სახლში რემონტის გაკეთებისას სააბაზანოს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, რადგან ამ ნაწილში დიდია ტენიანობა და არსებობს რისკი, რომ მასალა დროთა განმავლობაში დაზიანდება. ეს განსაკუთრებით ჭერს ეხება, რადგან ორთქლი ყველაზე მეტად სწორედ ამ ადგილას ხვდება. იმისთვის, რომ სააბაზანოში ჭერის ხელახლა დამონტაჟების პრობლემა არ გაჩნდეს, აუცილებელია გაითვალისწინოთ ექსპერტების მიერ მოცემული რამდენიმე რეკომენდაცია და მასალა დიდი ყურადღებით შეარჩიოთ, რათა შედეგი იყოს არა მხოლოდ ლამაზი, არამედ მაღალი ხარისხისა და სიმტკიცის მქონე.
რემონტის დაწყებამდე ადამიანები ფიქრობენ სანტექნიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ კომფორტული აბაზანა, საშხაპე სისტემა და ნიჟარა ნამდვილად მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ჭერის საფარის გონივრულად შერჩევა. ოთახის სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებობს სპეციალური მოთხოვნები, რომლებსაც ის უნდა აკმაყოფილებდეს.
როგორი უნდა იყოს ჭერი აბაზანაში?
როგორც უკვე ვთქვით, სააბაზანოში ყველაზე მაღალია ტენიანობის დონე, რაც იწვევს ობს, ჭუჭყს და სხვა მავნე ნაწილაკებს. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ჭერის მომსახურების ხანგრძლივობასა და გარეგნობაზე. ამიტომ, იგი უნდა იყოს მდგრადი ტენიანობის მიმართ, ჰქონდეს მაღალი დონის სიმტკიცე გაჟონვისა და სხვა მექანიკური დაზიანების შემთხვევაში და იყოს ადვილად გასაწმენდი. ბოლო დროს ამ მოთხოვნებს დაემატა ეკოლოგიურად სუფთა მასალაც, რაც უზრუნველყოფს სოკოებისა და ობის მიმართ განსაკუთრებულ სიმტკიცეს და იდეალურად ერგება თანამედროვე ტენდენციებს.
ამ სტატიაში განვიხილავთ ჭერის საფარის იმ ძირითად ვარიანტებს, რომლებზეც მომხმარებლები ყველაზე ხშირად აკეთებენ არჩევანს.
გასაჭიმი ჭერი
გასაჭიმი ჭერი არის ერთგვარი სინთეზური ქსოვილი, რომელიც გაჭიმულია მთელს სიგრძეზე და დამაგრებულია სპეციალური ნაწილებით. ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ, რომ ქსოვილი შედარებით მარტივად ზიანდება და სწრაფად კარგავს იერს მაღალი ტენიანობის მქონე ოთახში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გასაჭიმი ჭერი სააბაზანოში არ უნდა გამოიყენოთ. არსებობს ე.წ ვინილის ჭერი, რომელიც გვხვდება პრიალა, მქრქალი ან სხვადასხვა ზედაპირის სახით და ქმნის ბევრად უფრო გამძლე და მტკიცე ბარიერს.
გასაჭიმი ჭერის მთავარი უპირატესობები არის ის, რომ მასალა უძლებს 100კგ-მდე წონას და წყლის ამოტუმბვა შესაძლებელია პროდუქტის შეცვლის გარეშე. ამას გარდა, აქვს საკმაოდ თხელი სტრუქტურა და არ ამცირებს ჭერის სიმაღლეს, ხოლო მის მიღმა შესაძლებელია ნაკლოვანებებისა და განათებების დამალვა. კიდევ ერთი კომფორტული უპირატესობა არის ის, რომ მონტაჟი ხდება საკმაოდ სწრაფად და არ მოჰყვება ქაოსი და არეულობა.
ცალკე უნდა აღინიშნოს ამ ტიპის ჭერის უარყოფითი მხარეებიც, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ მასალა არ არის ეკოლოგიურად სუფთა და ექვემდებარება მექანიკურ დაზიანებას, რომლის დროსაც აუცილებელია მთლიანი ქსოვილის შეცვლა.
პანელები
ეს არის საკმაოდ პოპულარული და ბიუჯეტური არჩევანი. პლასტიკური პანელები შედგება პლასტმასის ორი ფურცლისგან, რომლებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ისინი დამონტაჟებულია ალუმინის ჩარჩოზე. პანელები შეიძლება იყოს სხვადასხვა დიზაინისა და ფერის, პრიალა, მქრქალი ან ბუნებრივი საფარის იმიტაციით. ის მდგრადია ტენიანობის მიმართ და არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.
ამ ტიპის ჭერის უარყოფით მხარედ მიიჩნევენ იმას, რომ განათებების ჩართვისას გამოიყოფა გარკვეული სახის ტოქსიკური ნივთიერებები, აქვს ვიზუალურად ნაკლებად მიმზიდველი გარეგნობა და მომსახურების ვადა სხვა ჭერის საფარებთან შედარებით, მცირეა.
კერამიკული ფილები
კერამიკული ფილები კიდევ ერთი ვარიანტია აბაზანის ჭერისთვის. ფილები არ საჭიროებს ჭერის წინასწარ გასწორებას და მარტივად ფარავს უთანასწორობასა და ბზარებს. დიდია არჩევანის მრავალფეროვნებაც, ფილები შეიძლება იყოს რელიეფური, სარკისებური მოპირკეთებით, განსხვავებული ფორმებით, ტალღოვანი კიდეებითა და ნიმუშებით, პრიალა და მქრქალი. ამას გარდა, თუ ერთი კონკრეტული ფილა დაზიანებულია, ის შეიძლება შეიცვალოს მთლიანი საფარის მოხსნის გარეშე.
გასათვალისწინებელია, რომ კერამიკული ფილა ადვილად იშლება და ზიანდება და გადაბმის წერტილებში საკმაოდ სწრაფად გროვდება ჭუჭყი, რომლის მოშორებაც დამღლელი და ხანგრძლივი პროცესია.
თაბაშირ-მუყაო
სააბაზანოში ჭერის კიდევ ერთი საკმაოდ გავრცელებული არჩევანი თაბაშირ-მუყაოა. აბაზანისთვის შექმნილია მხოლოდ სპეციალური, ტენიანობისადმი გამძლე ვარიანტი, რომელიც ქმნის რამდენიმე ფენას, რათა მაქსიმალურად გაუძლოს ნებისმიერი სახის დაბრკოლებას. თაბაშირ-მუყაო საშუალებას გაძლევთ, შექმნათ ვარიაციები მსუბუქი და მრავალფეროვანი სქემებით. ის შეიძლება შეღებილი იყოს სხვადასხვა ფერებშიც. ამას გარდა, არის ეკოლოგიურად სუფთა მასალა და მალავს ზედაპირის უთანასწორობებს.
თუმცა, ითვლება, რომ თაბაშირ-მუყაოს ჭერი შესაფერისია შედარებით დიდი სივრცის მქონე სააბაზანოში, რადგან მცირე ზომის სივრცეში ის შესაძლოა ვიზუალურად ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურებოდეს, რის გამოც დიზაინერები ხშირად მასში ინვესტიციას არ გვირჩევენ.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ სააბაზანოსთვის ჭერის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, რომელთა შორის არჩევანი თქვენი ინდივიდუალური გემოვნებისა და სურვილების მიხედვით უნდა გაკეთდეს, თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ მიერ შერჩეული ჭერის საფარი უნდა გამოირჩეოდეს მაღალი სიმტკიცით ტენიანობის მიმართ, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მოთხოვნაა.