in

აფრიკული არქიტექტურის უნიკალურობა

Alliance Group
Alliance Group

არქიტექტურაზე საუბრისა თუ ფიქრისას უმრავლესობას თვალწინ ევროპული, აზიური თუ თანამედროვე ამერიკული შენობები გვიდგება  თვალწინ – გოთიკური ეკლესიები, პარიზული აპარტამენტები, ბუდისტური ტაძრები თუ ამერიკული ცათამბჯენები დღეს ყველაზე პოპულარულ არქიტექტურულ შედევრებს წარმოადგენენ. აფრიკულ არქიტექტურაზე ბევრი არაა ცნობილი. გავრცელებული სტერეოტიპების მიხედვით, აფრიკელი ხალხი მიწის ქოხებსა და უდაბნოებში აგებულ ბანიან მიწურებში ცხვოვრობს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კულტურების მსგავსად ცნობილი არაა, აფრიკული არქიტეტურა უკვე ათასწლეულებს ითვლის – პოეტური, რომანტიკული, ფერადი, კაშკაშა,  მტკიცე და დაუფასებელი.

 

ნდებელეს სოფლები სამხრეთ აფრიკაში 

ნდებელე ქართულად ნიშნავს „ადგილს, საიდანაც ამოდის მზე“. სამხრეთ აფრიკაში, მპუმალანგას პრონვინციაში ნდებელეს ხალხს რამდენიმე სოფელი აქვს, რომელიც თავისი სახასიათო შენობებით გამოირჩევა. ბევრმა არ იცის, რომ ხელოვნება ნდებელეს ხალხისთვის მხოლოდ თავშესაქცევ საქმიანობას არ წარმოადგენს – მათი კულტურიდან გამომდინარე, ისინი ექსტერიერის გაფორმებით და გაფერადებით პატივს მიაგებენ თავიანთ წინაპრებს. შენობებზე გამოსახული ხაზებით, კვადრატებითა და სხვა ფიგურებით ნდებელეს ხალხი სიმბოლურად გამოხატავს სამყაროს სიმეტრიულობასა და პროპორციულობას. აღსანიშნავია, რომ ამ არქიტექტურულ შედევრებს ძირითადად ქალები ქმნიან – ნდებელეს ტრადიციის მიხედვით, ცოლს საშუალება ეძლეოდა, სახლის გარეთა ფასადის მოხატვით გამოეხატა საკუთარი თავი და ინდივიდუალობა. სწორედ ქალის გამოყენებულ ფერებსა და პატერნებზე იყო დამოკიდებული მისი ღირებულება საზოგადოებისთვის – რაც უფრო გამორჩეული იყო სხვებისგან, მით უფრო მეტად ძვირფასი იყო ის სოფლისთვის. ექსტერიერთა ორნამენტები წინასწარ იგეგმება, თუმცა ხელით იქმნება, რაც წარმოუდგენელ ძალისხმევასა და კონცენტრაციას მოითხოვს – ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე გამოსახული შენობებიდან თითოეული მათგანი ხელითაა მოხატული, ყოველივე დამატებითი ხელსაწყოს გარეშე.

 

 

მუსგუმთა ტალახის  ქოხები

მუსგუმები კამერუნის ჩრდილოეთ ნაწილში ბინადრობენ. მათი საცხოვრებელი სახლები, მიწის ქოხები, სხვადასხვა ფორმებისაა – მაღალი, გუმბათოვანი შენობებიდან დაწყებული კონუსური ფორმის სახლების ჩათვლით, აქ კონსტრუქციის მრავალ ვარიაციას ვხვდებით. ზოგი ქოხი ამოტრიალებული V ასოს ფორმისაა, ზოგი კი მკაცრი გეომეტრიული დიზაინის მქონეა. ადგილობრივი მოსახლეობა ქოხებს ტალახით, ჩალით, ლერწმითა და წყლით აშენებს, სულ  რამდენიმე , ხელით გამოსაყენებელი იარაღის გამოყენებით. ქოხებს მარტივი სტრუქტურა აქვთ, თუმცა, სწორედ მათ სიმარტივეში იმალება გენიალურობა – მათი აშენება იაფი ჯდება და , ამასთან ერთად, ტალახის ქოხი ეკოლოგიურად სუფთაა ცემენტისგან აგებული სახლებისგან განსხვავებით, რომლებიც ჰაერში ნახშირორჟანგის გამოყოფას უწყობს ხელს. არქიტექტორი რონალდ რაელის თქმით, მუსგუმთა ტალახის ქოხები ჯაჭვური ხაზის ფორმისაა, რომელიც იდეალური მათემატიკური ფორმაა. არქიტექტორები დღემდე აღტაცებულები არიან იმ ფაქტით, რომ მუსგუმები მინიმალური რაოდენობის მასალითა და იარაღებით, ყოველგვარი ტექნიკის გარეშე აგებენ ისეთ სახლებს, რომლებიც ჯაჭვურ კომპოზიციას ინარჩუნებს და ისეთი მტკიცეა, რომ უძლებს როგორც ამინდის ცვლილებებს, ასევე დროის სვლას.

