in

აბაზანის დიზაინის 6 მივიწყებული ტენდენცია, რომლებიც 2024 წელს ბრუნდება

თუ ძველებურ, კლასიკურ სააბაზანოებს გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ისინი ძალიან განსხვავდება თანამედროვე აბაზანებისგან. თუმცა, ძველი ტენდენციები ხშირად ბრუნდება და საკმაოდ აქტუალურიც ხდება, რაც ბოლო დროს არაერთხელ მოხდა, განსაკუთრებით მცირე ზომის სააბაზანოების შემთხვევაში.

ფაიფურის ფილები, თამამი დიზაინის შპალერები, ჩაშენებული საშხაპეები და სხვა მსგავსი დეტალები ნელ-ნელა კვლავ იმკვიდრებენ ადგილს თანამედროვე სახლებში. ასეთი ნოსტალგიური ელემენტების დამატება სივრცეში ძალიან კარგი საშუალებაა მის გასაცოცხლებლად, კონტრასტული ხასიათის შესაქმნელად და ინტერიერის გასაახლებლად. ასე რომ, თუ ეძებთ გზებს, რომ თქვენს სამზარეულოს კლასიკური და ნოსტალგიური განწყობა მიანიჭოთ, დღეს 6 ტენდენციას გაგიზიარებთ, რომლებიც ბოლო დროს კვლავ პოპულარულია.

თამამი დიზაინის შპალერი

უბრალო, თეთრი და კლასიკური შპალერები დიდი ხანია, რაც აღარ არის აქტუალური. დღეს ინტერიერის დიზაინერები თამამ ფერებსა და ტექსტურას გვთავაზობენ, რომელთა ვარიანტებიც ბაზარზე უსასრულოა. ასეთი შპალერი სახალისო გზაა აბაზანაში ნიმუშისა და კონტრასტის შესატანად და საშუალებას გაძლევთ, გამოხატოთ საკუთარი ინდივიდუალური სტილი. რეტრო სტილისა და შუა საუკუნეებით შთაგონებული შპალერები მარტივად გაზრდიან თქვენი სტუმრების ვიზუალურ ინტერესს და დაგეხმარებიან გამორჩეული სივრცის მოწყობაში.

ჩაშენებული აბაზანა

ჩაშენებული აბაზანები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არც თუ ისე მოთხოვნადი იყო, მაგრამ ბოლო დროს გაიზარდა მოთხოვნა სპას მსგავს სივრცეებზე, რაც ასეთი ელეგანტური მეთოდის გამოყენებითაა შესაძლებელი. ჩაშენებული აბაზანა ითვისებს სივრცეს და ქმნის უნაკლო ესთეტიკას. მისი თანამედროვე მოდელები გამოირჩევა დახვეწილი ხაზებითა და ინოვაციური მასალით, რომლებიც აბაზანაში საინტერესო ფოკუსურ წერტილებს ქმნის.

ტერაცოს ფილები

ტერაცო მარმარილოს, კვარცის, გრანიტის ან შუშის მასალისგან მზადდება და ბოლო დროს განსაკუთრებულ პოპულარობას იძენს. ასეთი ფილების შესაქმნელად მასალა ერთიანდება მინასთან, რის ხარჯზეც იმატებს ტექსტურას და ქმნის ძალიან ელეგანტურ დიზაინს, რომელიც განსაკუთრებით უხდება სააბაზანოს იატაკს. თანამედროვე დიზაინში ფილები გამოიყენება ნეიტრალური და ღია ფერის ინტერიერში, რაც ქმნის დახვეწილ და მარადიულ ხასიათს.

ყავისფერი აბაზანა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თანამედროვე დიზაინი სულ უფრო და უფრო ემშვიდობება კლასიკურ თეთრ და ცივ ინტერიერს და ამის ნაცვლად, აქტუალური ხდება ბუნებით შთაგონებული, თბილი, ჰაეროვანი ტონები. ყავისფერი სააბაზანო კომფორტისა და დასვენების გრძნობას აღვიძებს და მას განსაკუთრებით უხდება ტერაკოტას, ღია ხისფერი ან მომწვანო ფერის ელემენტები, რომლებიც შეგიძლიათ დაამატოთ აქსესუარების სახით. ნეიტრალური ყავისფერი იდეალური ფონია მდიდრული და მიმზიდველი ატმოსფეროს შესაქმნელად.

რეტრო სტილის კერამიკული ფილები

რეტრო აბაზანის ფილები მათი თამამი ფერებითა და გეომეტრიული ნიმუშებით, სივრცეს პიროვნულ ხასიათს და მხიარულ შეგრძნებას ანიჭებს. მნიშვნელობა არ აქვს, გამოიყენებთ მას კედლის თუ იატაკის მოსაპირკეთებლად, ორივე შემთხვევაში შეძლებთ ესთეტიკურად დახვეწილი ინტერიერის მოწყობას. განსაკუთრებით სასიამოვნოა ნეიტრალურ ფერებთან შეხამებული კერამიკული ფილები.

ანტიკური სტილის სარკეები და აქსესუარები

ანტიკვარული სტილის დანამატები, როგორიცაა აბაზანის ნიჟარა, სარკე და სხვა, ძალიან მომხიბვლელი და რომანტიკული დეტალებია. ამგვარი ნივთების დაბალანსება თანამედროვე კერამიკულ ფილებთან, საშხაპეებთან და სხვა აქსესუარებთან შექმნის ძველისა და ახლის შესანიშნავ კომბინაციას. ასეთი სტილი უდავოდ მიანიჭებს თქვენს აბაზანას მარადიულ შეგრძნებას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება.

The Ant Chair – არნე იაკობსენის საკულტო ქმნილება

ნინო ნოზაძის სახლი სოფელ კისისხევში