in

აბაზანის გამწოვი – რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის?

აბაზანაში დამონტაჟებული გამწოვი გვეხმარება ჰაერის მარტივად გაფილტვრაში, გამონაბოლქვის სახლიდან გაშვებაში, ტექნიკისა და ავეჯის ორთქლისგან დაცვაში და მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნაში, მაგრამ მისი შეძენის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ გამწოვი კარგად არ იმუშავებს, თუ არ ხდება აბაზანის რეგულარული განიავება, რადგან მისი მუშაობა პირდაპირ არის დამოკიდებული ჰაერის მიმოქცევასა და წნევაზე.

ზამთარში, როდესაც აბაზანაში უფრო თბილა, ვიდრე-გარეთ, ჰაერი ადვილად ხვდება სავენტილაციო სადინარში, თუმცა ზაფხულში, როდესაც ტემპერატურებს შორის განსხვავება უმნიშვნელოა, კვამლი და უსიამოვნო სუნი შენობაშივე რჩება, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი გამწოვის შეძენის დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი პარამეტრის გათვალისწინება.

რატომ გვჭირდება გამწოვი?

იდეალურ შემთხვევაში, როდესაც აბაზანაში გამწოვი გვაქვს, სარკეც კი არ იორთქლება. სტანდარტულ ბინაში მაღალი ტენიანობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც სააბაზანოს ნაწილში ობის გავრცელებას იწვევს, რასაც რიგი პრობლემები ახლავს თან.

თეორიულად, გამწოვი გამონაბოლქვის სახლიდან გატანაზეა პასუხისმგებელი, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას უამრავი დაცვითი ფუნქციაც გააჩნია.

რა სახის გამწოვები არსებობს?

გამწოვების სრული უმრავლესობა ფოკუსირდება სიმძლავრეზე, დიზაინსა და ხმაურის დონეზე. ამას გარდა, მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და დამატებითი ფუნქციებიც.

აბაზანის გამწოვები სამ ძირითად ტიპად იყოფა: ღერძული, ცენტრიდანული და რადიალური.

ღერძული გამწოვის შემთხვევაში, პირები ბრუნავს და ამის ხარჯზე ჰაერი მოძრაობს. ამ სახის გამწოვები განკუთვნილია პატარა ბინებისთვის და მისი მონტაჟის სპეციფიკა შედარებით მარტივია, რადგან მილების დაყენება პირდაპირ სავენტილაციო ფანჯარაში ან მსგავს ნაწილებშია შესაძლებელი.

ცენტრიდანული გამწოვი უფრო ძლიერია და მისი გამოყენება შეგიძლიათ კერძო, რამდენიმე სართულიან სახლებში. ღერძულთან შედარებით, მას თან ახლავს უფრო მეტი ხმაურიც. ასეთი გამწოვები განკუთვნილია დაახლოებით 12 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის მქონე აბაზანებისთვის და შესაძლებელია კედელში ჩაშენებაც.

რადიალურ გამწოვებს სახლებში იშვიათად იყენებენ, რადგან ისინი უფრო სახანძრო და მსგავსი სახის მოხმარებისთვის არის განკუთვნილი და უშუალოდ გამონაბოლქვზეა პასუხისმგებელი.

როგორ უნდა განვსაზღვროთ გამწოვისთვის საჭირო სიმძლავრე?

სიმძლავრე გავლენას ახდენს გამწოვის მუშაობის პროცესზე. საჭირო რაოდენობის გამოსათვლელად თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ აბაზანის ფართობი, ანუ მისი სიგრძე და სიგანე ერთმანეთზე გამრავლებული, ხოლო მიღებული შედეგი უნდა გადაამრავლოთ ჭერის სიმაღლეზეც.

მაგალითად, თუ აბაზანის ფართობი 4 კვადრატული მეტრია, ხოლო ჭერის სიმაღლე 2,65მ (სტანდარტული ჭერის სიმაღლე დაახლოებით 2,65-2,70მ-ია), ამ კოეფიციენტების გადამრავლების შედეგად ვიღებთ 10,6 კუბურ მეტრს, რომელიც უმჯობესია დავამრგვალოთ, რათა უფრო მარტივად შევძლოთ შემდგომი მოქმედებების შესრულება. ეს რიცხვი აბაზანის მოცულობას აღნიშნავს.

