in

როგორ შევარჩიოთ შესაფერისი ადგილი კარკასული აუზისთვის?

აგარაკების არაერთ მფლობელს სურს აუზის დამონტაჟება. ყველაზე ხშირად არჩევანი კარკასის მქონე მოდელებზე კეთდება, რადგან ისინი საკმაოდ საიმედო და უსაფრთხოა, ზამთარში კი ყინვაგამძლე კონსტრუქციის დაშლა საჭირო არ არის. დღევანდელ სტატიაში შევეცდებით, აუზისთვის შესაფერისი ადგილი შეგარჩევინოთ.

ადგილის შერჩევა

უპირველესად, სწორად უნდა შეარჩიოთ ადგილი. აუზის ძირი კენჭებმა ან მცენარეების ფესვებმა არ უნდა დააზიანოს. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი კენჭი შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს, ამიტომ საგულდაგულოდ უნდა მოასუფთაოთ ტერიტორია. შეგიძლიათ, საგანგებო საფენიც გამოიყენოთ, თუმცა ეს აუცილებელი არ არის.

რა თქმა უნდა, აუზი დახრილი არ უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, საყრდენებსა და ფსკერზე დატვირთვა არათანაბარი იქნება და მისი გაფუჭების რისკი გაიზრდება. წინასწარ განსაზღვრეთ, როგორ უნდა შევიდეს წყალი აუზში და სად უნდა გაედინებოდეს. თუ თბილი წყალი მოგწონთ, მაშინ კონსტრუქცია მზიან ადგილას დაამონტაჟეთ, ხოლო თუ პირიქით — ჩრდილიანი ტერიტორია შეარჩიეთ. გარდა ამისა, რეკომენდებული არ არის აუზის განთავსება კენკრის ბუჩქთან ახლოს, რადგან ეს უკანასკნელი მწერებს იზიდავს.

ყურადღება მიაქციეთ ნიადაგს — ის ძალიან ფხვიერი არ უნდა იყოს, თორემ კონსტრუქცია დაზიანდება. წყლით სავსე აუზს დიდი წონა აქვს, ამიტომ ნიადაგის სიმკვრივე ცარიელი აუზის მიხედვით არ უნდა შეაფასოთ. თუ მთლიან ტერიტორიაზე ნიადაგი ძალიან ფხვიერია, მაშინ გირჩევთ, ზედაპირი კარგად დატკეპნოთ, დააგოთ საგანგებო ქვეშსაგები, ბოლოს კი ზედაპირი კიდევ ერთხელ გადატკეპნოთ.

სად არ უნდა დაამონტაჟოთ აუზი

  • სარდაფთან, სათავსოსთან ან საცხოვრებელ ნაგებობებთან ახლოს.
  • ხევისა და მდინარის პირთან. ფხვიერ ნიადაგზე მონტაჟისას არსებობს აუზის დაშლის საფრთხე.
  • ძველ საძირკველზე, ძველი შენობის ადგილას. წონიდან გამომდინარე, სირთულეებს ვერ ასცდებით.
  • ხეებთან ან ბუჩქებთან ახლოს. წყალში ფოთლები, ყლორტები და სხვა ორგანული ნივთიერებები მოხვდება, რაც მას დააბინძურებს. გარდა ამისა, მცენარეების ფესვებს დროთა განმავლობაში საძირკვლის განადგურება შეუძლია.

დაზიანების რისკი

არავითარ შემთხვევაში ხელით არ გააჩოჩოთ აუზი დანიშნულების ადგილამდე, რადგან მასალა შეიძლება ადვილად დაზიანდეს. კონსტრუქცია საკმაოდ დიდია, ამიტომ ამ საქმეს მარტო ნუ შეეჭიდებით.

ასევე შეეცადეთ, შეფუთვა დანით ან სხვა ბასრი საგნით არ გახსნათ. შესაძლოა, ერთმა არასწორმა ქმედებამ აუზი გამოუსადეგრად აქციოს.

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

„სუხე“ – დროსთან ბრძოლის ფილოსოფიით შექმნილი ხის პროდუქცია

ვარდისფერი სამზარეულო და საინტერესო დიზაინ ელემენტები – თეო ლორთქიფანიძის ინტერიერი ძველ თბილისში