექმნილი პროექტი კიევში

ტატარკას ბორცვზე აღმართული სახლი – Drozdov & Partners-ის პროექტი