საშუალოდ, გამწოვმა საათის განმავლობაში ჰაერის ნაკადი 8-ჯერ უნდა გაწმინდოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი აბაზანის მოცულობა, რომელიც საბოლოო ჯამში, 11 კუბურ მეტრამდე დავამრგვალეთ, 8-ზე უნდა გამრავლდეს და მივიღებთ 88მ3/სთ-ს, რაც გამწოვისთვის საჭირო მაქსიმალურად ზუსტი სიმძლავრეა.

როგორ განვსაზღვროთ გამწოვის ხმაურის დონე?

ჩვეულებრივ, ხმაურზე და მსგავს დეტალებზე გამწოვის დამატებითი ინსტრუქციები ყველა საჭირო სახის ინფორმაციას შეიცავს, თუმცა ამ ინდიკატორზე გავლენას ახდენს გამწოვის დიზაინიც.

გამწოვის ოპტიმალური დონე აბაზანისთვის არის 25-30 დეციბელი, ამაზე უფრო ხმამაღალი მაჩვენებელი შემაწუხებელი იქნება ადამიანისთვის.

მოწყობილობის ხმაურის შემცირება შესაძლებელია მისი სიჩქარის რეგულირებით, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც გამწოვს ამ სახის დამატებითი ფუნქცია აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ დაამონტაჟოთ ხმაურის ჩამხშობი ან სხვა ხმაურის შთამნთქმელი შესაფუთი მასალა გამოიყენოთ.

რა დამატებითი ფუნქციები შეიძლება ჰქონდეს აბაზანის გამწოვს?

პირველ რიგში, გამწოვი უნდა იყოს უსაფრთხო, ამიტომ აუცილებელია, რომ ის განკუთვნილი იყოს სპეციალურად აბაზანისთვის, რადგან სამზარეულოს გამწოვები ვერ უძლებენ იმ ტენიანობას, რომელიც სააბაზანოშია.

ამას გარდა, გამწოვი შეიძლება აღჭურვილი იყოს ტენიანობის სენსორით, თაიმერითა და სხვა თანამედროვე ფუნქციებით, რომლებიც მის გამოყენებას უფრო მარტივსა და კომფორტულს გახდის.

ჩაშენებული თაიმერი ახერხებს ელექტროენერგიის დაზოგვას. იგი ისეა დაპროექტებული, რომ აბაზანაში შუქის ჩაქრობიდან 20-25 წუთში ავტომატურად თიშავს გამწოვს.

როგორია აბაზანის გამწოვის მონტაჟის სპეციფიკა?

როგორც წესი, გამწოვის ძირითადი ნაწილი მონტაჟდება სავენტილაციო სადინარში და უმჯობესია, ეს პროცესი რემონტის პერიოდში გაიაროთ, რადგან მომავალში არ მოგიწიოთ კედლის დანგრევა. ამასთან, სჯობს, რომ ელექტრო ქსელთან შეერთებისას გამწოვისთვის სპეციალური ჩამრთველი დააყენოთ, რადგან მას დიდი რაოდენობით ენერგია ესაჭიროება.

როგორია აბაზანის გამწოვის ღირებულება?

გამწოვის ღირებულება დამოკიდებულია მის დიზაინზე, სიმძლავრეზე, ხმაურზე და სხვა პარამეტრებზე, თუმცა საქართველოში მის შეძენას დაახლოებით 100 ლარის ფარგლებშიც შეძლებთ. ყველაზე ბიუჯეტური მოდელების ფასები დაახლოებით 30-40 ლარიდან იწყება და სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით იზრდება.

Arhaus – ამერიკული ბრენდი, რომელიც ავეჯს გადამუშავებული მასალით აწარმოებს

ვიზუალური ხელოვნებისა და ლანდშაფტის სიყვარულით შექმნილი სახლი-გალერეა წავკისი ველში – დედიკა ბულიას ინტერიერი