 

დოგონების არქიტექტურა მალიში

დოგონები მალიში მცხოვრები ხალხია, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში თავიანთი უნიკალური მშენებლობის სტილი შეიმუშავეს. მათი სოფლები ბანდიაგარას კლდეზეა გაშენებული, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი და თავის მხრივ ბუნების ხელოვნების შედევრია. დოგონები აქ   XV საუკუნეში გადმოსახლდნენ და კლდის ბუნებრივი გამოქვაბულების  საცხოვრებლად გამოყენება დაიწყეს, რომელიც საუცხოო თავშესაფარს წარმოადგენდა უცხო ტომის ხალხებისგან, ცუდი ამინდისა თუ ცხოველებისგან. დროთა განმავლობაში მათი არქიტექტურა განვითარდა და მათ კლდის ირგვლივ დაიწყეს მიწისა და ქვის ქოხების მშენებლობა. დოგონებში ქვის ქოხები უფრო პოპულარულია, რადგან ბანდიაგარას კლდის გარშემო ბევრად უფრო ფხვიერი და ქვიანი ნიადაგი გვხვდება, ვიდრე , მაგალითად კამერუნში, სადაც მუსგუმები ტალახითაც მყარ სახლებს იშენებენ. ქვით მშენებლობა ბევრად უფრო ძვირიანია, სამუშაო პროცესი კი ბევრად რთული – ჯერ იგება ქვის კონსტრუქცია, კედლები , შემდეგ კი ქვებს შორის დარჩენილი ნაპრალები მიწით ივსება. ხშირად დოგონები კედლებსაც მიწით ფარავენ საცხოვრებლის წვიმისგან დასაცავად, ქოხების ხისგან დამზადებული ბანის ტიპის სწორ სახურავებთან ერთად. ბოლო ეტაპი ქოხის კონუსის ფორმის ლერწმისა და ჩალის შეკრული და დაწნული კონებით გადახურვაა, რომლის წყალობითაც შენობა ერთდროულად დაცულიცაა და , ამავდროულად, სუნთქავს.

 

 

ნუბიური არქიტექტურა

ნუბიელები ეგვიპტის სამხრეთ ნაწილსა და სუდანში მცხოვრები ხალხია, რომლებიც არაბებთან ასიმილაციამდე მდინარე ნილოსის ნაპირებზე ბინადრობნენ. მათი წვლილი აფრიკულ არქიტექტურაში უბადლოა. ამას ის ფაქტიც უსვამს ხაზს, რომ სუდანში 200-255 პირამიდაა, ეგვიპტეში კი -138. თანამედროვე ნუბიური არქიტექტურის პატარა, თუმცა მშვენიერ ნიმუშს წარმოადგენს მდინარე ნილოსზე გაშენებული ანაკატოს ნუბიური სახლები. ამ არეს უკან საჰარის უდაბნო ემიჯნება, წინიდან კი – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი და სათაყვანო მდინარე. ანაკატოს ნუბიური სახლების რეალურობის ერთი ნახვით შეიძლება ვერ ვირწმუნოთ – ქვიშიან გარემოში საოცარი დისონანსი შემოაქვს ტალახით აგებულ, ბრწყინვალე, კაშკაშა გეომეტრიული ფიგურებით აჭრელებულ შენობებს, რომლებიც ღრმად იჭრება მდინარეში და დაუჯერებელ სანახაობას ქმნის.

 

 

აფროფუტურიზმი

მართალია, ფუტურიზმი ევროპული მიმდინარეობაა, თუმცა მან გამოძახილი აფრიკულ არქიტექტურაშიც ჰპოვა. მკვეთრი, ძლიერი მონახაზები, გამოკვეთილი ბასრი კუთხეები, სწორხაზოვანი კონსტრუქცია – ეს ის დეტალებია, რომლებიც აფროფუტირიზმს მსოფლიო არქიტექტურის რუკაზე საპატიო ადგილი მოუნიშნა. მიმდინარეობამ, რომელიც თავდაპირველად ხელოვნების უარყოფის იდეის საფუძველვე შეიქმნა, აფრიკის სხვადასხვა ლოკაციაზე ისეთი არქიტექტურული შედევრები დაუტოვა კაცობრიობას, რომლებიც ხელოვნებას განვითარების კიდევ უფრო მაღალ დონეზე აჰყავს.

10 ონლაინ მაღაზია თბილისში, სადაც სარემონტო მასალის შეძენას შეძლებთ

ვილა რისირანტა – ბუნებასთან თანამშრომლობის უნიკალური მაგალითი